ავტომობილების მწარმოებელთა ევროპული ასოციაციის მონაცემებით, 2022 წელს მსოფლიო მასშტაბით 85 მილიონ ერთეულზე მეტი ავტომობილი აწარმოეს. ბუნებრივია, წარმოებული ავტომობილების უმეტესობა საბოლოოდ ექსპორტზე გადის და მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის არ არის განკუთვნილი. სტატიაში იმ ქვეყნების რეიტინგს წარმოგიდგენთ, საიდანაც 2022 წელს ყველაზე მეტი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა.
რეიტინგი დაფუძნებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემებზე და თითქმის ყველა ქვეყნის სტატისტიკას ითვალისწინებს, სადაც ავტომობილები იწარმოება.
დასაწყისისთვის, უნდა განვმარტოთ, რომ რეიტინგი შედგენილია „საავტომობილო პროდუქციის“ ცვლადით, რაშიც ერთიანდება ავტომობილები, საავტომობილო ნაწილები და აქსესუარები და შიდაწვის ძრავები. აღნიშნული დასახელება არ აერთიანებს მოტოციკლეტებსა და სატვირთოებს.
რეიტინგში პირველ პოზიციას პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკი ევროკავშირი იკავებს. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა 2022 წელს ჯამში $699 მილიარდის ღირებულების ავტომობილების ექსპორტი განახორციელეს. ევროკავშირიდან ექსპორტირებული ავტომობილების წილმა გლობალურ ექსპორტში 46.1% შეადგინა. რეიტინგში მეორე პოზიციაზე აშშ იმყოფება, საიდანაც გასული წლის განმავლობაში $138 მილიარდის ღირებულების ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა. ამერიკული ავტომობილების წილმა ავტომობილების გლობალურ ექსპორტში 9.1% შეადგინა.
მესამე ყველაზე მსხვილი საავტომობილო ექსპორტიორის სტატუსი 2022 წელს იაპონიამ დაიკავა. გასულ წელს ექსპორტზე $135 მილიარდის ღირებულების იაპონური ავტომობილები გაიყვანეს. საინტერესოა, რომ 2000 წლიდან 2022 წლამდე გლობალურ ექსპორტში იაპონური ავტომობილების წილი 6.4%-ით, 15.3%-დან 8.9%-მდე შემცირდა. ერთი შეხედვით უცნაურია, თუმცა რეიტინგში მეოთხე პოზიციას მექსიკა იკავებს. 2022 წელს მექსიკიდან ექსპორტირებული ავტომობილების საერთო ღირებულებამ $129 მილიარდი შეადგინა.
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდა ჩინური ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებელზე მოდის. ჩინეთი ავტომობილების მე-5 ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახლდათ, რომლის წილიც 2000 წლიდან 2022 წლამდე 7.7%-ით, 0.3%-დან 8%-მდე გაიზარდა. რეიტინგის მე-6 ადგილს $77 მილიარდის ღირებულების ექსპორტირებული ავტომობილებით სამხრეთი კორეა, მე-7 პოზიციას კი კანადა იკავებს ($50 მილიარდი).
მერვე ყველაზე მსხვილი საავტომობილო ექსპორტიორის სტატუსი გაერთიანებულ სამეფოს აქვს, მე-9 პოზიციაზე კი $30 მილიარდის ღირებულების ავტომობილების ექსპორტით ტაილანდი იმყოფება. ათეულში ბოლო პოზიციაზე $25 მილიარდის ღირებულების საავტომობილო ექსპორტით თურქეთია.
რეიტინგი | ქვეყანა | % გლობალურ ექსპორტში 2000 წელს | % გლობალურ ექსპორტში 2022 წელს | ღირებულება 2022 წელს |
1 | ევროკავშირი | 45.4% | 46.1% | $699 მილიარდი |
2 | აშშ | 11.7% | 9.1% | $138 მილიარდი |
3 | იაპონია | 15.3% | 8.9% | $135 მილიარდი |
4 | მექსიკა | 5.3% | 8.5% | $129 მილიარდი |
5 | ჩინეთი | 0.3% | 8.0% | $121 მილიარდი |
6 | სამხრეთი კორეა | 2.6% | 5.1% | $77 მილიარდი |
7 | კანადა | 10.5% | 3.3% | $50 მილიარდი |
8 | გაერთ. სამეფო | 4.5% | 2.7% | $41 მილიარდი |
9 | ტაილანდი | 0.4% | 2.0% | $30 მილიარდი |
10 | თურქეთი | 0.3% | 1.7% | $25 მილიარდი |