ბაიდენმა რუსული ურანის იმპორტის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა

ბაიდენმა რუსული ურანის იმპორტის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში რუსული ურანის იმპორტის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა. აშშ-ის გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ბირთვულ რეაქტორებში გამოყენებადი საწვავის იმპორტზე აკრძალვა ბაიდენის ხელმოწერიდან დაახლოებით 90 დღეში ამოქმედდება. თუმცა მიწოდებისას შეფერხების შემთხვევაში, ენერგეტიკის დეპარტამენტს გარკვეულ შემთხვევებში გამონაკლისის დაშვების საშუალება დარჩება. მათ შორის, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, რუსული ურანის იმპორტზე ნებართვა აშშ-ში შესაძლოა 2027 წლამდეც გახანგრძლივდეს.

რუსეთი მსოფლიოში ურანის უმსხვილესი მიმწოდებელია, აშშ-ის ატომური ელექტროსადგურების მიერ გამოყენებული ურანის დაახლოებით 24%-იც სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. აკრძალვის პარალელურად ამერიკელმა კანონმდებლებმა ლოკალურ ბაზარზე ურანის საწვავის ინდუსტრიის შესაქმნელად $2.7 მილიარდიც გამოყვეს.

„პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონმდებლობა გააძლიერებს ამერიკის პოზიციებს ენერგეტიკულ სექტორში, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებითა და შემდეგ მისი სრულად აღმოფხვრით“, – განაცხადა პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა.

გასული წლის დეკემბერშიც, აშშ-მა კანადასთან, საფრანგეთთან, იაპონიასა და გაერთიანებულ სამეფოსთან პარტნიორობით, ურანის წარმოების გაძლიერებისთვის, კოლექტიურად, $4.2 მილიარდის გამოყოფის პირობა დადო. ამასთან ერთად კი, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-მა ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე კი ზღვრული ფასები დააწესა.