CNN-ისა და Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გაგზავნას გეგმავს. მედიასააგენტოების თანახმად, აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ განცხადებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში გაავრცელებს. შედეგად, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი სამხედრო დახმარების ღირებულება მთლიანობაში 3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.
ზემოთ აღნიშნული მედიების ინფორმაციით, სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მისი მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება კი, დიდი ალბათობით, მომდევნო 36 საათის განმავლობაში იქნება მიღებული.
გასულ კვირას, შეერთებული შტატების მზაობა უკრაინისათვის უფრო მეტი სამხედრო ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბაიდენმაც დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ შტატები უკრაინას უფრო მეტ საარტილერიო დანადგარს გაუგზავნის. ცნობისათვის, გასულ კვირას გაცხადებული სამხედრო დახმარების პაკეტით აშშ-მა უკრაინას 18 ჰაუბიცა გამოუყო.
დამატებითი შეიარაღების გამოყოფასთან დაკავშირებით ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა NATO-ს ლიდერებთან ვიდეოკონფერენცია გამართა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ წინა $800-მილიონიანი დახმარება საარტილერიო დანადგარებს, 11 ერთეულ Mi-17 ტიპის ვერტმფრენს, Switchblade თვითმკვლელ დრონებსა და სხვა სახის სამხედრო ტექნიკას მოიცავდა.
დატოვე კომენტარი