ავტობიზნესის ქართული ძრავა

ავტობიზნესის ქართული ძრავა

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელმა, ირაკლი გურჩიანმა იაპონური საავტომობილო გიგანტის, Toyota-ს ქართული ბაზრით დაინტერესება ბნელ 1990-იან წლებში შეძლო და კავკასიაში კომპანიის პირველი ცენტრის გახსნაც მოახერხა. დაარსებიდან 27 წლის შემდეგ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ შემოსავლების მიხედვით Forbes-ის 100 უმსხვილესი ქართული კომპანიის სიაშია. ირაკლი გურჩიანი Forbes Georgia-ს Toyota-ს მიერ საქართველოში განვლილი გზის შესახებ ესაუბრა.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბიზ­ნე­სი 90-იან წლებში და­იწყეთ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ამ მხრივ სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა არ იყო. რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ ქარ­თუ­ლი ბაზ­რით Toyota-ს და­ინ­ტე­რე­სე­ბა?

90-იან წლებში მანქანებისა და, ზოგადად, ბრენდების დეფიციტი იყო საქართველოში, მხოლოდ გერმანიიდან თუ შემოიყვანდნენ მეორად მანქანებს. გამიჩნდა იდეა, წამომეწყო საავტომობილო ბიზნესი, Toyota კი იმიტომ შევარჩიე, რომ პრესიდან და ტელევიზიიდან ვიცოდი მისი პოპულარობის შესახებ. თანაც ვიფიქრე, რომ ჩვენი ქვეყნის მთაგორიანი რელიეფის გამო ჯიპები გაამართლებდა.

თავიდან კომპანიასთან დაკავშირება ვერანაირად ვერ მოვახერხე, მაგრამ შემდეგ მათ საფოსტო მისამართს მივაკვლიე, მივწერე წერილი, საკუთარი თავი წარვუდგინე და მათთან ურთიერთობის ინტერესი გამოვთქვი. ორი თვე პასუხი არ ყოფილა. შემდეგ კი უცებ მომდის მეილი, რომელშიც წერია, რომ Toyota საქართველოს ბაზრით დაინტერესებულია.

ამავე პერიოდში აზერბაიჯანში ამერიკის საელჩოსაც ჰყავდა Toyota-ს 15-20 მანქანა, რომლებსაც პროგრამული ხარვეზი ჰქონდა და საწვავის უხარისხობის გამო პრობლემები შეექმნა. სერვისცენტრი კი მთელ კავკასიაში არ იყო. ამერიკის ელჩის „საყვედურის“ შემდეგ იაპონიის ელჩი Toyota-ს დაუკავშირდა. დაიწყო პარტნიორების ძებნა და მოლაპარაკებები. ამ დროს ჩემი წერილი უკვე მათთანაა. ეს დამთხვევა რომ არა, შეიძლება ის დღესაც თაროზე ყოფილიყო შემოდებული. ჯერ ერთწლიანი პირობითი დილერი გავხდი. ერთი წლის შემდეგ, 1997 წლიდან კი ოფიციალურად გაიხსნა Toyota-ს ცენტრი – პირველი არათუ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში.

რო­გო­რი იყო მომ­ხ­მა­რებ­ლის და­ინ­ტერე­სე­ბა საწყის ეტაპ­ზე?

1997-98 წლებში ძალიან გაგვიჭირდა. მაშინ მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა არცკი იცოდა, რა იყო Toyota და შესაძლებლობებიც უფრო მწირი იყო, თუმცა პირველ წელიწადს მაინც გავყიდეთ 200-მდე მანქანა, რაც ძალიან მაგარი შედეგია.

Toyota-ს რო­მელ მან­ქა­ნებ­ზეა დღეს ყვე­ლა­ზე დი­დი მოთხოვ­ნა სა­ქარ­თ­ველო­ში და შე­იც­ვა­ლა თუ არა მო­სახ­ლეო­ბის მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბა?

ვინაიდან საქართველო ჯიპების ქვეყანაა, ყველაზე პოპულარული მაინც Land Cruiser Prado-ა, შემდეგ კი მოდის Rav4-ი. მსუბუქი მანქანები მაინცდამაინც პოპულარული არაა. კი, ქალაქი სავსეა Prius-ებით, მაგრამ მათი უმეტესობა მეორადია და ამერიკიდან უფრო დაბალ ფასადაა ჩამოყვანილი. ახლები ბევრად უფრო ძვირი ღირს, შესაბამისად, მყიდველთა ეს სეგმენტი ჩვენთვის რთულად მოსაპოვებელია მათი ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

ვერ გეტყვით, რომ მსყიდველუნარიანობა გაიზარდა. 2008 წლის ომამდე ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე მას შემდეგ. ეს ალბათ ლარის გაუფასურებითა და პროდუქციის გაძვირებითაა გამოწვეული. ეკონომიკური მდგომარეობა ალბათ მაშინ უკეთესი იყო, რადგან უფრო მეტი ფული იყო მიმოქცევაში.

რად­გან ეკო­ნო­მი­კა ახ­სე­ნეთ, გკითხავთ, რა კავ­ში­რია სა­ავ­ტო­მო­ბილო ინ­დუს­ტ­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კურ ზრდას შო­რის?

საავტომობილო ბიზნესი ეკონომიკის ლაკმუსის ქაღალდია. ეკონომიკის 0.1%-ით ზრდაც კი მაშინვე აისახება ჩვენზე. როგორც კი შემოსავალი იზრდება, ყველას ახალი მანქანის ყიდვა უნდა. ასე რომ, როცა ჩვენი გაყიდვები იზრდება, ვხვდებით, რომ ეკონომიკაც იზრდება.

რო­გორ შე­ა­ფა­სებთ დღე­ვან­დელ რე­გულა­ცი­ურ ჩარ­ჩოს?

ცუდი არაა, მაგრამ ბევრად უკეთესი შეიძლება იყოს. ბოლო დროს ყველაფერი შევარდნაძისდროინდელ ბიუროკრატიულ აპარატს დაემსგავსა. ხშირად ითხოვენ არასაჭირო საბუთებსა და ნებართვებს საბაჟოზე თუ საგადასახადოში. კი, წინა მთავრობას ბევრი მინუსი ჰქონდა, მაგრამ ბიზნესის კეთების კუთხით მეტი სიმარტივე და თავისუფლება იყო. რეგულაციები, ჯარიმები, საგადასახადო წნეხი ყოველწლიურად იზრდება, რისი მიზეზიც ალბათ უცოდინარობა და არაპროფესიონალიზმია. როდესაც ადამიანმა ეკონომიკის ანბანი არ იცის და ის კანონს წერს, ყოველთვის ასე ხდება.

კი­დევ რა მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბია დღეს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბა­ზარ­ზე?

ჩვენ დღესაც მესამე კატეგორიის ქვეყნად ვითვლებით და ესაა უმთავრესი პრობლემა. ის მანქანები, რომლებიც ევროპისთვის იწარმოება, საქართველოში არ იყიდება, რადგან საწვავის ხარისხი არაა შესაბამისი.

იაპონელები ყოველ წელს 2-3-ჯერ ჩამოდიან, ქსელური სადგურებიდან საწვავი მიაქვთ და გერმანიაში ლაბორატორიაში ამოწმებენ. შედეგი ძალიან ცუდია. ამიტომაც ექმნება ამერიკიდან ჩამოყვანილ მანქანებს საწვავის პრობლემები. ფორმალურად კი ევრო 5-ია, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ ალბათ არცერთი საწვავი არაა ამ სტანდარტის და არცაა გასაკვირი, რადგან ჩვენი ძირითადი მომწოდებლები რუსეთი და აზერბაიჯანია, სადაც 60- იანი წლების სტანდარტების ქარხნებია.

მართალია, პირველი იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების შემოყვანა აიკრძალა, მაგრამ შესაბამისი საწვავი რომ არ არის? ქარხანა დილემის წინაშეა – აქამდე ევრო 0-ის სტანდარტის საწვავზე გათვლილი სისტემებით აღჭურვილი მანქანები შემოჰქონდათ, ახლა კი ესეც ვერ შემოჰყავთ. საწვავის ხარისხი თუ არ გამოსწორდა, დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით, რადგან ვერც მანქანები იმუშავებს და მოსახლეობაც გამონაბოლქვით მოიწამლება.

„ტოიოტა ცენ­ტ­რი თბი­ლი­სის“ გარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში Toyota Caucasus-იცაა. რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა კომ­პა­ნი­ამ ოფი­ცია­ლუ­რი ცენ­ტ­რის კავ­კა­სი­ა­ში გახ­ს­ნა?

2006 წლამდე მანქანები პირდაპირ იაპონიიდან ჩამომყავდა, ეს კი დიდი რესურსის მობილიზებას მოითხოვს. 2006-ში კი კავკასიაში Toyota შემოვიდა. ბულგარეთში აპირებდნენ, მაგრამ მე მინდოდა, რომ ეს საქართველოში მომხდარიყო. ორჯერ მომიწია იაპონიაში ჩასვლა, შევხვდი კომპანიის ვიცეპრეზიდენტს და დავარწმუნე, რომ საქართველო ბიზნესისთვის ღია ქვეყანა იყო.

ეს ჩვენთვის საკმაოდ კარგია, რადგან მანქანები პირდაპირ Toyota Caucasus-ს შემოჰყავს და ტრანსპორტირების ხარჯები ჩამოგვცილდა, აღარც წინასწარი შეკვეთების გაკეთება გვიწევს. ნაწილების უზარმაზარი საწყობიც თბილისშია და სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ამარაგებს.

რო­გო­რია კონ­კუ­რენ­ცია ბაზ­რის სხვა მო­თა­მა­შე­ებ­თან?

შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ უკონკურენტოები ვართ. ბაზრის 50%-ზე მეტი გვიჭირავს და არცერთ სხვა ბრენდს კონკურენტად არ განვიხილავთ.

2023 წელს მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და მსუბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტიც და ექ­ს­პორ­ტიც. რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა თქვენ­ზე ომ­მა და რუ­სე­თის­თ­ვის დაწე­სე­ბულ­მა სან­ქ­ცი­ებ­მა?

სიმართლე გითხრათ, ჩვენზე ამ ყველაფერმა გადასარევად იმოქმედა. მოდიან ადამიანები, ყიდულობენ, შემდეგ კი გაჰყავთ და საზღვარგარეთ ყიდიან, ჩემი ინფორმაციით – ყაზახეთსა და უზბეკეთში, მაგრამ მათი ნაწილი ალბათ შემდეგ რუსეთშიც შედის.

გა­ი­ზარ­და თუ არა მოთხოვ­ნა რუ­სი მიგ­რან­ტე­ბის ხარ­ჯ­ზე?

ადგილობრივად ჩასახლებულ რუსებზე გაყიდვების 1%-იც კი არ მოდის.

სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის წი­ლი რო­გო­რი­ა?

ადრე Toyota პრიორიტეტი იყო, რადგან ხარისხს ანიჭებდნენ უპირატესობას, ახლა კი აქცენტი ფასზე კეთდება. ამ მხრივ კი უპირატესობა კორეულ მანქანებს აქვს. რომ გითხრათ, სახელმწიფო ტენდერებში აქტიურად ვართ ჩართულები-მეთქი, ტყუილი იქნება.

გა­ი­ზარ­და თუ არა ფა­სე­ბი ბო­ლო წლებ­ში?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ინტერესში ფასების კლებაა, რაც მეტი მანქანის გაყიდვას გამოიწვევს, სამწუხაროდ, ამგვარი რამ არ ხდება. 27 წელიწადია, ამ ბიზნესში ვარ და არ მახსოვს, ფასი შემცირებულიყოს. ზოგჯერ ყოველთვიურადაც კი იზრდება. ბოლო ერთ წელიწადში ზოგიერთი მოდელი 5-7%-ითაა გაძვირებული, ვგულისხმობ ქარხნიდან გამოსაყვან ფასს. ამის მიზეზი კი რკინის, რეზინისა და მანქანის საწარმოებელი სხვა მასალების გაძვირებაა, რის შედეგად ქარხანასაც უწევს პროდუქტის გაძვირება.

თქვე­ნი მო­გე­ბის მარ­ჟა რამ­დე­ნი­ა?

5-7% ერთ მანქანაზე. 7%-ზე ძვირად თუ გავყიდით, Toyota-ს მთელი მოგების ფული მიაქვს ჯარიმის სახით. ამ მარჟას ვერ გავცდებით.

გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ა­ზე გა­დას­ვ­ლის პი­რო­ბებ­ში სულ უფ­რო იზ­რ­დე­ბა ელექტ­რო­მო­ბი­ლე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი. გა­ე­როს მი­ზა­ნი 2050 წლამ­დე გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვის ნუ­ლამ­დე დაყ­ვა­ნა­ა, მათ შო­რის – ტრანს­პორ­ტ­ში. წლე­ბის წინ თქვენ ამ­ბობდით, რომ „უახლოესი 25 წე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექ­ტ­რო­მო­ბი­ლებს მო­მა­ვალი არა აქვს“. კვლავ ასე ფიქ­რობთ?

კი, ახლაც ასე ვფიქრობ და მგონია, რომ მსოფლიოში ელექტრომობილებს მომავალი არა აქვს. ეს აზრი უფრო გამიმყარდა, რადგან ჯერ საქართველოში ინფრასტრუქტურაც კი არაა მოწყობილი და არც არავინ იცის, ეს როდის მოხდება. არათუ საქართველო, გერმანიაც კი არ არის სრულად მზად ელექტრომობილებისთვის. მომავალი აქვს ჰიბრიდებს და წყალბადზე მომუშავე მანქანებს – 2030 წლიდან Toyota მთლიანად წყალბადზე გადავა, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათთან ინფრასტრუქტურა უკვე გამართულია.

ჰიბრიდები კი ძალიან პოპულარულია, მაგრამ შედარებით ძვირია. მგონია, რომ ეკონომიკისა და შემოსავლის ზრდა ამ პრობლემას მოაგვარებს. დღეს მანქანებს ძირითადად საბანკო პროდუქტებით ყიდულობენ, ხოლო როდესაც ადამიანს შეეძლება, თავის სესხს მოემსახუროს, ის ახალ მანქანასაც იყიდის და იყიდის ჰიბრიდს.

არ გგო­ნი­ათ, რომ თბი­ლის­ში ბევ­რი მან­ქა­ნა­ა?

საერთოდ არა. ეს ყველაფერი მოძრაობის არასწორად დაგეგმვის, გზების დავიწროებისა და არსებული სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია. მანქანების რაოდენობა რომც გაორმაგებულიყო, ამგვარი კოლაფსი მაინც არ იქნებოდა. თბილისი არ არის მზად ამისთვის და თავის დროზე ასე არც დაუპროექტებიათ.

იმის ნაცვლად, რომ ქალაქი გაფართოვდეს, ის ერთ ადგილას იზრდება, ვაკე-ვერასაბურთალოზეა ხალხი კონცენტრირებული. ჩვენ კი არავინ არაფერს გვეკითხება. საცობების პრობლემა რომ მოგვარდეს, პირველ რიგში, მერიაში უნდა მოხდეს ცვლილებები, შემდეგ კი შემოვლითი გზები დაემატოს და არსებული გაფართოვდეს.

რა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა საქარ­თ­ვე­ლო­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ბა­ზარი და რას აპი­რებს „ტოიოტა ცენ­ტ­რი თბი­ლი­სი“? რა სი­ახ­ლე­ებს უნ­და ელოდოს მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი?

საქართველოს ბაზარი იმდენად პატარაა, რომ ინოვაციები ჭირს. მიწოდების გაზრდა შეგვიძლია, მაგრამ საწვავის ხარისხი არ გვაძლევს ამის საშუალებას. შესაბამისად, უპირველესი, რასავ ვგეგმავთ და ვცდილობთ, ბანკებთან ურთიერთობის, ლიზინგის დახვეწაა, რათა საბოლოო მომხმარებლისთვის პროდუქცია უფრო გაიაფდეს. ადრე პროცენტები უფრო მაღალი იყო, ბევრი მოლაპარაკების შედეგად კი შემცირდა, მაგრამ კიდევ გვინდა დავწიოთ, რადგან ევროპელ მყიდველებთან შედარებით ქართველები დაახლოებით 10%-ით მეტს იხდიან, რაც ძალიან ბევრია.

ასევე გვინდა, რომ იაპონელებმა ნაწილები უფრო იაფად მოგვცენ, ვიდრე ევროპელებს აძლევენ, რათა სერვისი ძალიან ძვირი არ იყოს და, შესაბამისად, მანქანების გაყიდვებიც გაიზარდოს. სხვათა შორის, ამაზე გვთანხმდებიან კიდევაც. მაგალითად, ახლა ნაწილები ჩვენთან უფრო იაფია, ვიდრე დუბაიში. ადრე დუბაიდან მოჰქონდათ ნაწილები, ახლა კი პირიქით ხდება.

თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, რა არის ბიზნე­სის­თ­ვის წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი?

ქართულ ბაზარზე ახალი რამის წამოწყება ძალიან რთულია, მაგრამ შრომისმოყვარეობას შედეგი აუცილებლად მოაქვს. შეიძლება პირველი რამდენიმე წელი არაფერი არ გამოგივიდეს, მაგრამ უკან არ უნდა დაიხიო და ბოლომდე დაიხარჯო. იღბალიც აუცილებელია. სამყარო ადამიანს ერთ შანსს მაინც აძლევს და მან ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *