ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური ფირმა AstraZeneca, გლობალურად, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების უკან გაწვევას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, ბაზარზე ახალი ვაქნების გამოჩენამ, რომელიც Covid-ის სხვადასხვა სპეციფიკურ ვარიანტებზეა მორგებული, AstraZeneca-ს მიერ წარმოებულ Vaxzervria-ზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.
„პანდემიის ბუმის შემდეგ, COVID-19-ის მრავალი ახალი ვარიანტი გაჩნდა, რომელთა წინააღმდეგაც განახლებული ვაქცინები შეიქმნა. ვაქცინების ჭარბი მიწოდების შედეგად, Vaxzervria-ზე, რომლის წარმოება და მიწოდებაც უკვე აღარ ხდება, მოთხოვნა მკვეთრად დავარდა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში, AstraZeneca-მ, ნებაყოფლობით, ევროკავშირში ვაქცინებზე მარკეტინგული ავტორიზაციის მოხსნაზეც გააკეთა განცხადება.
Vaxzevria „ოქსფორდის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით შეიქმნა და Covid-19-ის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი პირველი ვაქცინაც იყო, რომელიც პანდემიის პირველ დღეებში გამოჩნდა ბაზარზე. არსებული მონაცემებით, ჯამში, გლობალურად სამ მილიარდზე მეტი დოზა იქნა მიწოდებული, მხოლოდ პანდემიის პირველ წელს კი AstraZeneca-ს ვაქცინამ 6.5 მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა.
მიუხედავად ვაქცინის კლინიკურად დამტკიცებული უსაფრთხოებისა და ეფექტიანობისა, ბოლო პერიოდში მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი თანამდევ ეფექტებზეც ალაპარაკდა. მათი ჩივილით, AstraZeneca-ს ვაქცინა სისხლის შედედებას იწვევს, რაც ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამაც დაადასტურა. კვლევის თანახმად, სისხლის შედედების შემთხვევები „იშვიათია“, თუმცა შესაძლოა ორგანიზმისთვის „დამანგრეველი“ აღმოჩნდეს.
Covid-ის ვაქცინების გარდა AstraZeneca სხვადასხვა დაავადების, მათ შორის კიბოს სამკურნალო პრეპარატების შექმნაზეც მუშაობს. მარტში კომპანიამ კლინიკური სტადიის ბიოფარმაცევტული კომპანიის, Fusion Pharmaceuticals-ის შეძენაც დააანონსა.