ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების გენერლის განცხადებით, დასავლური სახელმწიფოები უკრაინის სამხედრო თვითმფრინავებით მომარაგებას განიხილავენ. მოცემული დროისთვის კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერჯერობით მიღებული არ არის.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერლის, ჩარლზ ბრაუნის ინფორმაციით, ქვეყნები უკრაინისათვის სხვადასხვა სახის, ამერიკული, შვედური, ფრანგული ან ევროპული კონსორციუმის, Eurofighter-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავენ.
ამერიკელმა გენერალმა დამატებით აღნიშნა, რომ უკრაინისათვის გადაცემული თვითმფრინავები დიდი ალბათობით არ იქნება საბჭოთა წარმოების საფრენი აპარატი. მისი განმარტებით, საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავების ნაწილების მოძიება დიდ სირთულეს წარმოადგენს.
გენერალ მარკ მილის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს უკრაინელი პილოტების წვრთნის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა ეს შესაძლებლობა განიხილება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა დასავლელი პარტნიორებისაგან მოიერიშე და გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემას დიდი ხანია ითხოვს. თუმცა საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება მხოლოდ რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ შეძლო. არასაბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა უკრაინელების უპირატესობას ჰაერში მნიშვნელოვნად გაზრდის.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინას ომის დაწყებიდან დღემდე 7.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა. აღნიშნულ დახმარებაში ათასობით ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო დანადგარი, ასობით კამიკაძე დრონი, რამდენიმე რუსული ვერტმფრენი და სარაკეტო სისტემა HIMARS-ი შედის.
დატოვე კომენტარი