პანდემიის პერიოდი საავიაციო გადაზიდვებისთვის კარგი პერიოდი აღმოჩნდა, რაც ახალ ქართულ გადამზიდავ ავიაკომპანია EASY Charter-ზეც აისახა. 2020 წელს დაარსებულმა კომპანიამ პირველივე წელი 9.7-მილიონიანი მოგებით დაასრულა. გარდა ამისა, 2021 წლის ცხრა თვეში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების რაოდენობით Turkish Airways-ის შემდეგ წამყვან პოზიციას სწორედ EASY Charter-ი იკავებს. აღნიშნულ კომპანიას სათავეში ავიაციაში 24-წლიანი გამოცდილების მქონე რატი ძერია უდგას, რომელთანაც საავიაციო გადაზიდვების ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით Forbes Georgia-მ ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო რატი, EASY Charter-მა ოპერირება 2020 წელს დაიწყო, კომპანიას საფუძვლად მანამდე არსებული გამოცდილება დაედო, როგორ დაიწყო ყველაფერი?
ჩვენი კომპანია 2015 წელს შეიქმნა როგორც საშუამავლო ორგანიზაცია, რომელიც ნაქირავები თვითმფრინავებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა. ამან დიდი გამოცდილება შეგვძინა და შესაძლებლობა მოგვცა, სხვადასხვა ზომისა და ტიპის თვითმფრინავები გამოგვეცადა. შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ ოპტიმალური იყო, გვყოლოდა 40-45 ტონის ტვირთამწე თვითმფრინავი, რომელსაც 4 საათის ფრენის შესაძლებლობა ექნებოდა. ამიტომაც შევჯერდით, რომ Airbus A300 გვეყიდა, რომელიც მექსიკაში ვიპოვეთ და ჩამოვიყვანეთ. ეს არ იყო მარტივი პროცედურა, მისი შესყიდვის პროცესიც კი პანდემიამდე დავიწყეთ. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ პანდემიის საწყის ეტაპზე საჰაერო გადაზიდვებზე არსებული პიკური მოთხოვნით არ გვისარგებლია. სწორედ მაშინ გავდიოდით ავიაკომპანიის სერტიფიცირების პროცესს და პირველი რეისი 2020 წლის 17 ივნისს შევასრულეთ, როცა პიკი (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისის დასაწყისიც) გადასული იყო.
რაც შეეხება სეგმენტს, რომელშიც დაიწყეთ ოპერირება, ეს არის ცოცხალი საქონლის გადაზიდვა, რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?
დიახ, დაახლოებით ექვსი წლის წინ ჩვენ დავიწყეთ ისეთი საქმიანობა, რაც მაშინ საქართველოში პრესტიჟულად არ ითვლებოდა. ამ სახის ტვირთის ავიაგადაზიდვას დიდი ყურადღება არც მაშინ ეთმობოდა და არც ახლა. გარდა იმისა, რომ ცოცხალი საქონლის ექსპორტი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის – ვინაიდან ამ საქმიანობის უდიდესი წილი მაღალმთიან რეგიონებზე მოდის და ეს იმ ხალხს საკუთარ მიწაზე ამაგრებს – საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა თითქმის მთლიანად მაღალმთიან რეგიონებს ხმარდება.
ეს ბიზნესი მანამდეც არსებობდა საქართველოში, მაგრამ უფრო სპონტანურად და მომავლის ხედვის გარეშე. ჩვენ შევძელით ამ სეგმენტის დარეგულირება და მომავალზე ორიენტირება.
შარშან ივნისიდან წლის ბოლომდე ცოცხალი საქონლის გადაყვანისთვის 170 რეისი შევასრულეთ. ძირითადი მიმართულებები იყო ერაყი, ბაჰრეინი, კუვეიტი, ომანი, საუდის არაბეთი და ა.შ. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იყო ჩვენი ძირითადი არეალი. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ცოცხალი საქონლის თვითმფრინავით ტრანსპორტირება საქართველოდან შეჩერებულია.
რა არის ამის მიზეზი?
არის ობიექტური მიზეზები. ჩვენი კონკურენტი ამ მხრივ სომხეთი გახდა და ეს ბაზარი მთლიანად ამ ქვეყანაში გადავიდა. სომხეთმა გვაჯობა. ბევრი მიზეზია, მათ შორის საკანონმდებლო. ასევე ისიც, რომ ირანმა სახმელეთო გზით ტრანზიტი გახსნა, შედეგად სომხეთიდან ირანში ხვდება ცოცხალი საქონელი და ა.შ.
რა პერსპექტივა დაინახა EASY Charter-მა ავიაგადაზიდვების მიმართულებით? რა პოტენციალი აქვს საქართველოს?
პერსპექტივა დავინახეთ, თუმცა არამხოლოდ საქართველოს ბაზარზე. საქართველო ავიაციისთვის ხშირ შემთხვევაში ტრანზიტულ ქვეყნად მოიაზრება. როცა ვსაუბრობთ ტრანზიტზე, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ავიაციის მონაწილეობა. შესაძლებელია, რომ ტვირთი აქ სახმელეთო ტრანსპორტით ჩამოვიდეს და შემდეგ მისი ტრანსპორტირება თვითმფრინავით გაგრძელდეს და პირიქით. ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს. მაგალითად, გვქონია შემთხვევები, როდესაც ტვირთი გერმანიიდან ავტოტრანსპორტით ჩამოვიტანეთ და შემდეგ აქედან ერაყში თვითმფრინავით გადავზიდეთ. ამის პოტენციალი საქართველოს აქვს.
რა სჭირდება ამ კუთხით საქართველოს?
ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალების დასრულება, ფოთისა და ბათუმის პორტების კიდევ უფრო განვითარება. ლარსამდე გზის მოდერნიზება, ქუთაისის აეროპორტში სატვირთო მიმართულების განვითარება და რკინიგზის მიყვანა. ჩემი აზრით, ქუთაისის აეროპორტს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა და ბევრად უფრო მეტი პოტენციალი აქვს ტრანზიტისთვის, ვიდრე თბილისს. ვიცით, რომ მსოფლიოში პანდემიამ ელექტრონული კომერციის განვითარება დააჩქარა. ელკომერცია დიდი რაოდენობის ტვირთების მოძრაობას გულისხმობს სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომაც ეს მიმართულება უნდა განვითარდეს, ბევრი ტრანსპორტის „გაერთიანება“ უნდა მოხდეს.
თქვენ რა სახის ტვირთებზე ორიენტირდებით ამჟამად?
სხვადასხვა სახეობის ტვირთი გადაგვაქვს, ჩვენ არ ვარჩევთ ტვირთს. ეს შეიძლება იყოს ჰუმანიტარული, მალფუჭებადი, ძვირად ღირებული, გაბარიტული და ა.შ.. 2021 საკმაოდ რთული წელი იყო ჩვენთვის. გასულ წელს ფრენების ძალიან დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, რაც შემდგომ ეტაპზე თვითმფრინავის ტექნიკურ მომსახურებას მოითხოვს, მოგვიწია ორივე ძრავის შეცვლა, თვითმფრინავს თურქეთში შემოწმება ჩავუტარეთ, რასაც 40 დღე დასჭირდა. ამან დიდი დრო დაგვაკარგვინა, ძალიან ბევრი ხარჯიც იყო, ამას დაემატა ისიც, რომ ჩვენი ძირითადი ბაზარი (ცოცხალი საქონლის გადაყვანა) პრაქტიკულად გაჩერდა. ამ ყველაფერმა ახალ სეგმენტსა და ბაზრებზე გადაწყობა გვაიძულა.
თუმცა მაინც მოვახერხეთ და სექტემბერში ავიღეთ ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს აღიარება, რასაც ძალიან დიდი დრო და ენერგია მოვანდომეთ. ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ევროპაში ფრენების უფლება მოგვეცა, არამედ ეს ჩვენთვის საკუთარი რეისების უსაფრთხოების სტანდარტის ხაზგასმაა. ამ აღიარებიდან ათ დღეში ევროპაში პირველი რეისიც შევასრულეთ, გარდა ამისა, გავიარეთ ჰონკონგის მაკაუს სერტიფიცირებაც, რომელიც ასევე არ არის მარტივი მისაღწევი. ამ ყველაფრის შედეგად, ამჟამად კვირაში ორჯერ ჰონკონგიდან ბარსელონაში დავფრინავთ. ეს იმდენად დიდი რეისია, რომ ჩვენი თვითმფრინავი პრაქტიკულად 100%-ით დაკავებულია.
კომპანიის ოპერირების ძირითადი არეალია აზია, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის კონტინენტი და ახლა უკვე ევროპა. რატომ ეს რეგიონები და მოიაზრებთ თუ არა არეალის გაფართოებას?
დღეს ფაქტობრივად ყველა რეგიონს მოვიცავთ. მხოლოდ ამერიკა და ავსტრალია დაგვრჩა. თუმცა, თვითმფრინავის ტექნიკური მონაცემიდან გამომდინარე, ეს ჩვენთვის საინტერესო რეგიონები არაა. ამიტომაც ავსტრალიისა და ამერიკის კონტინენტისკენ არც ვიხედებით. ახლო აღმოსავლეთში რეისების გაჩერებამ, ერთი მხრივ, დადებითი ეფექტიც მოგვცა, ვინაიდან მანამდე ევროპაში გასვლაზე არც ვფიქრობდით. რაც შეეხება აფრიკას, ეს ძალიან საინტერესო, თუმცა დაუფასებელი რეგიონია. წელს ჩვენ აფრიკაში 50-ზე მეტი რეისი გვაქვს შესრულებული და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ამოუწურავი ბაზარი. საქართველოში აფრიკას პერსპექტიულად არ მიიჩნევენ. ჩემი აზრით, ქართული წარმოებისთვის აფრიკა ბევრად უფრო კარგი ბაზარია რეალიზაციისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა. იქ ბევრი აუთვისებელი ნიშია, რომელთა ათვისებაც შეგვიძლია. ამიტომაც ჩვენ ამ რეგიონზე ფიქრს და მუშაობას არ შევწყვეტთ.
აფრიკის რომელ ქვეყნებს მოიაზრებთ სამომავლო ბაზრებად EASY Charter-ისთვის?
ჩვენი თვითმფრინავის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეს არის ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, მათ შორის: ნიგერია, კენია, ეგვიპტე, ეთიოპია, სუდანი, ალჟირი, ტუნისი, განა, ბურკინა-ფასო. რამდენჯერმე ვიყავით გვინეაში. ძალიან კმაყოფილები ვართ ამ რეგიონში მუშაობით.
მსოფლიოში საკონტეინერო და ტრაილერით გადაზიდვების ფასები გაზრდილია. როგორი ვითარებაა ამ კუთხით საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით?
პანდემიამ ძალიან გაზარდა მოთხოვნა საავიაციო ტვირთებზე. მანამდე დიდი უპირატესობა ენიჭებოდა ფასს და არა დროს. პანდემიამ კი გლობალურ ბაზარს ნათლად დაანახა, რომ ეს ასე არ არის. პანდემიის პირველი თვეები თვითმფრინავი იყო ერთადერთი ტრანსპორტი, რომელიც ტვირთებს ატარებდა. საავიაციო გადაზიდვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამედიცინო ტვირთებისთვის გახდა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ადამიანიც შეცვალა, მომხმარებელი ძალიან შეეჩვია ონლაინვაჭრობას, სხვა ქვეყნიდან ყიდვას. არა მგონია, ის ძველი დრო დაბრუნდეს, როდესაც ძალიან ბევრ დროს ვკარგავდით რაიმეს ყიდვისთვის სიარულში. მომხმარებელი უკვე მზად არის, რომ გადაიხადოს ერთი დოლარით მეტი და პროდუქცია სახლში მიუტანონ, ვიდრე თავად წავიდეს მის საყიდლად. ამდენად ეს სეგმენტი კიდევ უფრო გაიზრდება. ბუნებრივია, ავიაციაზე დიდმა მოთხოვნამ ფასის ზრდაც გამოიწვია. ეს ტენდენცია რამდენიმე წელი კიდევ გაგრძელდება და „ბოინგის“ და „ეარბასის“ ბაზრის კვლევებიც ამას გვიჩვენებს, რომელთა მიხედვითაც მინიმუმ ხუთი წელი საავიაციო სატვირთო სეგმენტში ფასები ზრდას განაგრძობს.
2021 წლის 9 თვეში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით Turkish Airways ლიდერობს 3769.201 ტონა ტვირთით. შემდეგ მოდის ქართული ავიაკომპანია EASY Charter 2219.913 ტონით. საქართველოში ისეთი მსხვილი კომპანიებისთვის გიწევთ კონკურენციის გაწევა, როგორიც Turkish-ია. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა სხვა გადამზიდავებთან შედარებით?
საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა ქართული ავიაკომპანიები საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ, მხოლოდ ჩვენს კომპანიაზე არ ვსაუბრობ. ჩვენ ბევრად უფრო მოქნილები ვართ და ბევრად ნაკლები ბიუროკრატია გვაქვს. მაგალითად, ვერცერთი მომხმარებელი Turkish-ის დირექტორს ვერ დაურეკავს ნებისმიერ დროს და ვერ კითხავს კონკრეტული სახის ტვირთის გადატანა შეუძლია თუ არა. ჩვენთან კი მომხმარებელს ბევრად უფრო მარტივი წვდომა აქვს. ეს პოტენციური დამკვეთებისთვის დიდი კომფორტია.
თქვენი ფლოტი ამჟამად მხოლოდ ერთი თვითმფრინავისგან შედგება, რა გეგმები გაქვთ მისი გაფართოების კუთხით?
ეს ჩვენთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა. თავდაპირველად, როდესაც მექსიკაში პირველი თვითმფრინავი შევიძინეთ, დაგეგმილი გვქონდა, რომ მეორეც მალევე შეგვეძინა, თუმცა პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. თვითმფრინავებსა და საჰაერო ტვირთებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამიტომაც კომპანიები თვითმფრინავებს მარტივად აღარ ყიდიან. ამას გარდა, თვითმფრინავების ფასიც გაიზარდა. თუმცა ჩვენ ძებნა არ შეგვიჩერებია და ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ მომავალ წელს გარკვეული სიახლეები გვექნება.
დაბოლოს, განიხილავთ თუ არა სამგზავრო გადაყვანების დამატებასაც?
ნათქვამია, არასოდეს თქვა არასოდესო, ამიტომ არც მე ვიტყვი, თუმცა არავინ იცის, რა იქნება მომავალში. ამ ეტაპზე კი ჩვენ მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებზე ვკონცენტრირდებით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
დატოვე კომენტარი