NDI ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, უმრავლესობა (49%) მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა „საშუალოა“, 42%-ის მოსაზრებით კი, მოცემულობა „ცუდია“.
უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, ინფლაცია, სიღარიბე და მაღალი გადასახადები, ასევე ლარის გაუფასურება თუ საწვავის სიძვირე მთავარ ეკონომიკურ პრობლემებს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობა ნაკლებად პრობლემურია თბილისის მცხოვრებლებისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის. ამასთან, ბოლო ორ წელიწადში ხელფასები მეორე ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა.
ქართველთა 44% ამბობს, რომ დასაქმებულია, 15% კი – დაუსაქმებელი. უმუშევართა თითქმის ნახევარი ვერ პოულობს სამსახურს შესაბამისი ხელფასით ან საერთოდ ვერ ახერხებს სამსახურის მოძიებას.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ოჯახების შემოსავალი გაიზარდა, უმეტესობას უფრო ნაკლები რამის ყიდვა შეუძლია ახლა, ვიდრე ხუთი წლის წინ.
კვლევის თანახმად, ყოველი ათიდან ერთი მოქალაქე შიმშილობს, ხოლო ყოველ მეოთხეს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. საგულისხმოა, რომ ეთნიკურ უმცირესობათა ნახევარს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, თბილისის მცხოვრებლების მდგომარეობა კი უკეთესია.
უმრავლესობას მიაჩნია, რომ კომფორტულად საცხოვრებლად თვეში 3,000 ლარის შემოსავალია საჭირო. 58% კი ეჭვობს, რომ მთავრობას ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა შეუძლია.