აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო პირების დაცვის ულტიმატუმი წაუყენა.
გასული წლის 7 ოქტომბერს კონფლიქტის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკულ დახმარებას ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოსახდენად იყენებს. ბაიდენის განცხადებით, შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის არიდების შემთხვევაში ისრაელი დახმარებას ვერ მიიღებს.
სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელის სარაკეტო თავდასხმას ჰუმანიტარული ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის თანამშრომლები ემსხვერპლა. ისრაელმა თავდასხმას შეცდომა უწოდა და მოიბოდიშა. მოგვიანებით კი, მომხდარზე პასუხისმგებელი ორი ოფიცერი გაათავისუფლეს და მეთაურებს ფორმალური საყვედური გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები და დასავლურ სახელმწიფოთა ლიდერები ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევისკენ უკვე კვირებია, მოუწოდებენ. მიუხედავად მკაცრი მოთხოვნებისა, მხარეები პირობებზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის 30 წუთს გაგრძელდა და ლიდერებმა კონფლიქტის დეესკალაციის გზებზე ისაუბრეს. როგორც იკრვევა, აშშ-ის პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკა ღაზის სექტორის მიმართ სრულადაა დამოკიდებული ისრაელის მოქმედებებზე.
დღეს ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ახალი გზები გაიხსნა. ჩრდილოეთ ღაზაში ერეზის კარიბჭე კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ პირველად გაიხსნება. ჰუმანიტარული ტვირთების მისაღებად დროებით გაიხსნება აშდოდის პორტიც. ქერემ-შალომის გასასვლელი კი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთებს კვლავ გაატარებს.