თეთრმა სახლმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და პირველი ლედის შემოსავლები გაასაჯაროვა. როგორც თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, გასულ წელს ჯო და ჯილ ბაიდენებმა $620 ათასი (გადასახადების გარეშე) გამოიმუშავეს. მათი შემოსავალი 7%-ით მეტია 2022 წელთან – $580 ათასი – შედარებით, თუმცა წლიური ზრდა ძირითადად საპროცენტო შემოსავლების მატებითაა გამოწვეული.
ბაიდენის შემოსავალი შთამბეჭდავია, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მისი რესპუბლიკელი ოპონენტის შედეგებს. აშშ-ის პრეზიდენტის შემოსავალი დაახლოებით იმდენია, რამდენსაც Girl Scouts of Greater New York-ი დონალდ ტრამპს ოფისის ქირაში უხდის.
ქვეყნის პირველი პირისა და პირველი ლედის შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდება: $400 ათასს ჯო ბაიდენი პრეზიდენტობისგან იღებს, $86 ათასის შემოსავალი კი მის მეუღლეს, ჯილ ბაიდენს Northern Virginia Community College-ის პროფესორობისგან აქვს. $55 ათასისი ბაიდენებმა სოციალური უზრუნველყოფის შეღავათებიდან მიიღეს, $35 ათასი – პენსიებიდან, $39 ათასიც – საპროცენტო განაკვეთებიდან. დამატებით $4 ათასის შემოსავალი ჯილ ბაიდენმა წიგნის ჰონორარიდან გამოიმუშავა. მიღებული შემოსავლებიდან დაახლოებით $20 ათასი ცოლ-ქმარმა გასულ წელს ქველმოქმედებაზე დახარჯა და ჯამში 17 სხვადასხვა ორგანიზაციას დაეხმარა.
ბაიდენებმა ფედერალურ გადასახადებში $147 ათასი გადაიხადეს, რაც მათი გასული წლის შემოსავლის 24%-ს შეადგენს. შედარებისთვის, 2021 წელს, IRS-ის მონაცემებით, რიგითი ამერიკელის ეფექტიანი საგადასახადო განაკვეთი 13.8%-ს უტოლდებოდა. გარდა საგადასახადო და საქველმოქმედო ხარჯებისა, პრეზიდენტსა და პირველ ლედის თეთრ სახლში ცხოვრებისას საკუთარი პირადი დანახარჯებიც აქვთ, მათ შორის ფარავენ სასურსათო და სხვა საცხოვრებელი ტიპის ხარჯებს.
გასული წელი ფინანსურად ბაიდენისთვის მოგებიანი აღმოჩნდა. თუმცა ეს საკმარისი არ ყოფილა მისი ქონების წმინდა ღირებულებაზე გავლენის მოსახდენად. ჯო ბაიდენმა თავისი სიმდიდრის დიდი ნაწილი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ დააგროვა, მათ შორის საჯარო გამოსვლებით, წიგნებითა და პროფესორობით. Forbes-ის მონაცემებით, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, ბაიდენის ქონების წმინდა ღირებულება არ შეცვლილა და კვლავ $10 მილიონს უტოლდება.
პრეზიდენტად არჩევამდე თეთრი სახლის ამჟამინდელი ლიდერი $8 მილიონს ფლობდა, ინაუგურაციის შემდეგ კი მისი სიმდიდრე 25%-ით გაიზარდა. ბაიდენის სიმდიდრის ზრდა უმეტესწილად უკანასკნელ ორ წელიწადში, თავად პრეზიდენტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ფასის მატებითაა განპირობებული.
ბაიდენების $10-მილიონიანი ქონების უდიდესი ნაწილი – $7 მილიონი – დელავერის შტატში მდებარე ორ სახლზე მოდის. პრეზიდენტის ყველაზე ძვირად ღირებული აქტივი საზაფხულო სახლია, რომელიც მან 2017 წელს, ვიცეპრეზიდენტობიდან გადადგომის შემდეგ შეიძინა. შესყიდვის დროს, დელავერის საზაფხულო სახლის ღირებულება $1.7 მილიონს უტოლდებოდა, ახლა კი $4.5 მილიონამდეა გაზრდილი. ბაიდენის საკუთრებაშია კოლონიური სტილის სახლიც, რომლის ღირებულება ამჟამად $2.5 მილიონია. ჯამურად, ბაიდენის ორი სახლი მისი პირადი ქონების დაახლოებით ორ მესამედს შეადგენს.