დინოზავრის ერთ-ერთი სახეობის, გორგოზავრის 70 მილიონი წლის წინანდელი ჩონჩხი Sotheby-ის აუქციონზე $6.1 მილიონად იყიდება. გორგოზავრის ჩონჩხი აუქციონზე გამოჩენილი დინოზავრის პირველი სახეობაა და ერთ-ერთია საზოგადოებისთვის ცნობილი ოცი ეგზემპლარიდან.
ოთხი წლის წინ მონტანაში აღმოჩენილი ნიმუში მკვლევრებმა ანონიმურ მყიდველს მიჰყიდეს, რაც გორგოზავრის კერძო შესყიდვის პირველი შემთხვევაა. Sotheby-ის ინფორმაციით, სახეობის დანარჩენი ეგზემპლარები ისეთ დაწესებულებებში ინახება, როგორიცაა მუზეუმები და უნივერსიტეტის კოლექციები. აღსანიშნავია, რომ აუქციონის გამარჯვებულს ძვლებისთვის მეტსახელის დარქმევის უფლება ექნება, რაც დინოზავრების ჩონჩხისთვის ერთგვარი ტრადიციაცაა.
აუქციონის სახლის განცხადებით, გორგოზავრი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დინოზავრის ჩონჩხია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა. თუმცა რეკორდი კვლავ Stan-ს ეკუთვნის, ტირანოზავრს, რომელიც გასულ წელს ანონიმურმა პირმა $31.8 მილიონად იყიდა. Stan-ი აბუ-დაბის Natural History Museum-ში განთავსდება.
მიუხედავად კოლექციონერებში დინოზავრის ძვლების პოპულარობისა, ნიმუშების გაყიდვა კვლავ კამათის საგნად რჩება. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ჩონჩხების აუქციონზე გატანა ტრეფიკინგისა და ნამარხი ადგილების ძარცვას ახალისებს, ნაწილი კი თვლის, რომ კერძო პირების მიერ დინოზავრების ჩონჩხის შესყიდვა დაინტერესებულ პირებს მუზეუმებსა და უნივერსიტეტებში ნიმუშების ხილვისა და შესწავლის საშუალებას უკარგავს.
დატოვე კომენტარი