აზერბაიჯანმა სომხეთთან 44-დღიანი ომისა და მთიან ყარაბაღზე კონტროლის დაბრუნების შემდეგ რეგიონის ეკონომიკის აღდგენა პრიორიტეტად დაისახა. რეკონსტრუქციის გეგმას ოფიციალურად „დიდი დაბრუნება“ ეწოდა. 2021 წლის თებერვალში, ცეცხლის შეწყვეტაზე ხელშეკრულების დადებიდან სამი თვის გავლის შემდეგ, აზერბაიჯანმა ლაჩინის რეგიონის სოფელ გიულაბირდში საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგური აღადგინა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც პირადად დაესწრო გახსნის ცერემონიას, განაცხადა, რომ სადგური უმნიშვნელოვანესია, რადგან აღდგენად ენერგიას დიდი პოტენციალი აქვს რეგიონის განვითარებისთვის.
ზაფხულში ტერტერის რეგიონში კიდევ ორი საშუალო ზომის სადგური გაიხსნა: სუგოვუშან 1 და სუგოვუშან 2. ელექტროსადგურები მანამდე სომხურ კომპანია „არწახს“ ექვემდებარებოდა და მატაღის 1 და მატაღის 2 სახელწოდებებით ფუნქციონირებდა. ეს სადგურები ახლა სახელმწიფოს ეკუთვნის და მათ სახელმწიფო კომპანია „აზერენერჯი“ ამუშავებს. დანარჩენი ორი სადგური – ხუდაფერინი და მაიდენი ირანისა და აზერბაიჯანის გამყოფი მდინარე არაქსის გასწვრივაა განლაგებული. ამ სადგურების მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში დაიწყო და 1993 წელს ყარაბაღის ომის დროს შეფერხდა, რის შემდეგაც სომხეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ირანმა მდინარის საკუთარ მხარეს მშენებლობა გააგრძელა. ორივე სადგური ამჟამად მშენებლობის პროცესშია და 2024 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას. მათ მიერ გამომუშავებული ენერგია კი ირანსა და აზერბაიჯანს შორის თანაბრად გადანაწილდება.
გარდა ჰიდროელექტროსადგურებისა, აზერბაიჯანის მთავრობა ყარაბაღში ქარისა და მზის ენერგიის დანადგარების აშენებას აპირებს, რათა რეგიონი ე.წ. მწვანე ენერგიის ზონად იქცეს. აზერბაიჯანის ენერგიის მინისტრის, ფარვიზ შაჰბაზოვის თქმით, ყარაბაღის რეგიონი ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით სრულად მომარაგდება. რეგიონის ენერგოპროდუქცია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ომის შემდეგ ყარაბაღის სომხეთის მიერ კონტროლირებადი ნაწილისა და თვით სომხეთის ენერგოუსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სომხეთსა და ყარაბაღს შორის ენერგიის ტრანსპორტირება ყარაბაღსა და სომხეთს შორის მდებარე ქალბაჯარის რეგიონზე აზერბაიჯანის მიერ კონტროლის აღდგენის შემდეგ მნიშვნელოვნად შეფერხდა.
მაშინ როდესაც ყარაბაღის რეგიონში ენერგიის საკითხი მეტ-ნაკლებად მარტივად გადაიჭრა, აზერბაიჯანის მთავრობა მიზნად ისახავს ომის შემდეგ დაბრუნებულ ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის დაბრუნებას. ბაქომ ასიათასობით ადამიანისთვის ყარაბაღში ე.წ. ჭკვიანი სოფლების გაშენება დაიწყო, რაც სასოფლო განვითარების ჰოლისტიკურ მიდგომას გულისხმობს და თანამედროვე ტექნოლოგიის, ავტომატიზაციისა და აღდგენადი ენერგიის მეშვეობით ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას მოიაზრებს. აზერბაიჯანის მთავრობა ყარაბაღის განვითარების დასაჩქარებლად ასევე მიზნად ისახავს ე.წ. აგროპარკების სისტემის გაფართოებასაც. აგროპაკი არის ფართომასშტაბიანი, მთავრობის მიერ სუბსიდირებული აგრარული ბიზნესკომპანიები, რომლებიც აზერბაიჯანში 2012 წლიდან ფუნქციონირებს. „ჭკვიანი სოფლები“ შედარებით ახალი პროექტია და ბაქოს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის განსახლებაში დაეხმარება.
აზერბაიჯანის მედია „ჭკვიან სოფლებს“ დიდ ყურადღებას უთმობს და მთავრობის განცხადებებზე დაყრდნობით იმედოვნებს, რომ ავტომატიზაცია ახალმოსახლეების შრომას დიდწილად შეამცირებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიხედვით კი „ჭკვიანი სოფლების“ პროექტის იმპლემენტაცია ეკოლოგიურად სუფთა და ალტერნატიული ენერგიის გამოყენებით მოხდება და მათი ფუნქციონირება „ჭკვიანი მენეჯმენტის“ სისტემას დაეფუძნება.
აზერბაიჯანს ეს პროექტი ერთ მილიარდ დოლარზე მეტი უჯდება. მიუხედავად ამისა, არსებობს გამოწვევები, რომლებიც პროექტის ეფექტიან განხორციელებას ხელს უშლის. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დიდი დრო დაუთმო ყარაბაღის რეკონსტრუქციისა და ხელახლა განსახლების გეგმას, ზუსტად რა განხორციელდება, ჯერ კიდევ გაურკვეველია. მთავრობას ასევე არ გაუთვალისწინებია იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებები, რაც, გამოკითხვის მიხედვით, სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში ჩაბმაა. აზერბაიჯანული მედიის მიხედვით, უკან დაბრუნებული მოსახლეობის მთავარი პრობლემა უმუშევრობა და საფერმო საქმიანობაში ჩართვის შეუძლებლობაა. გამოკითხვების მიხედვით, იძულებით გადაადგილებული პირები არ არიან დაინტერესებული „ჭკვიან სოფლებში“ ცხოვრებით – მათ ყარაბაღის დატოვებამდე არსებული საქმიანობის გაგრძელება სურთ. ამ პრობლემებს ამწვავებს დასაქმების დაბალი დონეც, რის გამოც რთულია იმის თქმა, თუ რამდენად გაუმკლავდება აზერბაიჯანის მთავრობა დასაქმების ხელშეწყობას დედაქალაქიდან ასეთ მოშორებულ რეგიონში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალმოსახლეებს არ შეუძლიათ სასოფლო სამეურნეო სექტორში ჩაბმა.
დატოვე კომენტარი