ევროკავშირის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთმანეთს მომდევნო კვირას, ბრიუსელში შეხვდებიან. შეხვედრაზე მეზობელი ქვეყნების ლიდერები მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ დაპირისპირებასა და გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობას განიხილავენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ანტონო ბლინკენი შეხვედრის შედეგიანობაზე იმედს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის უკვე შემდგარი მოლაპარაკებებიდან გამომდინარე ამყარებს. სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი ერთმანეთს 14 მაისს შეხვდებიან. ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ლიდერებს შორის შეხვედრა ევროკავშირის შტაბ-ბინაში გაიმართება და მას საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც დაესწრება.
მთიანი ყარაბაღის გარშემო ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება ოცდაათ წელზე მეტია, რაც გრძელდება. ტერიტორია, რომელიც უმეტესად სომხებითაა დასახლებული, აზერბაიჯანის ნაწილადაა აღიარებული. თუმცა ორ მხარეს შორის სასაზღვრო შეტაკებები პერიოდულად მიმდინარეობს.
ევროკავშირის ინფორმაციით, ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს პირველ ივნისს, მოლდოვაშიც შეხვდებიან. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ განვითარების შეხვედრებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც დაესწრებიან. ევროკავშირის განცხადებით, ლიდერების შეთანხმების საფუძველზე, ბრიუსელში სამმხრივი შეხვედრები საჭიროებისამებრ გაგრძელდება.