ასუანის კაშხალთან, იქ, სადაც ერთ დროს ნილოსი დიდებული ცივილიზაციის აკვანში ჩაედინებოდა, არის ერთი თვალწარმტაცი ადგილი, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თავის საცხოვრებლად აირჩია.
არც კი ვიცი, როგორი იყო ჩემს წარმოდგენაში სამყაროს დასასრული, მაგრამ რასაც ახლა ვხედავდი, მას ნამდვილად არ ჰგავდა. ჩემ წინ მიედინებოდა მდინარე – მშვიდი და ვერცხლისფერი. დინების შუაგულში მდებარე კუნძულის მწვერვალზე 5,000 წლის წინანდელი ნასახლარის კირქვის ნანგრევები მოჩანდა, ხოლო მათ უკან მთის ქედზე მეშვიდე საუკუნის აგურით ნაშენები მონასტერი და ვარდისფერი გრანიტის საფლავი წმინდანისა, რომელიც 1957 წელს გარდაიცვალა. გაღმა კი მხოლოდ უსასრულო ოქროსფერი ქვიშა მოჩანდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ასუანში – სამყაროს დასალიერში.
ძველი ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელები ასუანს იმპერიის სამხრეთ საზღვრად მოიაზრებდნენ. მათთვის ასუანი ცივილიზაციის ბოლო ზღვარი გახლდათ. ამ ზღვარს იქით იყვნენ ბარბაროსები, წესრიგის დამრღვევები, უცნაური ჟღერადობის ენები, კიდევ უფრო უცნაური წეს-ჩვეულებები, გარეული ცხოველები და ხრიოკი უდაბნო. აჰ! ოქრო და სპილოს ძვალიც. ვის უნდა ნდომოდა ამ ზღვარს იქით წასვლა? ყოველ შემთხვევაში ძველ ეგვიპტელებს, ბერძნებსა და რომაელებს ნამდვილად არ სურდათ ამ საზღვრის გადაკვეთა, თუ ამის აუცილებლობა არ იყო. ეგვიპტელებმა იცოდნენ, რომ ნილოსი სათავეს სადღაც შორს იღებდა და სამხრეთით მიედინებოდა. მათ იქ ციხესიმაგრეები და ტაძრები ჰქონდათ აშენებული. ამისდა მიუხედავად, ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით, ნილოსი ქალაქის ნაპირას მდებარე გამოქვაბულიდან მოედინებოდა და მას ჰერმოფროდიტი ღმერთი ჰაპი სდარაჯობდა. ძველი ეგვიპტელებისათვის წარმოუდგენელი იყო ამ ადგილის დატოვება.
ასუანის უძველესი სახელწოდება “სვენეთი” სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “ვაჭრობა”. აქ ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა, რასაც თქვენი გული მოისურვებდა. საქონელი ძირითადად საჰარიდან და მისი შემოგარენიდან შემოჰქონდათ. აქ საუკეთესო ეთიოპიელი და ნუბიელი მონებით ვაჭრობდნენ. იმ დროს ასუანი წარმოადგენდა ყველაფერს, რასაც სასაზღვრო ქალაქისაგან შეიძლება ელოდე. ლუქსორს, ასობით მილის მოშორებით მდებარე ამ სიცოცხლითა და პრობლემებით აღსავსე ქალაქს ხელისუფლება ვერ მართავდა.
ანტიკურ ხანაში ასუანში სტუმრობა სულაც არ იყო სასიამოვნო, მით უმეტეს – იქ დარჩენა. როდესაც მსოფლიოს ერთ- ერთმა ყველაზე ძლევამოსილმა ადამიანმა – იმპერატორმა ადრიანემ მოისურვა სატირული პოეტის იუვენალის დადუმება, მას არც ენის მოჭრა უცდია მისთვის და არც თვალების დათხრა. იმპერატორმა ადრიანემ იუვენალი ალექსანდრიიდან 600 მილის მოშორებით მდებარე ქალაქ ასუანში გადაასახლა. ჩვენს დროში ასუანი მოიაზრება როგორც ადგილი, რომელსაც გზად გაივლით მდინარე ნილოსზე კრუიზის დროს. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც ღირს აქ შეჩერება. ამ მიზეზებს ისიც დაემატა, რომ აქ არის საკმაოდ კარგი სასტუმრო, სადაც გაჩერება შეიძლება. სასტუმრო “ძველი კატარაქტი” (Old Cataract) 1898 წელს გაიხსნა, როდესაც ეგვიპტე ოფიციალურად სუვერენული სახელმწიფო გახდა, მაგრამ დამოუკიდებლობისაგან ჯერ კიდევ შორს იყო. როგორც ოსმანეთის იმპერიის ნაწილს, მას ჯერ კიდევ ბრიტანეთის სახელმწიფო მოხელეები მართავდნენ. ბრიტანეთის ჯარი განლაგებული იყო კაიროს ყაზარმებში, სუეცის არხის გასწვრივ და კიდევ ბევრ ადგილას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბრიტანელი ოფიცრებისაგან შემდგარი ე.წ. “აქლემის კორპუსი” ასუანის გარშემო მდებარე უდაბნოს აკონტროლებდა. ეგვიპტის მთავრობაში მინისტრთა თანამდებობები ბრიტანელ ჩინოვნიკებს ეკავათ. ათასობით ბრიტანელი ტურისტი ჩამოდიოდა ნილოსზე სამოგზაუროდ. სასტუმრო მუდმივად სავსე იყო ჩამოსული სტუმრებით, ადგილობრივი თანამდებობის პირებითა და John Aird&Co-ის თანამშრომლებით. ეს იყო კომპანია, რომელმაც იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი წამოიწყო – ასუანის კაშხლის მშენებლობა.
წითელფასადიანი სამსართულიანი შენობა მდინარის შავი გრანიტით მოპირკეთებულ ნაპირას იყო განლაგებული. სასტუმრო მავრიტანულ სტილში იყო გაფორმებული: ხის აივნებით, მზის ჩასვლის საყურებლად მიშენებული გადახურული ტერასებითა და მაღალჭერიანი გრანდიოზული სასადილო დარბაზით, რომელიც ყოველდღიური კვების აუცილებლობას გარკვეულ ბრწყინვალებას მატებდა. მას შემდეგ ამ სასტუმრომ ბევრი აღმავლობა და დაცემა ნახა. 1920 წელს ტუტანხამონის საფლავის აღმოჩენის შემდეგ, სასტუმრო მუდამ სავსე იყო სტუმრებით. 1960-იანი წლების ტურისტული ბუმის პერიოდში სასტუმროს დაემატა ახალი ფრთა, რომელსაც “ახალი კატარაქტი” უწოდეს. 1980 წლისათვის სასტუმროს ორივე ფრთა ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასუანში სტუმრობისას პოლკოვნიკმა კადაფიმ არჩია, სასტუმროს ბაღში საკუთარი კარავი გაეშალა და იქ დარჩენილიყო. საუკუნის დასაწყისში ყოფილმა პრეზიდენტმა მუბარაკმა სასტუმროს განახლება მოითხოვა. განახლებული სასტუმრო 2011 წელს ახალი სახელწოდებით – Sofitel Legend Old Cataract Aswan-ით გაიხსნა.
და აი, მეც სწორედ იქ ვიდექი – ახალი სასტუმროს ზედა სართულზე და გავცქეროდი სამყაროს დასალიერს. მაგრამ ეს ადგილი ძალზე ლამაზი და სანახაობრივია იმისათვის, რომ რამის დასასრული იყოს. გორაკის მწვერვალზე მდებარე მოვზოლეუმში აღა-ხანია დასვენებული. ის საკმაოდ მოზრდილი ტანის მამაკაცი გახლდათ, რომელსაც რამდენიმეჯერ მისი წონა ბრილიანტი და ოქრო გადაუხადეს, რის შემდეგაც აღა-ხანი დედამიწის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა. მას ბევრ ქვეყანაში ჰქონდა სახლები, მაგრამ თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები ასუანში გაატარა. აქაური კლიმატი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. აქ ტენიანობა ნულს უტოლდება და თუმცა ზაფხულობით ძალიან ცხელა, ზამთარი ყოველთვის ზომიერად თბილია. შესაძლოა აღა-ხანმა აქ ცხოვრება გადაწყვიტა ასუანის ყველაზე გასაოცარი ღირსების გამო: ეს არის სინათლის ხარისხი.
ასუანში სტუმრობისას მე გავჩერდი 1960 წელს აშენებულ სასტუმრო “ახალი კატარაქტის” ე.წ. “ნილოსის ფრთაში”. განსხვავებით სასტუმროს ძველი ფრთისაგან, ამ ნაწილში სისუფთავისა და სიახლის ატმოსფერო სუფევს. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ხედი გახლავთ: ძველი შენობის, ბაღის, აუზის, ნილოსის, ძველი ასუანის ნანგრევების, აღა-ხანის მავზოლეუმისა და ქვიშის საფარის, რომელიც უდაბნოს დასაწყისს გვამცნობს და ეს ყველაფერი გასაოცარი სინათლის ფონზე მოჩანს.
მაგრამ ასუანში არის გაცილებით მეტი, ვიდრე ადგილობრივი სასტუმრო და სწორედ ამის სანახავად მივიჩქაროდი ლიფტისაკენ დილის 6 საათზე. მუჰამედ არაბი უკვე მელოდებოდა. ასუანელი ორნიტოლოგი დაბალი ტანის, ოდნავ ჩამრგვალებული, ცოტათი გამელოტებული, მაგრამ მაინც სიმპათიური და საოცრად ენაწყლიანი პიროვნება გახლავთ. ქვემოთ მისი ნავი გველოდა. “ყველა ეს ნავი ჩემია”, – თქვა მუჰამედმა და ხელით მანიშნა მდინარის ნაპირას ჩამწკრივებულ ნავებზე. ჩვენ ერთ-ერთში ჩავსხედით და დინებას გავუყევით.
ნილოსის მრავალი მონაკვეთია ლამაზი, მაგრამ არსად არ არის ისეთი მშვენიერი, როგორიც ასუანში. ნილოსიდან ასუანის არაჩვეულებრივი ხედი იშლება. ჩვენ დინებას ქვევით დავუყევით. მარჯვნივ მოჩანდა ქალაქის გრძელი პორტი, წყალში მოტივტივე ცარიელი სასტუმროები და მათ უკან ჩამწკრივებული არაბული ბაზრობებით გარშემორტყმული სახლები და საოფისე შენობები. ჩვენ მარცხნივ, ელეფანტინის კუნძულზე, მოჩანდა ათასფრად შეღებილი ნუბიური სახლები, უფრო მოშორებით კი ოქროსფერი ქვიშის დაქანებული ზოლი პირდაპირ მდინარის ნაპირს უერთდებოდა. სადაც ქვიშა და მდინარე ხვდება ერთმანეთს, იქ ლერწმის ფოჩები მოჩანდა. მუჰამედ არაბი შეუდგა ჩემთვის ფრინველების – ოფოფების, მწვანე ბეღურების, მდინარის იხვის, თეთრი ყანჩების, ჩიქვის, ყანჩის ალკუნისა და პრიალა იბისის – ჩვენებას.
ჩვენი ნავი მდინარის დინებას ზევით გაუყვა. გავცდით სასტუმროს, მავზოლეუმსა და პატარა კუნძულებს მდინარეში. ზოგიერთ მათგანზე სახლები იყო წამოჭიმული, ზოგან კი მდინარის მიერ მოტანილი მიწის ქანები აღიმართებოდა. რაც უფრო გახშირდა წყლის მცენარეები და ბუჩქები, მით უფრო იმატა ფრინველებმა. შავი ძერები ქვიშაზე დაეშვნენ, ფრთები გაშალეს და დილის მზეს მიეფიცხნენ. ერთი მშვიდი და ძლიერი ეგრეტი გვაკვირდებოდა, როგორ მივცურავდით ჩანჩქერის იმ მონაკვეთისაკენ, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ამ ადგილს.
ნილოსს ძალზე იოლი მისია აკისრია. თავისი დინებით იგი ქვიშაქვისა და კირქვის ქანს აპობს. ასუანი კი გრანიტის რიფზეა განლაგებული და ნილოსი ვერ ახერხებს იქ შეჭრას, სამაგიეროდ კლდიანი ქანებისა და პატარა კუნძულების გარშემო მიედინება. ასუანი ამ სანაოსნო მდინარის ბუნებრივი ბარიერია და სწორედ ამ მიზეზით იქცა იგი ქვეყნის სასაზღვრო ქალაქად.
მე-19 საუკუნისათვის ეს დაბრკოლება უკვე გადალახული იყო: როდესაც მდინარეში წყალი ადიდდებოდა, ადგილობრივები თოკით ჩააბამდნენ ნავებს და, სწრაფი დინების მიუხედავად, მგზავრები ასე გადაჰყავდათ. კაშხლის მშენებლობა უკვე დაწყებული იყო, როდესაც ასუანში სასტუმრო გაიხსნა. “კატარაქტის” ძირითადი ნაწილი კაშხლის უკან, წყალში ჩაიმარხა, ასევე წყალქვეშ აღმოჩნდა კუნძულ ფილეს უძველესი ტაძარი. ფილეს ტაძარში მოხვედრა ბრიტანელების მიერ აშენებული ძველი კაშხლის ნაპირიდანაა შესაძლებელი. რამზეს II-ის ტაძრის ნანგრევები ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც აბუ-სიმბელში მდებარეობს, რაც ასუანიდან სამხრეთით ოთხი საათის სავალია მანქანით და ნახევარი საათი – თვითმფრინავით. მაგრამ არანაკლებ გასაოცარი და სანახაობრივია ფილეს ტაძრის კომპლექსი, რომელიც აგურ-აგურ გადაიტანეს წყლის ზემოთ მოქცეულ მეზობელ კუნძულზე. კუნძულის ლანდშაფტი ტაძრის ფორმას მიამსგავსეს და თავად ტაძარიც იქ გადაიტანეს. მშენებლობა 30 წლის წინ დასრულდა, მაგრამ ტაძრის აგურებს დღესაც ამჩნევია მუშების მიერ მიწერილი ციფრები. ფილეს ტაძარი იყო ეგვიპტეში აშენებული ერთ-ერთი უკანასკნელი წარმართული სალოცავი. მისი მშენებლობა ბოლომდე დასრულებული არ იყო, როდესაც რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ ჩვენი წელთაღრიცხვით 200 წელს მშენებლობის შეჩერება ბრძანა. მაგრამ ტაძრის შემორჩენილი ნანგრევები მაინც ძალზე შთამბეჭდავია მრავალი თვალსაზრისით. ერთ-ერთი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ტაძარზე შემორჩენილია ეგვიპტეში უკანასკნელად ამოტვიფრული იეროგლიფი. გარდა ამისა, ტაძარი აშენდა ქალღმერთ ისისის პატივსაცემად. ჩემი განსაკუთრებული ინტერესი კი ტაძრის შემდგომმა ისტორიამ გამოიწვია. ჩვენი წელთაღრიცხვით 391 წელს რომის იმპერატორმა გასცა ბრძანება, ყველა წარმართული ტაძარი გაეუქმებინათ. თუმცა ასუანი იმდენად შორს იყო განლაგებული, რომ წარმართული რიტუალები აქ კიდევ 150 წლის განმავლობაში ტარდებოდა. მოგვიანებით ასუანში შეაღწიეს ეგვიპტელმა ქრისტიანებმა და ტაძრის ერთ-ერთი დარბაზი ქრისტიანულ ეკლესიად აქციეს. კავშირი თითქოსდა ჯეროვანია: 1850 წლის ერთ დილას ფლორენს ნაითინგეილი ტაძრის ზედა დარბაზს ესტუმრა და ძალზე ბევრი მსგავსება შეამჩნია ქალღმერთ ისისსა და ღვთისმშობელ მარიამს შორის. ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია ის გარემოება, რომ ტაძრის კედლებზე თავისი კვალი დატოვეს ბედუინებმა და სამხრეთიდან ჩამოსულმა ვაჭრებმა, ნაპოლეონის არმიამ და კოღოებისაგან დამცავი ბადის შემქმნელმა – ბატონმა ლევინიემ.
ფილეს ტაძარი მდებარეობს ბრიტანელების მიერ ერთი საუკუნის წინ აშენებულ კაშხალსა და 1960 წელს აშენებულ ასუანის მაღალ კაშხალს შორის მდებარე პატარა ტბაზე. ასუანის მაღალი კაშხლის ზემოთ ნასერის ტბაა. სწორედ იქ გავემართე წარმოშობით ბრიტანელ ტიმ ბაილისთან ერთად, რომელმაც ჯერ მრავალი წელი გაატარა კენიის საფარაში და შემდეგ ნასერის ტბაზე ანკესით სათევზაო ტურების მოწყობით დაკავდა. “თევზაობისათვის აქ არაჩვეულებრივი პირობებია – ჯერ მარტო ნილოსის დიდი ქორჭილა რად ღირს! მაგრამ აქაურობა მხოლოდ თევზაობისათვის როდია მშვენიერი. აქ უბრალოდ ყოფნაც კი გასაოცარი გამოცდილებაა”, – მითხრა ტიმმა. ეს ფრაზა მართლაც დროული იყო, რადგან სწორედ ამ დროს ჩვენი ნავი უდაბნოთი გარშემორტყმულ ერთ-ერთ ყურეში იყო გაჩერებული და ჩვენც გემრიელად შევექცეოდით ლანჩს. პეიზაჟი ძალიან უცნაური და ცოტა არ იყოს არაამქვეყნიურიც კი იყო. როდესაც წყლით დაფარულ ბორცვებს ვუყურებდი, უცებ წარმოვიდგინე, რომ ტალღების ქვეშ ნუბიური სოფლები იყო მოქცეული. გაშტერებული შევცქეროდი წყალს და ვფიქრობდი გიგანტურ ქორჭილასა და კიდევ უფრო დიდ ნილოსის ნიანგებზე. სასტუმროში მზის ჩასვლისთვის დავბრუნდი.
ბევრ ცნობილ ადამიანს დაუწერია ასუანის ხედის შესახებ შებინდებისას, მათ შორის – ახალგაზრდა ჩერჩილს, რომელიც ომდურმანის ბრძოლიდან ბრუნდებოდა. ჩერჩილი შეძრა ბრძოლის დროს დაღვრილმა სისხლმა. თავის ჩანაწერებში იგი აღწერდა, როგორ აკვირდებოდა წითლად დალაქავებულ მდინარეს მზის ჩასვლისას და როგორ დაიცალა იგი თანდათან სიცოცხლისაგან სიბნელის დადგომასთან ერთად.
ერთ დღეს უდაბნოში აქლემით გავემგზავრე წმინდა სიმონის მონასტრის მოსანახულებლად და შემდეგ ფეხით გავისეირნე ახლომდებარე ნუბიურ სოფელში. მომდევნო დღეს ბაზრობა მოვინახულე, სადაც ძველი ხიფთანი და გამხმარი ჰიბისკუსის ყვავილები ვიყიდე ეგვიპტური კარკადეს ჩაის დასაყენებლად. კიდევ შევიძინე გამხმარი პალმის ტოტების ჩარჩოში ჩასმული სარკე. აბუ-სიმბელის დიდებული სალოცავი ადრე რომ არ მქონოდა ნანახი, აუცილებლად იქაც გავემგზავრებოდი და ლანჩისთვის უკან დავბრუნებასაც შევძლებდი.
ნაშუადღევს ძირითადად მდინარის პირას აუზში ვცურავდი, გამაჯანსაღებელ სპაში ვნებივრობდი და მდინარეში ვცურავდი ნავით. მე გავიცანი ბევრი ეგვიპტელი და ნუბიელი – ქრისტიანიც და მუსულმანიც. მოვინახულე 2,000 და 500 წლის წინანდელი ნანგრევები და შენობები. ჩემი იქ ყოფნის ბოლო საღამოს სადილად გავეშურე 1902 წელს აშენებული სასტუმრო “კატარაქტის” რესტორანში. “მე მიყვარს სასტუმრო “რიცი”, – მითხრა ქალბატონმა, რომელიც ჩემზე წინ შევიდა სასტუმროში. და იგი არ შემცდარა: აქაურ შეფ-მზარეულს საფრანგეთში ჰქონდა გავლილი კულინარიული სკოლა. კერძები ძალზე დახვეწილი და არაჩვეულებრივად მომზადებული იყო – ერთ-ერთი საუკეთესო ეგვიპტეში. სადილის შემდეგ ნამდვილი სანახაობა მელოდა – ჩემი აივნიდან მთვარის შუქზე მოჩანდა უძველესი ნანგრევები, აღა-ხანის მავზოლეუმის სილუეტი, შუქი სანაპირო კაფეებიდან, ფელუკას მოტივტივე სახლი და ისტორიული მდინარე, რომელიც სამყაროს დასალიერის მიჯნაზე მიედინებოდა.
დატოვე კომენტარი