საქართველოში აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა. წინანდალში გამართულ შეხვედრაში ქვეყნების თავდაცვის მინისტრები: ჯუანშერ ბურჭულაძე, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი (აზერბაიჯანი) და ჰულუსი აკარი (თურქეთი) მონაწილეობდნენ. მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოება, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა რიგით მერვე გახლდათ. მინისტერიალის დასასრულს კოლეგებმა სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მეგობრობა და ერთიანობა სამ ქვეყანას შორის აუცილებლად გაგრძელდება. ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი შედეგიანია და რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა შეხვედრის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრებით, ურთიერთობების გაუმჯობესების გზები განიხილა. ასევე ჰასანოვმა რეგიონში არსებულ ტერორისტულ და სეპარატისტულ აქტივობებზე ისაუბრა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნების სტაბილურობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას. კონფლიქტების გადაჭრაში კი საერთაშორისო სამართლისა და ორგანიზაციების როლი აღნიშნა.
რაც შეეხება თურქეთის მხარეს, ჰულუსი აკარმა სამხედრო განათლებისა და თავდაცვის სფეროში კოოპერაციის გაზრდის მნიშვნელობასა და ქვეყნების მონაწილეობით გამართული Eternity 2021-ის სამხედრო წვრთნების წარმატებით გაგრძელებაზეც ისაუბრა. ამას გარდა, მხარეებს წვრთნებში, გამოცდილებისა და პერსონალის საწვრთნელ გაცვლით პროგრამებში ჩართვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
შეხვედრის ბოლოს თავდაცვის მინისტრებმა ქართველ კოლეგას ნაყოფიერი შეხვედრისა და მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს. ქვეყნებს შორის თავდაცვის შემდეგი სამმხრივი შეხვედრა თურქეთში 2022 წელს გაიმართება.