„ტერასა ჯგუფის“ ₾7-მილიონიანი ინვესტიციით ბაკურიანში მასშტაბური დასასვენებელი კომპლექსი „ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ შენდება.
პროექტი 2022 წლისთვის დასრულდება და გააერთიანებს როგორც აპარტამენტებს, ისე 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, რესტორანს, დახურულ აუზს, ტერასას, საბავშვო გასართობ სივრცეებს, კერძო პარკინგსა და 4 800 კვ/მ-ის რეკრეაციულ ზონას.
დასრულების შემდეგ „ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ კურორტის ყველაზე მასშტაბური პრემიუმ-კლასის კომპლექსი იქნება, რომელიც ზამთრის ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად ან დასასწრებად ჩასული როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტების მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.
როგორც „ტერასა ჯგუფის“ კომერციული დირექტორი თამარ გაფრინდაშვილი Forbes Georgia-სთან განმარტავს, პანდემიური ვითარების მიუხედავად, კომპლექსის საინვესტიციო აპარტამენტების მიმართ მომხმარებელთა ინტერესი საკმაოდ მაღალია.
„ამ ეტაპზე პროექტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც დაგეგმილი გვაქვს, ისინი 2022 წელს დასრულდება და დამსვენებლების მისაღებად უკვე მზად იქნება. სანამ პროექტზე მუშაობას დავიწყებდით, შევისწავლეთ ბაზარი, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ბაკურიანში სწორედ ამ ტიპის კომპლექსის მოთხოვნა არსებობდა. კურორტზე არ იყო ზოგადად დაცული სივრცე, რომელიც ამდენ პრემიუმ-კლასის სერვისს ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანებდა“, – განმარტა გაფრინდაშვილმა.
„ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ ძველი სანატორიუმის ადგილზე შენდება, რომელსაც თავისი ფუნქცია წლების განმავლობაში დაკარგული ჰქონდა.
დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფის“ მიერ დასრულებული და მიმდინარე პროექტების ჯამური ინვესტიცია 30 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში. დღევანდელი მდგომარეობით, „ტერასა ჯგუფს“ 8 დასრულებული და 7 მიმდინარე პროექტი აქვს, რომლებიც 3000-მდე მობინადრეს აერთიანებს.
„ტერასა ჯგუფი“ 2017 წელს დააფუძნა ლევან დარასელიამ, რომელიც გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებს.
დატოვე კომენტარი