Volkswagen-ის მფლობელობაში არსებული Audi 2023 წელს შემოსავლების მნიშვნელოვნად ზრდას გეგმავს. კომპანიის მოლოდინი მიმდინარე წელს შემოსავლის 69-72 მილიარდი ევროთი გაზრდაა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 61.8 მილიარდ ევროს შეადგენდა. თუმცა საინტერესოა, რომ გერმანული ავტომწარმოებელი ამის მიღწევას დაბალბიუჯეტური ავტომობილების დაბრუნებით გეგმავს. ჩიპების დეფიციტის შემსუბუქების ფონზე, როგორც ჩანს, Audi-ს ამის შესაძლებლობა გაუჩნდა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ნახევარგამტარების კრიზისის დროს Audi-მ უპირატესობა მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტების გაყიდვას მიანიჭა. ამჯერად კი საკუთარ სეგმენტს შედარებით დაბალი კომპლექტაციის მოდელებსაც დაუმატებს.
გარდა ამისა, Audi კვლავ განაგრძობს ელექტრომობილების სექტორში საკუთარი პოზიციების გაუმჯობესებას და კონკურენტებისგან ჩამორჩენის შესამცირებლად 2025 წლამდე ბაზარზე 10-მდე ახალ ელექტრომობილს წარადგენს. როგორც ჩანს, გერმანული ავტომწარმოებლის მთავარი მიზანი ახლა პორტფოლიოს დივერსიფიცირებაა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მწარმოებელი ამჟამად შიდაწვის ძრავის მქონე ბოლო მოდელზე მუშაობს. წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების გამოშვებას კი გერმანული ბრენდი საბოლოოდ 2033 წლიდან შეწყვეტს.