მაშინ როდესაც „ფორმულა 1“ ლას-ვეგასის გრან-პრისთვის ემზადება, კანადელმა მილიარდერმა ლოურენს სტროლმა Aston Martin-ის F1-ის გუნდის წილი ამერიკულ კერძო საინვესტიციო ფირმა Arctos Partners-ს მიჰყიდა. Arctos-ის ინვესტიცია F1-ის გუნდს დაახლოებით $1.2 მილიარდად აფასებს.
ამერიკული Arctos-ი უახლესი შენაძენის გარდა, წილს Boston Red Sox-ისა და საფეხბურთო კლუბ Liverpool-ის მფლობელ Fenway Sports Group-შიც ფლობს. სტროლისთვის კი ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მან F1-ის გუნდში, რომლის ერთ-ერთი პილოტიც მისივე შვილია, წილი გაყიდა. გუნდის პირველი პილოტი ფერნანდო ალონსოა, რომელიც სატურნირო ცხრილში ამჟამად მეოთხე პოზიციას სჯერდება. ცნობისთვის, კანადელი მილიარდერი მდიდრული მანქანების ბრიტანული მწარმოებელი Aston Martin Lagonda Global Holdings Plc-ის უმსხვილესი აქციონერიცაა.
Aston Martin-ის გუნდის მიერ გავრცელებული განცხადებით, სტროლსა და Arctos-ს შორის მიღწეული შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფორმულა 1“-ის პოპულარობის ზრდის კიდევ ერთი მანიშნებელია. სწორედ სპორტის პოპულარობის მატებისა და გარკვეულწილად ხარჯების შემცირებით გავლენით, F1-ის გუნდების ღირებულება, სტროლის შეფასებით, ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა.
ლას-ვეგასი რიგით მესამე გრან-პრია, რომელიც მიმდინარე სეზონზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამისა და ოსტინის რბოლების შემდეგ გაიმართება. აშშ-ში F1-ის მარკეტინგის მიმართულებით ინვესტიციები კი განსაკუთრებით 2017 წელს, „ფორმულა 1“-ის Liberty Media Corp-ის მიერ შესყიდვის შემდეგ გაიზარდა.
პარალელურად კი, სხვა სპორტის სახეობების მსგავსად, F1-ში მზარდია ინტერესი ისეთი ახლოაღმოსავლეთელი ინვესტორების მხრიდან, როგორიც, მაგალითად, საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდია.