აშშ-ში შეერთებული შტატების არმიის ასოციაციის მიერ ორგანიზებული მასშტაბური ყოველწლიური სამხედრო-სამრეწველო გამოფენა AUSA 2023 დასრულდა. კონფერენცია და გამოფენა 9-11 ოქტომბერს მიმდინარეობდა და მას მსოფლიოში უმსხვილესი კერძო სამხედრო კომპანიები ესწრებოდნენ. ვაშინგტონში თავი 80-ზე მეტი ქვეყნიდან 33,000-მა ადამიანმა და 650-ზე მეტმა სამხედრო კომპანიამ მოიყარა. გამოფენაზე კომპანიებმა უახლესი სამხედრო ტექნოლოგიები, ახალი თაობის შეიარაღება, თავდაცვითი სისტემები, რადარები, ჯავშანტექნიკა, პირადი ეკიპირება თუ სხვა სახის შეიარაღება წარმოადგინეს. სტატიაში გთავაზობთ გამოფენაზე წარმოდგენილ ყველაზე მნიშნელოვან სიახლეებსა და ნიმუშებს.
Rafael Advanced Defense Systems
მოწინავე ისრაელურმა სამხედრო კონტრაქტორმა Rafael-მა გამოფენაზე ახალი თაობის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა წარადგინა. გამოფენაზე დამსწრეებს SkyCeptor-ისა და Skyhunter-ის მაკეტების ნახვა შეეძლოთ.
SkyCeptor-ი ახალი თაობის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გზაგადამჭრელია. საინტერესოა, რომ მას Patriot-ის ტიპის ჰსთ-სისტემების ოჯახში ინტეგრირების შესაძლებლობაც ექნება. მისი ძირითადი დანიშნულება კი მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების განეიტრალება იქნება.
რაც შეეხება Skyhunter-ს, მწარმოებლის განმარტებით, ის ისრაელური Iron Dome-ის (რკინის გუმბათი) ამერიკული ვერსიაა.
General Dynamics
ამერიკულმა სამხედრო კონტრაქტორმა, General Dynamics-მა სამხედრო გამოფენაზე ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) M10 Booker-ი წარმოადგინა. 42-ტონიანი ჯავშანმანქანა 105-მმ-იანი ქვემეხითა და ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი. ჯავშანმანქანას ქვედა მხრიდან იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისაგან (IED) დაცვის შესაძლებლობა ექნება. მწარმოებლის განცხადებით, ახალი ქსმ საკმაოდ მოქნილი იქნება და მტრის თავდაცვითი ზღუდეების გარღვევისა და შეღწევის შესაძლებლობებს გაზრდის.
BAE Systems
ბრიტანულმა სამხედრო-სამრეწველო კომპანია BAE Systems-მა ახალი მრავალფუნქციური ჯავშანტრანსპორტიორის პროტოტიპი წარადგინა. ბრიტანული სამხედრო კონტრაქტორის ინოვაცია აღნიშნული ჯავშანტრანსპორტიორის დრონსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვაში მდგომარეობს.
AMPV-ს პროგრამამ 2023 წლის აგვისტოში წარმოების კონტრაქტი მოიპოვა.
Rheinmetall
გერმანულმა სამხედრო კონტრაქტორმა Rheinmetall-მა, ზემოხსენებულ ბრიტანულ BAE Systems-თან თანამშრომლობით, ახალი თვითმავალი ჰაუბიცა 155-მმ-იანი M-109-52 წარადგინა. თვითმავალი ჰაუბიცა ჯერჯერობით გამოცდების ეტაპზეა და მისი საცეცხლე მანძილი 30-60-კმ-ებში მერყეობს.
Lockheed Martin/Sikorsky
ამერიკული Lockheed Martin-ის დანაყოფმა Sikorsky-მ გამოფენაზე მომდევნო თაობის შვეულმფრენის პროტოტიპი წარადგინა. Sikorsky-ის განმარტებით, ახალი შვეულმფრენი Raider X-ი არმიას მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაში დაეხმარება. მისი მთავარი ძლიერი მხარე დაბალ სიმაღლეზე სწრაფად და შეუმჩნევლად ფრენა იქნება.
Lockheed Martin-ის მესვეურების განცხადებით, ახალი შვეულმფრენი ფიზიკური შესაძლებლობებისა და ტრანფორმაციული ციფრული ტექნოლოგიების შერწყმას წარმოადგენს, რაც კომპანიის 21-ე საუკუნის მთავარი სტრატეგიაა.
Hanwha
სამხრეთკორეულმა სამხედრო-სამრეწველო კომპანია Hanwha-მ გამოფენაზე რამდენიმე პროგრამა წარმოადგინა. კომპანიის მიერ შემოთავაზებულ სიახლეებს შორის საკმაოდ პოპულარული საარტილერიო დანადგარი, K9-ტიპის თვითმავალი ჰაუბიცა, საარტილერიო მოდულების განახლებული დამტენი მექანიზმი და ჰაერი-მიწა-ტიპის მართვადი რაკეტები გვხვდება.
Flyer Defense
კიდევ ერთმა ამერიკულმა სამხედრო კონტრაქტორმა გამოფენაზე მრავალფუნქციური მობილური საცეცხლე მხარდაჭერის სისტემა Flyer 72 წარადგინა. დრონსაწინააღმდეგო სისტემით, მაღალტექნოლოგიური რადარებით და საცეცხლე მხარდაჭერით აღჭურვილ ჯავშანმანქანას მეტსახელად „მხეცი“ უწოდეს.
Flyer 72 Scorpion Shoot and Scoot-ის 120-მმ-იანი ნაღმტყორცნით, Leonardo DRS-ის სარადარო სისტემითა და D-Fend Solutions EnforceAir-ის დრონსაწინააღმდეგო სისტემითაა აღჭურვილი.
AUSA-ის მსგავსი სამხედრო-სამრეწველო გამოფენები ინდუსტრიაში არსებული ტექნოლოგიური ინოვაციების სექტორისა და საზოგადოებისათვის გაზიარებას ისახავს მიზნად.