აშშ-ის მხარდაჭერილი ოპოზიციისა და მადუროს მთავრობას შორის მოლაპარაკებების გაგრძელების წახალისების მიზნით, შეერთებული შტატების მთავრობა ვენესუელისთვის დაწესებული რამდენიმე ეკონომიკური სანქციის შემსუბუქებას გეგმავს.
Associated Press-თან გაკეთებულ განცხადებაში ორი ამერიკელი ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნაბიჯით Chevron Corp-ს სახელმწიფო ნავთობკომპანია Petroleos de Venezuela-სთან სალიცენზიო საკითხებზე მოლაპარაკების შესაძლებლობა დაუბრუნდება. თუმცა ვენესუელური ნავთობის მოპოვების ან ექსპორტის უფლება კვლავ შეზღუდული იქნება.
გარდა ამისა, აშშ სანქცირებული პირების სიიდან სახელმწიფო ნავთობკომპანიის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირისა და ვენესუელას პირველი ლედის ძმისშვილის ამოღებასაც აპირებს.
აღნიშნული ნაბიჯების გადადგმის გადაწყვეტილება შეერთებულმა შტატებმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარტში პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მადუროს შეხვდნენ. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ცენტრალურ ამერიკაში ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციურ კოალიციას შორის შეხვედრებიც გაიმართა.
მიუხედავად ამისა, ქვეყნის გენერალური პროკურორი, პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელი და კიდევ 140-ზე მეტი სუბიექტი ვენესუელას ცენტრალური ბანკის ჩათვლით კვლავ სანქცირებულთა შორის დარჩებიან. გარდა ამისა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი კვლავ განაგრძობს ვენესუელის მთავრობასა და Petroleos de Venezuela-ს შორის აშშ-ს ფინანსური ბაზრების გამოყენებით ტრანზაქციების აკრძალვას.
დატოვე კომენტარი