სულ მალე, ანუ ხვალ, 27 ოქტომბერს, თბილისში, თიბისისა და AWS-ის მომხმარებელთა ჯგუფის ორგანიზებით, ტექ-სესიების ფარგლებში, მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის სივრცეში, AWS-ის ქართული კომუნის მორიგი შეკრება გაიმართება, რომელიც ღიაა არამხოლოდ კომუნის წევრებისთვის, არამედ ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის. შეხვედრის განმავლობაში, აუდიტორიის წინაშე სიტყვით თიბისის, AWS-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპიკერები გამოვლენ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი – AWS-ის მომხმარებელთა ჯგუფი (ინგლ. AWS User Group) ქართველი და უცხოელი ინჟინრების, დეველოპერებისა და ბიზნეს პროფესიონალებისგან შემდგარი კომუნაა, რომლის მთავარ მიზანს იდეებისა და ინფორმაციის გაცვლა და ერთმანეთის განვითარება წარმოადგენს. ამგვარად, კომუნა მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმათთვის, ვისაც ქლაუდ-ტექნოლოგიის წარსული, აწმყო და მომავალი განსაკუთრებით აინტერესებს.
გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქლაუდ-კომპანიის, AWS-ის ქართული აქტივობები განსაკუთრებულად საინტერესო და მისასალმებელია, გადავწყვიტეთ, რომ დაგეგმილი შეხვედრის შესახებ თქვენთვის უფრო მეტი მოგვეყოლა, რისთვისაც AWS-ის კომერციული სექტორის გენერალურ მენეჯერს, პრჟემენკ სჟუდერს და AWS-ის მომხმარებელთა ჯგუფის წარმომადგენელს საქართველოში, ერეკლე მაღრაძეს მივმართეთ.
როდის და რატომ შეიქმნა AWS-ის ქართული კომუნა?
ერეკლე: AWS-ის კომუნა საქართველოში მას მერე შეიქმნა, რაც AWS-ის სერვისებმა ბიზნესებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მთავარი მიზეზი, მაინც კომპანიის პოლიტიკა იყო, რომელიც სტარტაპებისთვის ერთწლიანი $100-ათასიანი გრანტების გაცემას გულისხმობდა – ამ თანხის გამოყენება კომპანიებს AWS-ის სერვისების გამოსაყენებლად შეეძლოთ. ცხადია, ამ პოლიტიკის შედეგად ქართულ ბაზარზე AWS-ინჟინრების მიმართ მოთხოვნა გაიზარდა, რასაც კომპანიის მიერ ევროპაში დამატებითი რესურსების მობილიზებამაც შეუწყო ხელი.
საქართველოში AWS-ინჟინრების რიცხვის ზრდასთან ერთად, გაჩნდა საკითხების განხილვის, რეკომენდაციების გაცვლის, სასწავლო რესურსების გაზიარებისა და ტექნიკური პრობლემების ერთობლივად აღმოფხვრის აუცილებლობა. განსაკუთრებით, ამ საკითხებმა თავი პანდემიისას იჩინა, როცა კომუნიკაციამ სოციალურ ქსელებსა და პროფესიულ ონლაინპლატფორმებზე გადაინაცვლა. მოგვიანებით, 2021 წლის მარტში, AWS User Group Tbilisi-ი შეიქმნა, რომლის მთავარ მიზანს ცოდნის გაზიარება და სასერტიფიკატო პროცესში დახმარება წარმოადგენდა.
დღევანდელი მონაცემებით, კომუნის Facebook-ის ჯგუფში 365, ხოლო meetup.com-ზე 618 წევრია რეგისტრირებული, რაც საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, შთამბეჭდავი შედეგია.
რას გვეტყვით AWS Community Meetup-ის შესახებ, რომელიც 27 ოქტომბერს, თიბისის მხარდაჭერით ჩატარდება?
ერეკლე: პანდემიური ჩაკეტვების შემდეგ, 27 ოქტომბრის ღონისძიება პირველი მასშტაბური შეხვედრა იქნება, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის წევრებისთვის და AWS-ით დაინტერესებული ადამიანებისთვის ჩატარდება. შესაბამისად, ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ და საერთაშორისო ინჟინრებს შორის კომუნიკაციის გასაცოცხლებლად. ამასთანავე, დამსწრეებს საშუალება ექნებათ ნახონ, თუ რა სიახლეები ელით მიმდინარე წლის ბოლომდე და შემდეგი წლიდან, როცა AWS-თან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
რამდენად მნიშვნელოვანია თიბისის ჩართულობა AWS-ის ქართული კომუნის განვითარებაში?
ერეკლე: თიბისი AWS-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული კორპორაციული კლიენტია. ამასთანავე, თიბისიში მაღალი დონის IT-პროფესიონალები მუშაობენ, რომლებიც ამ სერვისებს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. ამგვარად, მათ შეუძლიათ, რომ საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაგვიზიარონ და თან, მათთვისაც სასურველი თანამოაზრეები იპოვონ, რომლებიც საქართველოდან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლიდან, AWS-ი აქტიურად ჩაერთვება AWS User Group Tbilisi-ის მიერ მოწყობილ ღონისძიებებში – წელიწადში, სულ მცირე, ოთხი შეხვედრის გამართვას ვგეგმავთ.
როგორ ეხმარება AWS-ი ქართულ კომუნას? რა ღონისძიებებს და საერთოდ, რა სახის საქმიანობას ეწევით საქართველოში?
პრჟემენკი: AWS-ის პროფესიონალიზმით აღსავსე და მრავალფეროვანი გუნდი რუსულად და ინგლისურად მოლაპარაკე ტექნიკური ექსპერტებისგან, არქიტექტორებისა და აკაუნტ-მენეჯერებისგან შედგება, რომლებიც ქართულ კომპანიებს ქლაუდ-მოგზაურობისას ეხმარებიან. ჩვენი გუნდი, მომხმარებელს მისი მიზნების სირთულიდან გამომდინარე ეხმარება: მომხმარებლებს ტექნიკურ და არქიტექტურულ გადაწყვეტებს ვთავაზობთ, სიღრმისეულ მასტერკლასებს, ტრენინგებს და ვებინარებს ვუტარებთ და დანახარჯების ნაწილს ვუნაზღაურებთ. ადგილზე ქართულად მოსაუბრე პარტნიორებიც გვყავს, რომლებიც ტექნოლოგიური პროექტების, ჰიბრიდული არქიტექტურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით გვეხმარებიან.
AWS-ს IT-ინდუსტრიაში ყველაზე დიდი და დინამიკური კომუნა ჰყავს, რომელშიც მილიონობით აქტიური მომხმარებელი და ასი ათასზე მეტი პარტნიორი არის გაერთიანებული. იდეებისა და ცოდნის გაზიარების და საუკეთესო პრაქტიკების შესასწავლად ადგილობრივ AWS User Group-ებს – ინჟინრებისგან, დეველოპერებისა და ბიზნესის მიმართულებით დასაქმებული წევრებისგან შემდგარ კომუნებს ვავითარებთ. ყველა, ვისაც IT-ინდუსტრია, ქლაუდ-ტექნოლოგიები და AWS-ი აინტერესებთ, კომუნაში უნდა შემოგვიერთდნენ, რათა უახლესი გადაწყვეტების შესახებ ინფორმაცია ყველაზე ადრე მიიღონ.
ცოდნის გაზიარება და განათლება – ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტებია. ქართველ მომხმარებლებს არაერთ სატრენინგო მიმართულებას ვთავაზობთ, მათ შორის AWS Cloud Practitioner-ის სრულიად უფასო კურსს – საერთო ჯამში, skillbuilder.aws-ზე 500-ზე მეტი კურსი არის ხელმისაწვდომი. ამასთანავე, ხშირად ვატარებთ ვებინარებსა და შეხვედრებს, რომლებზეც ქლაუდ-ტექნოლოგიებს და თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკებს განვიხილავთ – მათი ჩანაწერების ხილვა YouTube-ზე, AWS Blog-ზე და AWS Architecture Center-ში შეგიძლიათ.
ადგილობრივ კომპანიებს და ანტრეპრენიორებს როგორ ეხმარებით?
პრჟემენკი: AWS-ი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელშიც გრძელვადიან ურთიერთობებს ვაფასებთ. იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც ქლაუდ-ტრანსფორმაციას გადიან, ბევრ სხვადასხვა პროგრამას ვთავაზობთ, როგორც კონცეფციის პირველადი ვერსიის განვითარების ან მცირე აპლიკაციის შექმნის, ასევე დიდი კორპორაციული გადალაგების მიმართულებით.
ჩვენს მომხმარებლებს ტექნიკურად და ფინანსურად ვეხმარებით. ჩვენს სერვისებს ყველანაირი ზომისა და წონის კომპანია იყენებს და ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ ეს გლობალური ქსელი მათ სასიკეთოდ გამოიყენონ. ამასთანავე, ქართული სტარტაპ-ეკოსისტემისთვის სპეციალური პროგრამა შევქმენით, სახელწოდებით AWS Activate-ი, რომლის დახმარებით, სტარტაპებს $100 ათასამდე ღირებულების ხელსაწყოების, რესურსებისა და საექსპერტო მხარდაჭერის მიღება შეუძლიათ, სრულიად უსასყიდლოდ.
რატომ ირჩევენ ქართველი მომხმარებლები AWS-ს?
პრჟემენკი: რამდენიმე მიზეზით, ცხადია. პირველი – მოქნილობაა, რადგან AWS-ი მათ აპლიკაციების შექმნისა და ექსპერიმენტირების უსაზღვრო შესაძლებლობას აძლევს. თანაც, ეს სულ რაღაც ეს წუთების საქმეა, რაც კომპანიებს რუტინული პროცესების გამარტივებისა და უფრო მნიშვნელოვან, კრეატიულ საქმეზე კონცენტრირების საშუალებას აძლევს. მეორე მიზეზი – ელასტიკურობაა, რომელსაც მათ AWS-ის რესურსების მასშტაბირების საშუალება აძლევთ. მესამე – რენტაბელურობაა, რადგან მომხმარებლები მხოლოდ იმ სერვისების საფასურს იხდიან, რომელთაც მართლა იყენებენ – თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს მასშტაბის ეკონომიკის პრინციპები, რომლებიც AWS-ის შემთხვევაში უშეცდომოდ მუშაობს. ქართული კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ, რომ ქართულ ბაზარს გასცდნენ და გლობალურ მოთამაშეებად იქცნენ, AWS-ი, უბრალოდ, უალტერნატივოა.
დატოვე კომენტარი