აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილების იმპლემენტაციისთვის ემზადება – მომავალი თვიდან ჩინეთში ამერიკული წარმოების ჩიპების, პროცესორებისა და ნახევარგამტარების ექსპორტი შეიზღუდება.
სავაჭრო დეპარტამენტის საკანონმდებლო ინიციატივა ჩინეთის ტექნოლოგიური და სამხედრო სექტორების შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან აღნიშნული ტიპის ტექნოლოგია, შესაძლოა, კომუნისტური მთავრობის მიერ იარაღის, ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური კომპიუტერების შესაქმნელად იქნეს გამოყენებული.
საგულისხმოა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გრძელვადიან სტრატეგიულ დოკუმენტში ხელოვნური ინტელექტი და კვანტური კომპიუტერები უმაღლესი პოტენციური რისკის მქონე ტექნოლოგიებადაა მოხსენიებული, შესაბამისად, ამ ტიპის ტექნოლოგიის კონტროლი აშშ-ის მთავრობისთვის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
გარდა უშუალოდ მზა პროდუქციისა, რომელსაც კომპანია Nvidia და AMD აწარმოებს, შეიზღუდება იმ ხელსაწყო-დანადგარების ექსპორტიც, რომლებიც ჩიპების წარმოებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ექსპერტების შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა აშშ-ჩინეთის „სავაჭრო ომის“ ფარგლებში მიღებული ერთ-ერთი უმკაცრესი ზომა იქნება, რომელიც საგრძნობლად შეზღუდავს ჩინეთის ტექნოლოგიურ სექტორს, რადგან ამერიკული ჩიპების ალტერნატივით ჩანაცვლების საშუალება ჩინეთს არ აქვს, ადგილობრივი წარმოების გასავითარებლად კი მილიარდობით ინვესტიცია, მაღალკვალიფიციური კადრების გადამზადება და გარკვეული პერიოდია საჭირო.
დატოვე კომენტარი