ებრაული ბიბლია, რომელიც მსოფლიოში უძველესი, თითქმის დასრულებული ეგზემპლარია, ნიუ-იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე მაისში გამოჩნდება. სააუქციონო სახლის განცხადებით, მისი ფასი $30 მილიონიდან $50 მილიონამდე იქნება განსაზღვრული.
Sotheby’s-მა ბიბლიას ერთ დროს მისი მფლობელის, კოლექციონერისა და ფილანთროპის, დევიდ სოლომონ სასუნის (1880-1942) დავალებით, „Codex Sassoon“-ი უწოდა. ბიბლიის გაყიდვის შემთხვევაში, ის გახდება ყველაზე ძვირად ღირებული ხელნაწერი ან წიგნი, რომელიც აუქციონზე ოდესმე გაყიდულა.
ბიბლიის სააუქციონო ფასის განსაზღვრაზე საუბრისას, Sotheby’s-ის წიგნებისა და ხელნაწერების განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, შერონ მინცმა განაცხადა, რომ აღნიშნული ლოტი შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ან წიგნი იყოს, რომელიც ოდესმე აუქციონზე გასაყიდად გაუტანიათ. „Codex Sassoon“-ი, რომელსაც ინვესტორი ჯაკი საფრა ყიდის, მეცხრე-მეათე საუკუნეებით თარიღდება და ებრაული ბიბლიის 24-ვე წიგნს შეიცავს. მას გენეზისის მხოლოდ რამდენიმე გვერდი აკლია.
„იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად უნიკალურია კოდექსი, შედარება მოგვიწია ისეთ განსხვავებული სახის ნივთებთან, როგორიც ლეონარდო და ვინჩის წიგნაკი, Codex Leicester-ი და აშშ-ის კონსტიტუციის ასლი გახლდათ“, აღნიშნავს მინცი. ცნობისთვის, Codex Leicester-ი 1994 წელს, $30.8 მილიონად ბილ გეიტსმა, აშშ-ის კონსტიტუციის ასლი კი Citadel-ის დამფუძნებელმა კენ გრიფინმა 2021 წელს $43.2 მილიონად შეიძინა.
პერგამენტის 396 ქაღალდისგან შემდგარ „Codex Sassoon“-ზე დატანილია ნიშნებიც, რომლებზეც მათი ადრეული მფლობელებია მითითებული. მათ შორისაა ებრაული თემი მიკისინი, რომელიც დღევანდელ სირიაში სახლობდა. ამის შემდგომ, ბიბლიის ბედი გაურკვეველი იყო, სანამ 1929 წელს მას სასუნი შეიძენდა და კვლავ გამოჩნდა, როგორც გლობალურად აღიარებული არტეფაქტი.
დატოვე კომენტარი