მიმდინარე წლის ნოემბერში აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმართება. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს კანდიდატებად მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰყავთ წარდგენილი. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საზოგადოებაში სულ უფრო იმატებს ინტერესი კანდიდატების მოსაზრებების, გეგმებისა და დაპირებებისადმი. აღნიშნულის გავრცელების საუკეთესო საშუალება კი აშშ-ის პოლიტიკურ კულტურაში ტრადიციად ქცეული საპრეზიდენტო დებატებია. ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი სატელევიზიო არხების, CNN-ისა და ABC-ის დებატებზე მოწვევას დასთანხმდნენ, რომლებიც ივნისსა და სექტემბერში გაიმართება.
პირველ დებატებს 27 ივნისს CNN-ი უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ABC-ის ეთერში დებატების მეორე რაუნდი გაიმართება. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ყოფილი საპრეზიდენტო დებატებში ოფიციალურად გუშინ გამოიწვია, ეს უკანასკნელი კი გამოწვევას მალევე დათანხმდა.
CNN-ის ეთერში დებატები დამსწრე მაყურებლების გარეშე ჩაივლის. გარდა ამისა, შესაძლოა დებატები მხოლოდ რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატს შორის გაიმართოს, რადგან მესამე, დამოუკიდებელი კანდიდატი, რობერტ კენედი უმცროსი, დიდი ალბათობით, 27 ივნისისათვის დებატებში მისაღებად საჭირო მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. დებატების პირველ რაუნდს CNN-ის ეთერში წამყვანები ჯეიკ ტაპერი და დანა ბეში გაუძღვებიან. ABC-ის დებატების მოდერატორები კი დევიდ მუირი და ლინსი დევისი იქნებიან.
დონალდ ტრამპი უკვე რამდენიმე თვეა, ჯო ბაიდენს დებატებში იწვევს, თუმცა ბაიდენი გამოწვევაზე უარს აქამდე სხვადასხვა მიზეზით ამბობდა. ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი დებატებს მხოლოდ ეროვნული სატელევიზიო მაუწყებლების ეთერში დათანხმდა, ნაცვლად საპრეზიდენტო დებატების კომისიისა, რომელიც დებატებს 80-იანი წლებიდან მართავს.
როგორც აღვნიშნეთ, დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო დებატები მხოლოდ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება. CNN-ისა და ABC-ის მოთხოვნით, საპრეზიდენტო დებატებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებს ოთხ სხვადასხვა ადგილობრივ პრაიმერიზში მინიმუმ 15%-იანი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ. პოტენციური კანდიდატები კი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. ბაიდენის, ტრამპისა და რობერტ კენედი უმცროსის გარდა, საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე ასევე დამოუკიდებელმა კანდიდატმა კორნელ უესტმა, მწვანეთა პარტიიდან ჯილ შტეინმა და ლიბერტარიანელმა ლარს მაპსტედმა წარადგინეს.