31 ოქტომბრის ღამით, კელტთა რწმენით, ცოცხალთა და გარდაცვლილთა სამყაროებს შორის საზღვარი იშლებოდა. კელტები „სამჰეინის“ დღესასწაულის აღნიშვნას იწყებდნენ, კოცონის დანთებითა და კოსტიუმირებული ჩაცმულობით კი სწორედ მიცვალებულთა აჩრდილების დაფრთხობას ცდილობდნენ. 2,000 წლის წინანდელი ტრადიცია საბოლოოდ „ჰელოუინად“ გარდაიქმნა და დღემდე იმავე საღამოს აღინიშნება.
კელტთა ტრადიციიდან 31 ოქტომბერს კოსტიუმები შემოგვრჩა, ხოლო დღესასწაულის მიზანი, მიცვალებულთა ჩრდილების განდევნა, ტკბილეულითა და შიშით შეიცვალა. თუმცა მათ, ვინც სწორედ „ჰელოუინზე“ გარდაიცვალნენ, კელტთა წარმოდგენები ალბათ ბევრად უფრო უკავშირდებათ. Biography-იმ ცნობილი ადამიანების ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც „ჰელოუინზე“, 31 ოქტომბერს გარდაიცვალნენ.
ჰარი ჰუდინი: ცნობილი ილუზიონისტი, ჰარი ჰუდინი, 1926 წლის 31 ოქტომბერს, 52 წლის ასაკში, მუცლის ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. იმ ადამიანის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად, რომელიც ხელბორკილებით ხიდიდან გადახტომასა და ხელფეხშებორკილი წყლით სავსე სარძევეში მოთავსებას გადაურჩა, პერიტონიტი დასახელდა. მიუხედავად ამისა, ილუზიონისტის გარდაცვალების გარემოებები საკმაოდ იდუმალია.
1926 წლის 11 ოქტომბერს, ჰუდინიმ „ჩინური წყლის წამების საკანს“ დააღწია თავი, სადაც ილუზიონისტი ტერფებით იყო ჩამოკიდებული. ტრიუკისას, მარცხენა ტერფის დაზიანების მიუხედავად, ჰუდინიმ დატვირთული გრაფიკით მუშაობა განაგრძო და 22 ოქტომბერს, „მონრეალის მაკგილის უნივერსიტეტს“ ეწვია. სწორედ აქ, კულისებში, სტუდენტმა ილუზიონისტს ჰკითხა, მართალი იყო თუ არა, რომ მას მუცელში ძლიერი დარტყმების ატანა შეეძლო, რის დასტურადაც ჰუდინიმ სტუდენტს მუცელში ოთხი ან ხუთი დარტყმის უფლება მისცა. რამდენიმე დღეში, დეტროიტში მიმავალ გზაზე, დარტყმისგან მიყენებული შინაგანი დაზიანებები გამძაფრდა და შედეგად, ილუზიონისტს აპენდიქსი გაუსკდა.
რივერ ფენიქსი: მსახიობმა რივერ ფენიქსმა მაყურებელთა და კრიტიკოსთა სიმპათია საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ისეთ ფილმებში შესრულებული როლებით დაიმსახურა, როგორიცაა: „ჩემთან დარჩი“, „ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა“, „ჩემი პირადი შტატი აიდაჰო“ და სხვები.
მეგობრების განცხადებით, 1993 წლის „ჰელოუინის“ ღამეს, კლუბ Viper Room-ის დატოვებისას, მსახიობი საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. ერთ საათზე ნაკლებ დროში, 23 წლის ფენიქსი, Cedars Sinai-ის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად კოკაინისა და მორფინის ზედოზირება დასახელდა.
ინდირა განდი: ინდოეთის მესამე პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი დღემდე ქვეყნის ერთადერთ პრემიერ ქალად რჩება. ინდირა განდიმ თანამდებობა 1966 წელს, მამამისის, ინდოეთის პირველი პრემიერის შემცვლელის მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. 1978 წელს განდი კორუფციის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 1980 წელს მან პრემიერის პოსტზე დაბრუნება ხელახლა მოახერხა.
ინდირა განდის მკვლელობა, სიქჰების ლიდერის დასაკავებლად ოქროს ტაძარში ჩატარებული ოპერაციისთვის შურისძიებას უკავშირდება. ოპერაციის ჩატარების ბრძანება სწორედ პრემიერმა განდიმ გასცა. შედეგად, 1984 წლის 31 ოქტომბერს, ინდოეთის ერთადერთი პრემიერი ქალი ორმა სიქჰმა მცველმა გამოასალმა სიცოცხლეს.
ფედერიკო ფელინი: იტალიელი კინორეჟისორი, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმებისთვის – „გზა“, „კაბირიას ღამეები“, „8 ½“ და „ამარკორდი“ – „ოსკარის“ ოთხგზის გამარჯვებულია. რეჟისორი 73 წლის ასაკში რომში, გულის შეტევის შემდგომ გართულებული მდგომარეობით გარდაიცვალა, რასაც მაღალი სიცხე და თირკმლის პრობლემები დაერთო. ფელინი, ფენიქსის მსგავსად, 1993 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ჰენრი ეინლი: სულ მცირე 100 სპექტაკლში შესრულებული როლის შემდეგ, ბრიტანელი მსახიობი, 66 წლის ასაკში, 1945 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა. The New York Times-ი მის ხმას „ინგლისურ სცენაზე საუკეთესოთა შორის“ მოიხსენიებდა. მის მიერ შესრულებულ როლებს შორის იყო „ოტელო“ და „იულიუს კეისარი“. მსახიობობის გარდა, ეინლი 1916 წელს ბრიტანულ ჯარსაც შეუერთდა და იტალიასა და საფრანგეთში, „სამეფო გარნიზონის არტილერიის“ შემადგენლობაში მსახურობდა.
ჯორჯ ჰალასი: ჯორჯ ჰალასი Chicago Bears-ის მფლობელი და ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. New York Times-მა ჰალასს NFL-ის „ყველაზე წარმატებული მწვრთნელი“ და „ჩიკაგოში სპორტის ბარონი“ უწოდა. NFL-ის ლეგენდა გულისა და პანკრეასის დაავადებით, 1983 წლის 31 ოქტომბერს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯოზეფ პაპი: 1991 წლის 31 ოქტომბერს, ჯოზეფ პაპის გარდაცვალების დღეს, მისთვის პატივის მისაგებად, საღამოს რვა საათზე, ბროდვეისთან ერთად და ყველა თეატრი ჩაბნელდა. The New York Times-მა პაპს ამერიკული თეატრის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი უწოდა. „ნიუ-იორკის შექსპირის ფესტივალის“ შემქმნელი, 70 წლის ასაკში, პროსტატის კიბოთი გარდაიცვალა.
პიტერ ვილემ ბოტა: ბოტა 1978-1984 წლებში სამხრეთ აფრიკაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 1984-1989 წლებში კი ქვეყნის პირველი სახელმწიფო პრეზიდენტი გახდა. The New York Times-ის განცხადებით, პრეზიდენტის „ბებერ ნიანგად“ მოხსენიება, ოპონენტების მოხიბვლის, დაჯაბნისა და განადგურების უნარს უკავშირდებოდა. გამოცემის ინფორმაციით, ბოტას მმართველობის პერიოდში, რომელიც მკაცრი რასობრივი დაყოფის მომხრე იყო, 4,000 ადამიანის მოკლეს, ხოლო 50,000 სასამართლოს გარეშე დააკავეს.
ნელსონ მანდელას პრეზიდენტად არჩევისა და 1996 წელს, ახალი კონსტიტუციით, აპარტეიდის დასრულების შემდეგაც კი ბოტას საკუთარი რწმენა არ შეუცვლია. „მე ბოდიში მოსახდელი არ მაქვს და არც ამნისტიას მოვითხოვ არასდროს. არც ახლა, არც ხვალ და არც ზეგ“, – აცხადებდა ყოფილი პრეზიდენტი. ბოტა 2006 წლის 31 ოქტომბერს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თეოდორ სორენსენი: როგორც The New York Times-ის ნეკროლოგში ვკითხულობთ, სორენსენი, რომელიც ჯონ კენედის მრჩევლად მსახურობდა, „პრეზიდენტს მისი ნარატივის, იმიჯისა და მემკვიდრეობის ჩამოყალიბებაში“ დაეხმარა. სორენსენი 2010 წლის 31 ოქტომბერს, 82 წლის ასაკში, ინსულტის გართულებით გარდაიცვალა.
ნატალი ბაბიტი: საბავშვო ავტორისა და ილუსტრატორის ნატალი ბაბიტის მთავარი ნამუშევრის, სახელწოდებით „უკვდავნის“ მიხედვით ორი ფილმი და ბროდვეის მიუზიკლი შეიქმნა. ბაბიტის ავტორობით ოცამდე წიგნი, ხოლო მისი ილუსტრირებით ათი წიგნი გამოქვეყნდა. 1971 წელს ავტორმა Newberry-ის ჯილდო, 2013 წელს კი, საბავშვო ლიტერატურაში მიღწევებისთვის, „ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის“ E.B. White Award-ი დაიმსახურა. ბაბიტი 2016 წლის 31 ოქტომბერს, 84 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.
დატოვე კომენტარი