გასულ კვირას აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ახალი და უკვე არსებული ინფრასტრუქტურის აშენებისა და რეაბილიტაციისთვის, ურბანულ ცენტრებში სერვისებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და ცხოვრების დონის ასამაღლებლად, 119.9 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხი დაუმტკიცა.
აზიის განვითარების ბანკმა აღნიშნული სესხი საქართველოს ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროექტის ფარგლებში გამოუყო და ის წინასწარი გათვლებით თბილისსა და რეგიონებში 1.5 მილიონ ადამიანს მოუტანს გარკვეულ სარგებელს.
აღნიშნული პროექტი მობილობის გასაუმჯობესებლად ქალაქის ცენტრების, საჯარო სივრცეების, პარკებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში აშენდება ბიბლიოთეკები, სასწავლო ონლაინცენტრები, საბავშვო ბაღები, სპორტული კომპლექსები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო მითითებებს გამოიყენებს ხანდაზმული ადამიანებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ქალებისა და ბავშვებისათვის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად და ზემოთ აღნიშნული სივრცეებით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველსაყოფად.
გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია კულტურული ადგილების, ისტორიული ქალაქების ცენტრებისა და სხვა კულტურული ნაგებობების რეაბილიტაციაც. გარდა ამისა, დაგეგმილია თბილისის მეტროს მოდერნიზება, რაც ხელს ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს. აზიის განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში ტრენინგებისა და ვორკშოპების მეშვეობით გაძლიერდება მთავრობის შესაძლებლობაც, მართოს რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება.
საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი 2007 წლიდან არის. საქართველოსათვის გაცემული სესხების ჯამური მოცულობა კი უკვე 3.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
დატოვე კომენტარი