ავსტრიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქებთან დაკავშირებული 97 საბანკო ანგარიში გაყინა, რომლებზეც, საერთო ჯამში, €254 მილიონის აქტივები ინახებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული ტელეარხი, ORF-ი ავრცელებს. როგორც ირკვევა, მაისში გაყინული აქტივების მოცულობა გასული თვის ანალოგიურ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
საინტერესოა, რომ სანქცირებული რუსეთის მოქალაქეების საბანკო ანგარიშების პოვნა ავსტრიის ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის საბჭოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებით დაკომპლექტებულ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს აქვს დავალებული – ამ პროცესის დასრულებას ქვეყნის ხელისუფლება მაისის ბოლომდე გეგმავს. საბანკო ანგარიშების გარდა, ზემოთ ხსენებულმა ოპერატიულმა ჯგუფმა საკადასტრო რეესტრში გაკეთებული ხუთი საეჭვო ჩანაწერი აღმოაჩინა.
აღსანიშნავია, რომ სანქცირებული რუსი პირებისა და მათი ქონების აღმოჩენის მიმართ ასეთი მიდგომა ნათლად ასახავს ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის პოზიციას – კანცლერს არაერთხელ უთქვამს, რომ ოლიგარქების აქტივების დაყადაღება აუცილებელი იყო და, რომ მისმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა პუტინის მოკავშირეებსა და სამხედრო ლიდერებს სანქციები დაუწესოს.
2022 წლის თებერვლის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთისადმი დაწესებული სანქციების ხუთი პაკეტი წარმოადგინა – საერთო ჯამში, ისინი ეხება 1091 ადამიანსა და 80 ორგანიზაციას. აპრილის ბოლოს არსებული მონაცემების თანახმად, ევროკავშირმა €35 მილიარდის მოცულობის რუსული აქტივები გაყინა: საფრანგეთმა – €23.5 მილიარდი, ბელგიამ – €10 მილიარდი, იტალიამ – €1.1 მილიარდი, ხოლო ირლანდიამ – €839.4 მილიონი.