აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ელექტროგადამცემი სექტორის გასაძლიერებლად $100-მილიონიანი საბიუჯეტო სესხი დაუმტკიცა. კომპანიის განცხადებით, ADB მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, ოპერაციული სტრუქტურის, ქვეყნის კორპორაციული მართვისა და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესებით გააძლიეროს ქვეყნის ელექტროგადამცემი სექტორი.
ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ევგენი ჟუკოვის განცხადებით, ეს პროგრამა მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორაციული მართვის გაუმჯობესებას. ჟუკოვმა ასევე ხაზი გაუსვა ADB-ის მზადყოფნას, დაეხმაროს მთავრობას ამ მიმართულებით უფრო გაფართოებული რეფორმების გატარებაში და ეკონომიკური ზრდის მიღწევაში. ელექტროგადამცემი სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში ბანკი მხარს დაუჭერს სააქციო საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში (სსე) ინსტიტუციური რეფორმების გატარებას მის თანამედროვე, ოპერაციულად ეფექტიან და ფინანსურად მდგრად ორგანიზაციად ჩამოყალიბების მიზნით.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და მისი შვილობილი ორგანიზაცია „ენერგოტრანსი“ მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული როგორც მთავრობის დაფინანსებაზე, ასევე საგარეო ვალზე. საგარეო ვალი კომპანიებს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განახლებასა და გაფართოებაში დაეხმარა. მთავრობამ კი, სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმირების მიზნით, კომპანიის ახალი ქარტიისა და დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო შექმნა, რომელმაც ადგილობრივი კანონმდებლობისა და პრაქტიკის სამართლებრივი ჩარჩო და განახლებული წესდება შეიმუშავა. მთავრობამ ასევე გააძლიერა სსე-ის საინვესტიციო დაგეგმარება.
ADB-ის პროგრამა განაგრძობს სსე-ის ოპერაციული სტრუქტურისა და ეფექტიანობის, კორპორაციული მმართველობისა და ინსტიტუციური გარემოს გასაუმჯობესებლად, ასევე ფინანსური სიძლიერის მისაღწევად რეფორმების მხარდაჭერას.
შეგახსენებთ, რომ ADB 1966 წელს დაარსდა და ის 68 ქვეყანას აერთიანებს. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად განვითარებას. საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი 2007 წელს გახდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული საქართველოსთვის ADB-ის მიერ გაცემული სესხების ჯამი $3,92 მილიარდს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები $28,9 მილიონს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებს შორისაა ვაჭრობის გაფართოება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ეკონომიკური დერეფნების განვითარების გზით სიღარიბის დამარცხება.
დატოვე კომენტარი