ბრიტანულმა სტარტაპმა Wayve-მა, საინვესტიციო რაუნდში, რომელსაც იაპონური SoftBank-ი ხელმძღვანელობდა, $1.05 მილიარდის დაფინანსება მოიზიდა. მიღებულ თანხას კომპანია თვითმართვადი ავტომობილების ტექნოლოგიის განვითარებაში ჩადებს. C-სერიის დაფინანსების რაუნდში Wayve-ის ახალ ინვესტორებს შორის იყვნენ Nvidia და Microsoft-ი.
Wayve-ის აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამფუძნებლის, ალექს კენდალის განცხადებით, მათი კომპანიის მიზანია, ავტომატური მართვის ტექნოლოგია არა მხოლოდ ხელმისაწვდომი გახდეს მილიონობით მანქანაში, არამედ საზოგადოების ნდობაც მოიპოვოს და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცეს.
Wayve-ი, რომელიც ავტომატური მართვის ტექნოლოგიის განვითარებაზე მუშაობს, 2017 წელს დაარსდა. ტექნოლოგია მანქანებს ადამიანის ჩარევის გარეშე მართვის შესაძლებლობას აძლევს. ამავე ტექნოლოგიაზე დაყრდნობით მუშაობს მასკის Tesla-ც, რომელიც Wayve-ისგან განსხვავებით საკუთარ ავტომობილებსაც აწარმოებს. ბრიტანული სტარტაპი კი თავისი ტექნოლოგიის ლიცენზირების უფლებას სხვა ფირმებს მიჰყიდის.
მანქანის მართვისას გარემოს აღსაქმელად, Wayve-ის ტექნოლოგია სენსორებსა და კამერას იყენებს. მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მანქანის უსაფრთო ნავიგაციისთვის კი რუკა გამოიყენება. კომპანია ორიენტირებულია მანქანებში Embodied AI-ის განვითარებაზე – ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ფიზიკურ გარემოში არაპროგნოზირებად რეალობასთან ადაპტირება შეუძლია.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, 2018-დან 2022 წლამდე, თვითმართვადი მანქანების სექტორმა, ქვეყნის მასშტაბით, $596 მილიონის პირდაპირი ინვესტიცია მიიღო. შეიქმნა 1,500 ახალი სამუშაო ადგილი.