ავსტრალიის მთავრობა შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით ავიაბილეთებს ასუბსიდირებს. ადგილობრივებს ათობით მიმართულებაზე ავიაბილეთების ნახევარ ფასად შეძენის შესაძლებლობა აქვთ.
როგორც ავსტრალიის მთავრობაში აცხადებენ, 1.2 მილიარდი ავსტრალიური დოლარის მოცულობის პაკეტი ტურიზმის სექტორს პანდემიის შემდეგ ძალების აღდგენაში დაეხმარება. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის განცხადებით, ფასდაკლებული ავიაბილეთების შეძენა მომხმარებლებს აპრილიდან ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ.
ცნობისთვის, ავსტრალიაში ვაქცინაციის პროცესი გასულ თვეს დაიწყო. მიუხედავად ამისა, ქვეყანას საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრები კვლავ ჩაკეტილი აქვს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ავსტრალიაში დაინფიცირების დაახლოებით 29 000 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 909 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნული რიცხვები ბევრ ქვეყანასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. მიუხედავად ამისა, ქვეყანა ჯერჯერობით არ იხსნება, ამიტომაც ავსტრალიელებს ისღა დარჩენიათ, ქვეყნის შიგნით იმოგზაურონ.
დატოვე კომენტარი