ბალანსის ფაქტორი

ბალანსის ფაქტორი

ასეთი აქტიური საქართველოს ეროვნული ბანკი კარგა ხანია, არავის ახსოვს — ასეთია ყველას შეფასება, ვინც განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის აქტივობას ყურადღებით ადევნებს თვალს. საქმე ის არის, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკისგან საკმაოდ ბევრი ახალი რეგულაციის შესახებ გავიგეთ – ნაწილი უკვე ხორციელდება, ნაწილი კი – დაგეგმილია. კომერციული ბანკების ლიცენზირების პირობები, ჰოლდინგების მიერ არაპროფილური აქტივების რეგულირება, გამჭვირვალობის ახალი სტანდარტების დამკვიდრება, მინიმალური საწესდებო კაპიტალის გაზრდა და ასე შემდეგ — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მიდგომებიდან, რასაც ეროვნული ბანკი ან უკვე ახორციელებს ან საერთო თამაშის წესად დამკვიდრებისთვის დროს და ენერგიას არ ზოგავს. პარალელურად, საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს ორ ყველაზე საკამათო რეფორმაზე – – როგორებიცაა, დეპოზიტების დაზღვევა და საპენსიო რეფორმა. ამ რეფორმებთან დაკავშირებით, როგორც წესი, აზრი ორად არის გაყოფილი — ზოგი, მათ შორის, ეროვნული ბანკიც ამბობს, რომ ამ რეფორმების გატარება აუცილებელია, ზოგიც, პირიქით, ამბობს, რომ შემოთავაზებული ფორმით არცერთი ეს რეფორმა იმ შედეგს არ მოიტანს, რაც ჩაფიქრებულია, რადგან მასშტაბი არ ეყოფა — შესაბამისად, მხოლოდ დამსაქმებლისთვის გაზრდის ფინანსურ ტვირთს, რაც ეკონომიკური ზრდისთვის შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს.

ყველა ამ საკითხზე მსჯელობისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პირველ რიგში ეროვნული ბანკის ორი მთავარი ფუნქციიდან ამოდის. ესენია: ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა. ხუმრობს კიდეც, რომ ამ ორ ფრაზას იმდენად ხშირად ახსენებს, რომ ზოგჯერ, შეიძლება ეს ვინმესთვის გამაღიზიანებელიც იყოს, მაგრამ „სხვაგვარად არ გამოვა, რადგან სწორედ ესაა ეროვნული ბანკის უპირველესი ამოცანა.“მთავარი კითხვა სწორედ აქ ისმის: როგორი უნდა იყოს რეგულირება, რომ ერთი მხრივ სტაბილურობას შეუწყოს ხელი და მეორე მხრივ, ინვესტიციების შემოდინება არ შეზღუდოს? კობა გვენეტაძეს ამაზე მოკლე პასუხი აქვს: „ზომიერი“. თუმცა ბევრ მაგალითზე დაკვირვებით, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პასუხის გაცემა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე საქმეში გატარება. როგორ აპირებს ამას ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე – FORBES Banker-ის ვრცელი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბატონო კობა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ მოიცალეთ FORBES Banker-ისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ გამოცემის პრეზენტაცია სწორედ ეროვნულ ბანკში შედგება. მოდი, პირდაპირ გკითხავთ: რა სჭირდება დღეს, თქვენი აზრით, საქართველოს ფინანსურ სექტორს – მეტი თავისუფლება, თუ მეტი რეგულირება?

ელენე, მოდი, ასე შევხედოთ:  დღეს უნდა მივაღწიოთ ბალანსს ორ მიმართულებას შორის – ბაზრის ეფექტიანობა და სტაბილურობა. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო, თავისი ზომიდან გამომდინარე, ვერასდროს იქნება სისტემური ეკონომიკის ქვეყანა. ჩვენი მიზანია, რომ საფინანსო სექტორში შესაძლებელი იყოს გრძელვადიანი სესხის ისეთ პროცენტში აღება, რომ ეს არ იქცეს ფინანსურად ძალიან მაღალ ტვირთად, და პირიქით, დეპოზიტებზე იყოს ისეთი პროცენტი, რომელიც მისაღები იქნება დეპოზიტარებისათვის. ვფიქრობ, რომ განვითარების ამ ეტაპზე, ცუდი შედეგი არ გვაქვს. მაგრამ იმისათვის, რომ ბანკებს შორის იყოს მეტი კონკურენცია, მნიშვნელოვანია, რომ ეს ბანკები იყოს ძლიერი და ჯანსაღი.

რატომღაც აქცენტი ყოველთვის კეთდება ბანკების რაოდენობაზე, მაგრამ რაოდენობა არ არის კონკურენციისთვის მნიშვნელოვანი ერთადერთი ფაქტორი. მაგალითისთვის, შევხედოთ მიკროსაფინანსო სექტორს. ამჯერად ბაზარზე გვყავს 80–ზე მეტი ორგანიზაცია, მაგრამ საპროცენტო განაკვეთები 2–3–ჯერ მაღალია, ვიდრე საბანკო სექტორში. პრინციპში გვაქვს სექტორი, სადაც მოთამაშეთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, მაგრამ საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად მხოლოდ მოთამაშეთა რაოდენობა არ არის საკმარისი.

საბანკო სექტორს რომ დავუბრუნდეთ, ამ სექტორს ახასიათებს მაღალი ფიქსირებული ხარჯები –– ამ ხარჯების შემცირებით შესაძლებელია ეფექტიანობის გაზრდა და როდესაც ეფექტიანობა მაღალია, შესაბამისად, დაბალია საპროცენტო განაკვეთი.

ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ სექტორში გამსხვილებამ და სინერგიამ შეიძლება კონკურენციაზე დადებითად იმოქმედოს, თუმცა აქვე უნდა ვთქვა: არ ვიცი რამდენი ბანკი იქნება ხვალ თუ ზეგ, ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ბანკები იყვნენ ძლიერნი და შეძლონ უკეთ კონკურენცია ერთმანეთთან. მხოლოდ ამ პირობებში შევძლებთ შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ სპრედის შემცირების ტრენდი.

ძლიერში რას გულისხმობთ?

ბანკს არ უნდა სჭირდებოდეს რისკიანი გადაწყვეტილების მიღება იმისთვის, რომ ბაზარზე თავი დაიმკვიდროს. ამისთვის კი მისი კაპიტალიზაცია უნდა იყოს მაღალი. ბოლოს საქართველოში 12 მილიონ ლარად იყო შესაძლებელი საბანკო ლიცენზიის მიღება. ასეთი დაბალი კაპიტალიზაციის მქონე ბანკი უფრო რთულად უმკლავდება საგარეო შოკებს – იმ პირობებშიც კი, როცა ეროვნული ბანკი თავისი ზედამხედველობით მაქსიმალურად იცავს ფინანსურ სექტორს სავალალო შედეგებისგან.

ბაზარი აბსოლუტურად ღია და თავისუფალია: ბანკს, რომელიც სტანდარტებს აკმაყოფილებს, ამ ბაზარზე თავის დამკვიდრების არანაირი პრობლემა არ აქვს. მეორე მხრივ, ეს სტანდარტები ავტომატურად ფილტრავს რისკის შემცველ მოთამაშეებს: მაგალითად, ბევრ ფინანსურ თუ ინდუსტრიულ ჯგუფს ვხვდებით, რომელთაც სურთ, საქართველოში გახსნან ბანკი, მაგრამ როდესაც ჩვენ აუცილებელ მოთხოვნებს ვუხსნით, განსაკუთრებით გამჭვირვალობის თვალსაზრისით, და ისინი ხედავენ, რომ ამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, როგორც წესი, მეორედ აღარც მოგვმართავენ.

ხომ არ ჩნდება რისკი, რომ ბაზარი ჩაიკეტება და ის მთლიანად შეზღუდული რაოდენობის მსხვილი მოთამაშეების ხელში აღმოჩნდეს?

ბაზარზე შემოსვლის ბარიერი არავის აქვს. ის, რომ დღეს უფრო მაღალი კაპიტალიზებაა საჭირო, დროის მოთხოვნაა – შეუძლებელია ეს მოთხოვნები და პირობები არ იცვლებოდეს, რადგან თვითონ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება და იზრდება. ამიტომ შეუძლებელია, რომ ამას ფეხი არ ავუწყოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მთავარია, ბაზარზე იყვნენ მძლავრი ბანკები და ძლიერი ბანკებს შორის კონკურენცია მიგვიყვანს საპროცენტო განაკვეთების შემცირებამდე.

ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი დოკუმენტი და აქტი გამოიცა ეროვნული ბანკის მიერ. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ჩნდება რისკი, რომ ბევრმა რეგულაციამ გამოიწვიოს სისტემის შეჩერება ან გადაწვა?

მეც გეთანხმებით იმაში, რომ მაშინ, როცა ნაკლებ რეგულაციებს მივყავართ ფინანსური სტაბილურობის რისკებამდე, ზედმეტმა რეგულაციებმა შეიძლება გამოიწვიოს სისტემის განვითარების შენელების რისკი. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა – რეგულაციები უნდა იყოს ოპტიმალური და უნდა ჰქონდეს მიზანი.

თქვენს შემთხვევაში, რა არის ეს მიზანი?

მთავარი ზედამხედველობის ფუნქციაა, რომელიც აქვს ეროვნულ ბანკს. გვინდა, ეს ფუნქცია საერთაშორისო სტანდარტებს დავუახლოვოთ. ჩვენი თანამშრომლები ბაზელის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრები არიან. ამ კომიტეტის სტანდარტებს განვიხილავთ და ვაანალიზებთ: რა შეიძლება გავითვალისწინოთ საქარველოს რეალობის პირობებში, რადგან პირდაპირი კოპირება, რა თქმა უნდა, არ იმუშავებს.

ვგეგმავთ გამჭვირვალობის კიდევ უფრო გაზრდას: კომერციულ ბანკებს მოუწევთ დღეს არსებული საზედამხედველო ანგარიშები ევროკავშირში აპრობირებულ ანგარიშგების ფორმის შესაბამისად მოამზადონ,  რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას და იმავდროულად, ზედამხედველობის ეფექტიანობის ზრდას.

ვაპირებთ ასევე, ბაზელ III ჩარჩოს მესამე პილარის დანერგვას, რომლის ფარგლებშიც კომერციული ბანკები ვალდებული იქნებიან, გამოაქვეყნონ რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაცია კაპიტალის ელემენტების, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების, უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და სხვა მატერიალური საკითხების შესახებ. ვგეგმავთ ლევერიჯის კოეფიციენტის დანერგვასაც, რაც მთელ მსოფლიოში რისკებზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების თანამედროვე საშუალებად ითვლება.

ასევე, იცით, რომ უკვე დამტკიცდა და სექტემბრიდან ამოქმედდება ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი, რაც არის თანამედროვე და ეფექტური მიდგომა მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვის მიმართულებით. დამატებით, გრძელვადიანი ლიკვიდობის გასაუმჯობესებლად ვაპირებთ წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შემუშავებას. ამის შემდეგ, უკვე შეგვეძლება ვთქვათ, რომ ლიკვიდობის რისკის საზედამხედველო ჩარჩო მთლიანად შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

ამავე დროს, გვინდა და ვგეგმავთ საკრედიტო სტანდარტების – კერძოდ, სესხის სტანდარტული მომსახურების კოეფიციენტის კრიტერიუმების შემოღებას, რაც გამსესხებელს დამატებით ინსტრუმენტებს შეუქმნის, რომ მან უფრო ზუსტად შეაფასოს, თუ რამდენად შეძლებს მსესხებელი თანხის გასტუმრებას.

ვთვლით, რომ  არასაბანკო საფინანსო სექტორი არ არის სათანადოდ რეგულირებული და შეიძლება აქაც დაგროვდეს რისკები, ამიტომ ვმუშაობთ,რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდეს მათი ზედამხედველობის უფლებაც. საკმაოდ დიდი საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა ამ მიმართულებითაც.

ასევე, სასურველია, ჩვენს ხელთ იყოს საკრედიტო ბიუროს ზედამხედველობაც. საკრედიტო ბიურო მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, რომელმაც უნდა დააგროვოს ინფორმაცია, ვის რამდენი სესხი აქვს მიღებული. ჩვენი ანალიზის მიხედვით, მევახშეების, ლომბარდების და ონლაინსესხების აქტივობის მიხედვით, ამ სექტორებიდან აღებულ სესხს საკმაოდ დიდი წილი უჭირავს. ამიტომ ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რეალურად რა რაოდენობის ვალი აქვს პოტენციურ მსესხებელს. გვინდა, რომ საკრედიტო ბიურო იყოს ის ორგანიზაცია, რომელიც მთელ ამ ინფორმაციას შეკრებს და დადებს ზუსტ და ნათელ სურათს ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით.

ჩვენ თუ ამას მივაღწევთ, ეს დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, რა პრობლემები გვაქვს ამ მიმართულებით. სხვათა შორის, ეს პუნქტი ჩადებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაშიც. ზოგადად, ფონდის პროგრამა საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ საკითხები, შევიმუშავოთ ზომები და სამი წლის მანძილზე გავწეროთ მათი განხორციელება. ეს ცოცხალი პროცესია, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც პირველი მიმოხილვა დასრულდება, გავწერთ ნაბიჯებს მომავალი წლისთვის. ასეთი დაგეგმვა სასარგებლოა, მათ შორის, კერძო სექტორისთვისაც, რომელსაც აქვს რეფორმების გაცხადებული ერთგვარი განრიგი, რომლის მიხედვითაც შეუძლია უკვე დაიწყოს ადაპტაცია და მისთვის სიურპრიზი არ იქნება ახალი რეგულაციები.

და ბოლოს, მათ შორის ბაზარზე კონკურენციის უფრო მეტად დაცვისთვის, უახლოეს მომავალში ვაპირებთ კაპიტალის დამატებითი ბუფერების შემოღების წესის განსაზღვრას სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისათვის. ასევე ვგეგმავთ სისტემურ ბანკებში მორალური რისკის შემცირების სისტემების დანერგვას. ვფიქრობ, რომ სისტემური ბანკებისათვის დამატებითი წესების შემოღება მნიშვნელოვანი დამცავი ბერკეტი იქნება საბანკო სისტემაში არსებული მაღალი კონცენტრაციის გამო.

გაქვთ თუ არა წინასწარ გათვლილი ის ეფექტები, რაც ამ ტიპის რეგულაციებმა და დამატებითმა მოთხოვნებმა შეიძლება გამოიწვიოს?

მოგეხსენებათ, რომ არსებობს ფინანსური სტაბილურობის შეფასების პროგრამა FSAP რომელიც დაახლოებით შვიდ წელიწადში ერთხელ ტარდება ქვეყანაში. ეს არის მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ერთობლივი პროექტი, რომელიც მთლიანად ფინანსურ სექტორს აფასებს და ახდენს იდენტიფიცირებასაც, თუ რა არის სამომავლოდ გასათვალისწინებელი სისტემის უფრო გამართულად მუშაობისთვის.

საქართველოში ასეთი შეფასება ბოლოს  2014 წელს გაკეთდა და შესაბამისი ანგარიში 2015 წელს გამოქვეყნდა. დღეს ჩვენ სწორედ ამ რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. აქვე განვმარტავ, რომ როდესაც ვამბობ რეკომენდაცია, არ უნდა ჩავთვალოთ, თითქოს ეს რეკომენდაცია იმპერატიულად ფონდის და მსოფლიო ბანკის მოსაზრებაა: ეს არის განხილვების, ანალიზის და დისკუსიის შედეგი შეფასების მისიასა და ეროვნული ბანკის თანამშრომლებს შორის და აქედან გამომდინარე იბადება ის რეკომენდაციებიც, რომლებიც ამ ორგანიზაციებს აქვთ.

ჩვენ გვაქვს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი: ყველაფრის დეტალური განხილვა თავდაპირველად კომიტეტის ფარგლებში ხდება და შემდეგ ვიწყებთ მოქმედებას, ცხადია, საერთაშორისო ორგანიზაციების ანალიზის გათვალისწინებით.

დამატებით, გვაქვს ე.წ. საბანკო სექტორის ზეგავლენის რაოდენობრივი შეფასება (quantitative impact study) და როგორც წესი, როდესაც სიახლე შემოგვაქვს ან რეგულაციებს ვცვლით, ამას  ეტაპობრივად ვნერგავთ. ამისთვის ვამზადებთ სექტორის წარმომადგენლებს და აქტიურად მიმდინარეობს მათთან კონსულტაციები. თუმცა, როდესაც ვამბობ, რომ ეს კონსულტაციები მიმდინარეობს, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის გავითვალისწინებთ იმას, რასაც სექტორის წარმომადგენლები გვირჩევენ, რადგანაც ჩვენ ვუყურებთ ფართო სურათს და გვაქვს ჩვენი მიზნები – შევინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა ქვეყანაში და მივაღწიოთ იმას, რომ მომხმარებელთა უფლებები იყოს დაცული. შესაბამისად, შეუძლებელი იქნება, ყველას შეხედულება გავითვალისწინოთ.

მომხმარებელთა უფლებები ახსენეთ და მაშინ აქვე გკითხავთ. დააანონსეთ, რომ ამ მიმართულებითაც აპირებთ გააქტიურებას. უფრო კონკრეტულად რა შეიძლება ითქვას ამ ეტაპზე?

ერთ რამეზე შევთანხმდეთ: კარგად ინფორმირებული მომხმარებელი ნიშნავს სესხის მომსახურებაზე ნაკლებ პრობლემას ან დეფოლტს. აქტივობის უკეთესი ხარისხი ნიშნავს უკეთეს შედეგებს კომერციული ბანკებისთვის, რაც, თავის მხრივ, ახალგაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესაძლებლობაა.

რასაც ამბობთ, ლოგიკურია, მაგრამ დღეს მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა ინფორმირებული იყოს?

როდესაც ამას ვაანალიზებდით, ორი მიმართულება გამოჩნდა. მომხმარებელთა უფლებების დაცვას ვერ განვიხილავთ ფინანსური განათლების გარეშე. ჩვენ ვთხოვთ საბანკო ორგანიზაციას დაიცვას თამაშის წესები და ამას ბანკებთან ერთად  ვავრცელებთ უკვე მიკროსაფინანსოებსა და საკრედიტო კავშირებზეც, როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებზეც.  ეროვნულ ბანკს აქვს ცხელი ხაზი, სადაც გვირეკავენ, პრეტენზიებს გამოთქვამენ, ჩვენ კი შემდეგ ამ ინფორმაციას ვაანალიზებთ. ვუკავშირდებით საფინანსო ორგანიზაციას და ვარკვევთ კერძო შემთხვევებს. სწორედ დაგროვილი გაანალიზებული მასალის საფუძველზე შევიმუშავეთ ახალი რეგულაციები და ჩავდეთ ისინი ახალ წესებში.  ამის საფუძველზე ვამბობთ, რომ არ შეიძლება, ასეთი მიდგომით მიღებულმა რეგულაციამ გაუმჯობესება არ მოიტანოს.

ორ მაგალითს მოვიყვან:

მომხმარებელმა არ დახურა ძველი ანგარიში. იცის, რომ თანხა აღარ უდევს, თუმცა საერთოდ არ იყენებს ამ ანგარიშს. უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ მას დავალიანება აქვს, რადგან არიცხავდენენ მომსახურების თანხას. ჩვენ ვამბობთ, როცა თანხა აღარ რჩება ანგარიშზე, აღარ მოხდეს მომსახურების საკომისიოს და/ან ჯარიმების დარიცხვა.

დავუშვათ, ბანკმა შეცვალა ეფექტური განაკვეთი. უმრავლეს ქვეყნებში ბანკს აქვს უფლება, სხვადასხვა მიზეზების გამო პირობები შეცვალოს, მაგრამ მას იმის ვალდებულებაც უნდა ჰქონდეს, რომ ეს ინფორმაცია  გააგებინოს უშუალოდ მსესხებელს – მხოლოდ ვებგვერდზე კი არ დადოს ჩუმად, არამედ ჰქონდეს იდენტიფიცირებული კონკრეტული წყარო, რომლითაც მსესხებელს შეატყობინებს ამ ცვლილების შესახებ.

მეორე მიმართულება ფინანსურ განათლებაზე მუშაობაა, რადგან შეიძლება მაქსიმალურად ნათელი გავხადოთ მოთხოვნები, მაგრამ თუ არ გაიზარდა ფინანსური განათლების დონე, შეიძლება ყველაფერი გაწერილი და გამჟღავნებული იყოს, მაგრამ მსესხებელმა სათანადოდ მაინც ვერ განსაზღვროს ფულის სესხებასთან დაკავშირებული რისკები.

რა ეფექტს ელოდებით ამ ყველაფრიდან?

მომხმარებელს ექნება კონტროლის უფრო მეტი ბერკეტი. მაგალითად, პირველი ივლისიდან ამოქმედდება ნორმა, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს  ეძლევა უფლება, შინ წაიღოს ხელშეკრულების პირველადი ვარიანტი, დეტალურად გაეცნოს მას, თუ სურვილი ექნება, წაიღოს ის სხვა ბანკში და შეეცადოს უკეთესი პირობების მოპოვებას.

ახალ წესებში საკმაოდ ბევრი მსგავსი ნორმაა გათვალისწინებული. კარგი იქნება, მომხმარებლებმა დეტალურად წაიკითხონ ეს ცვლილებები, რომ მათ იცოდნენ, რის მოთხოვნის უფლება აქვთ. ეს ერთი მხრივ დაეხმარება კონკურენციას და, მეორე მხრივ, კომერციული ბანკების სიჯანსაღესაც, რადგან მათ ეყოლებათ ინფორმირებული მსესხებლები, რომლებიც მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან თანხის სესხებას.

რიცხვებში ამ ეფექტების დათვლა რთულია, მაგრამ ლოგიკას თუ მივყვებით, არ შეიძლება რომ ამან შედეგი არ მოგვცეს.

ცხადია, მესმის, რომ ფული კომერციული ბანკებისგან მოდის, მაგრამ მეც, როგორც მომხმარებელს, უნდა მქონდეს საშუალება გამოვიყენო ჩემი უპირატესობები. მაგალითად, ის, რომ თუ კარგი გადამხდელი ვარ, უნდა მქონდეს შესაძლებლობა და არჩევანი, რომ იმასთან დავიჭირო საბოლოოდ საქმე, ვინც საუკეთესო პირობებს შემომთავაზებს,.

მეორე მხრივ, მომხმარებელთა უფლებების დაცვისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომხმარებელთა უფლებებზე ზრუნვისას უნდა გავითვალისწინოთ საფინანსო ორგანიზაციების უფლებებიც. ბალანსის მიღწევა აქ მხოლოდ მკაფიო, არაორაზროვანი წესებით შეიძლება.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ გაგრძელდება, მათ შორის იმ ევროდირექტივების განხორციელების გზით, რაც ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს დაგეგმილი.

მე მაინც გკითხავთ: ამ მოთხოვნებს, ამ გამჭვირვალობას ხომ არ ჩათვლის კომერციული ბანკი დამატებით რისკად და ხომ არ გააძვირებს კრედიტს, ან ძალიან ხომ არ გაამკაცრებს მისი გაცემის მოთხოვნებს, რამაც შეიძლება სესხებზე ხელმისაწვდომობა, პირიქით, უფრო შეზღუდოს?

რატომ? ბაზარზე არაერთი ბანკია და  არჩევანი არსებობს.  ერთს ვიტყვი მხოლოდ:  ამ ცვლილებებით, ნამდვილად არ იყვნენ ბედნიერები არც კომერციული ბანკები და არც მიკროსაფინანსოები და სწორედ ეს იყო ჩემთვის იმის მტკიცებულება, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ინფორმირებული მომხმარებელი უფრო ნაკლებად რისკიანია და ეს ბანკის ხარჯებს ამცირებს. დაცული კლიენტი კი უფრო თამამად მიმართავს ბანკს ფინანსური სერვისის მისაღებად. ამიტომ, მომხმარებელთა უფლებების დაცვა გრძელვადიან პერიოდში სწორედ ფინანსური ორგანიზაციების ინტერესშია.

ბაზარზე კონკურენციის გაზრდის კონტექსტში მოიხსენიება ყოველთვის საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაც. ამ მიმართულებით რამდენად ხართ ჩართულები?

როგორც იცით, სტრატეგია უკვე შემუშავებულია. ჩვენ ჩვენი მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ: განსაკუთრებით, კაპიტალის ბაზარზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ერთ–ერთ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიასთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ამ კომპანიამ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის სისტემა მთლიანად უნდა განაახლოს. ვმუშაობთ საგადასახადო გარემოს დახვეწის მიმართულებითაც: ფინანსური ბაზრის ექსპერტებისგან და იურისტებისგან დაკომპლექტებული სავალუტო ფონდის მისია გვეხმარება განვსაზღვროთ, თუ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების დაბეგვრის როგორი სტრუქტურა ჯობია იმისთვის, რომ ეს ბაზარი განვითარდეს და უცხოელი ინვესტორები მოიზიდოს.

ვმუშაობთ დერივატივების კანონზეც, რომელიც თითქმის დასრულებულია და იმედი მაქვს, რომ მალე პარლამენტსაც წარედგინება. საინვესტიციო ფონდების შესახებ  კანონპროექტზეც მიდის მუშაობა. გარდა ამისა, რეგულარულად ტარდება ტრენინგები ბაზრის მონაწილეთა ცოდნის ამაღლების მიზნით.

ხშირად გვესმის, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება რთული იქნება იმ პირობებში, როდესაც ბირჟას კომერციული ბანკები ფლობენ. ასეა?

ბირჟის 56%–ია მხოლოდ კომერციული ბანკების ხელში. რაც იმას ნიშნავს, რომ ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღება შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, ბირჟა გამართული უნდა იყოს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ სასამართლო პროცესები, რომლებსაც დღეს ვაკვირდებით, არანაირად არ უწყობს ხელს იმას, რომ ბირჟა ნორმალურად განვითარდეს.

უფრო მთავარი კი ის არის, დაინტერესდებიან თუ არა ინვესტორები საქართველოს კაპიტალის ბაზრით და იქნება თუ არა ფასიანი ქაღალდები.

რატომ?

ფულის დაბანდების ალტერნატიული საშუალება ჩნდება. აქციების საფუძველზე შესაძლებელი იქნება კომპანიების შეფასება და მათში ფულის ჩადება. ამით გავცდებით მხოლოდ კომერციულ ბანკებში დეპოზიტების დაგროვების სქემას და გავზრდით მთლიან ბაზარზე კონკურენციას. ამავე დროს, ვისაც ახალი ბიზნესის დაწყება უნდა, ისიც აღარ იქნება სესხზე დამოკიდებული – ბიზნესგეგმას დაწერს და შეეცდება ამ გეგმით მოიზიდოს ფული ინვესტორებისგან. ეს არის სწორედ ალტერნატივა.

მეორე მხრივ, თუ არ გვექნება გამართული და ნათელი კანონი, ვერც ინვესტორი და ვერც ბიზნესგეგმის მფლობელი ვერ გაანალიზებენ, რის გადახდა მოუწევთ, თუკი ამ ფორმით დააბანდებენ და მოიზიდავენ ფულს. სწორედ ამ ნაწილში ვართ ჩართულები.

ალბათ, ქვეყნის ფინანსური კულტურაც უნდა გაითვალისწინოთ: დღეს მომხმარებელი უფრო მეტია ამ ბაზარზე, ვიდრე ინვესტორი.

დიახ. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ კაპიტალის ბაზარი არ არის მხოლოდ ბირჟა. ბირჟა კაპიტალის ბაზარი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ბაზარი უფრო ფართოდ უნდა განვითარდეს და შესაბამისი კანონმდებლობის გარეშე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება.

ორ ყველაზე საკამათო რეფორმაზე მინდა გკითხოთ: დეპოზიტების დაზღვევა და საპენსიო რეფორმა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ რეფორმებთან მიმართებით?

დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ, თუ შევხედავთ ზოგადად ფინანსური სტაბილურობის სტრუქტურას, დეპოზიტების  დაზღვევა აუცილებლად არის მისი შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ხშირად მესმის ასეთი მოსაზრება, რომ დღეს საბანკო სექტორს არ აქვს დეპოზიტების მოზიდვის პრობლემა და რატომ არის ეს აუცილებელი. ჩემი პასუხი ასეთია: შეიძლება არსებობდეს თანხები, რომლებიც არის აკუმულირებულია სადღაც და არა საბანკო სისტემაში, დეპოზიტების დაზღვევა კი მათ საბანკო სექტორში მოქცევას შეუწყობს ხელს. აქვე ვიტყვი, რომ ამ რეფორმის დანერგვა სწორედ მაშინ უნდა მოხდეს, როცა სისტემა ჯანსაღია. დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს.

არის საუბარი იმასთან დაკავშირებითაც, რომ ეს დამატებითი ტვირთია, მაგრამ მოდი, გულახდილად ვთქვათ: ჩვენ თუ შევადარებთ ბანკების მოგების წლიურ მაჩვენებელს იმას, რაც მათ დასჭირდებათ დამატებით, წლიური შენატანების სახით ამ რეფორმის ფარგლებში, ძალიან მცირე თანხაზე ვსაუბრობთ.

საპენსიო რეფორმას რაც შეეხება, ესეც მნიშვნელოვანია, როგორც დანაზოგების აკუმულირების, ისე გრძელი ლარის გაჩენის თვალსაზრისით.

სახელმწიფო რამდენად უნდა იყოს ჩართული ამ თანხების მართვის პროცესში?

სანამ ძალიან დიდ მასშტაბებს არ მიაღწევს,  ამ თანხებს რთული მენეჯმენტი არ დასჭირდება. ეროვნული ბანკიც იქნება ამაში ჩართული და ჩვენ ჩვენს გამოცდილებას მოვახმართ: მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი მართავს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს და ამ მხრივ დიდი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, კაპიტალის ბაზრის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

კიდევ ერთი საკამათო თემა მინდა წამოვწიო თქვენთან: არაპროფილური აქტივების ჰოლდინგების დონეზე გამიჯვნა. როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, პირდაპირ ამბობს, რომ იმისთვის, რომ წელს საქართველომ 3.5%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს, აუცილებელია, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოვიდეს – რამდენად დროულია ამ ტიპის გამიჯვნებზე საუბარი?

ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და ძალიან ფაქიზი თემაა. ქვეყანაში შემოდის კაპიტალი, ინვესტიციები, ჰოლდინგის აქციების მფლობელები  ფლობენ ჰოლდინგის აქციებს, რომლებშიც შედის ბანკიც და სხვა არაპროფილური ორგანიზაციებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დარწმუნდნენ, რომ საქართველოში ინვესტირებაკარგია: ინვესტიცია ჯერ ბანკში ჩადეს, შემდეგ – სხვა სექტორებში. უნდა გვახსოვდეს, რომ მათ აქვთ არჩევანი, როდესაც ამ დივიდენდს მიიღებენ – ან ქვეყნიდან გაიტანონ ეს ფული ან  კიდევ ისევ ქვეყანაში, იმავე ან სხვა სექტორში დააბანდონ. ამიტომ მიდგომა უნდა იყოს ფრთხილი –– არ უნდა  მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიწვევს იმას, რომ ეს ფული ქვეყანაში არ შემოვიდეს ან სხვა ქვეყანაში გავიდეს.

ეს საკითხი სიღრმისეულად შევისწავლეთ. ამდენად, ჩვენი ხედვით,აქ არის რამდენიმე ეტაპი.

პირველი ––არაპროფილური  აქტივების ბუღალტრულად გამიჯვნა მოხდა 2015 წლის ბოლოს. რადგან ეროვნულ ბანკს თავად არ აქვს კანონის ინიცირების უფლება, ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას და პარლამენტს, კანონით გაამყაროს ეს გამიჯვნა. ბანკებს კანონის დონეზე აკრძალული უნდა ჰქონდეთ არაპროფილურ აქტივებში ინვესტირება, რაც დღეს რეგულირებულია მხოლოდ  ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.

მეორე – მნიშვნელოვანი იქნება, რომ კანონმდებლობამ მოგვცეს შესაძლებლობა საბანკო ჯგუფის და ჰოლდინგის დონეზე  მოვახდინოთ ანალიზი იმისთვის, რომ ზუსტად დავინახოთ, თუ რა ფინანსური ურთიერთობებია დღეს ამ ჯგუფში შემავალ ორგანიზაციებს შორის. ბანკთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებულ კომპანიას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რაიმე უპირატესობით ისარგებლოს, სხვა კომპანიებთან შედარებით. კომერციული ბანკი ვალდებულია, ყველას თანაბარი პირობები შესთავაზოს და მომხარებელს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მისი კომერციული ინფორმაცია არ არის სათანადოდ დაცული ან არაკონკურენტულ პირობებშია, ბანკთან აფილირებულ კომპანიასთან შედარებით.

რაც ხშირ შემთხვევაში შესწავლილი არ არის და დასკვნები მხოლოდ დაკვირვებებს ეფუძნება…

ნამდვილად. ეს დაკვირვებები შეიძლება არც კი იყოს ზუსტი. როდესაც დიდ ჰოლდინგზეა საუბარი, სადაც ბანკს ყველაზე დიდი წილი უჭირავს, ბუნებრივია, ჩვენც – ეროვნულ ბანკს – გვჭირდება ვიცოდეთ, ჰოლდინგის დონეზე ხომ არ მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რამაც შეიძლება დააზიანოს კომერციული ბანკი  – მაგალითად, ააღებინოს ისეთი რისკი, რასაც ბანკი სხვა შემთხვევაში არ აიღებდა. ჩვენ, როგორც კომერციული ბანკის ზედამხედველმა, ასეთ ფაქტებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. მეორე მხრივ, შეუძლებელია მხოლოდ დაკვირვებით ვიცოდეთ, რომელი კომპანია და სექტორი როგორ შეავიწროვა ჰოლდინგმა თავისი მიკერძოებული დამოკიდებულებით. ამიტომ ვამბობთ, რომ ეროვნულ ბანკს კანონი უნდა აძლევდეს საშუალებას ჰქონდეს წვდომა ჰოლდინგების დონეზე რომ ვიცოდეთ რეალურად რა სიტუაცია გვაქვს და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ

BGEO-ს გარდა არის დღეს ვინმე ბაზარზე, ვისაც ეს შეეხება?

დღეს BGEO-ა ერთადერთი.

და მაინც, რატომ მხოლოდ საბანკო სექტორი, როცა არასაბანკო სექტორში – იგივე მშენებლობაში, უფრო დიდი პრობლემები გვინახავს?

ჩვენ ვართ საბანკო სექტორის რეგულატორი და ახლა გვინდა, რომ რეგულატორი ვიყოთ არასაბანკო საფინანსო სექტორშიც, მაგრამ ჩვენ  ვერანაირად  ვიქნებით რეგულატორი სამშენებლო სექტორში, ფარმაცევტულ სექტორში და ა.შ. ამისათვის არსებობს კონკურენციის სააგენტო. ჩვენ ჩვენი ფუნქციის ფარგლებში გვინდა შევისწავლოთ, რა ურთიერთობები არსებობს ჰოლდინგის კომპანიებს შორის, რომელთა შორის ერთ-ერთია ბანკი და გადაწყვეტილებების მიღების დროს ხომ არ ხდება რაიმე ისეთი, რაც ჰოლდინგის გარეთ არსებულ კომპანიებს ჩააყენებდა არაკონკურენტულ მდგომარეობაში.

და ბოლოს, ისევ პირდაპირ გკითხავთ: რაში გვჭირდება ეროვნული ბანკი?

ფასების სტაბილურობისთვის და ფინანსური სტაბილურობისთვის. ხშირად, რიგითი მოქალაქეებისთვის ეს მოცემულობა უბრალოდ გარანტირებულია და ისინი ვერ ამჩნევენ, ამას რამხელა ძლისხმევა სჭირდება. მე მესმის, რომ სხვადასხვა მიდგომები არსებობს – იგივე, სავალუტო საბჭო, სისტემის რომელიმე ვალუტაზე მიბმა  და ა.შ. – და ცხადია, ამ მიმართულებითაც უნდა იყოს მსჯელობა და ეს განსხვავებული აზრებიც უნდა გამოითქვას – ოღონდ ამ ყველაფერთან ერთად, ასევე, უნდა შევისწავლოთ ის კონკრეტული შედეგებიც, რაც ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ახლავს თან.

მე მხოლოდ ერთი ფაქტის მოყვანა მინდა და ვისაც ესმის, ამ ფაქტის მნიშვნელობა, აუცილებლად მიხვდება ამ მოვლენაში ეროვნული ბანკის როლსაც: 25 მაისს, საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ბაზარზე 500 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული საფინანსო ინსტიტუტის მიერ გამოშვებული ლარში ნომინირებული ობლიგაციები საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდა. საერთაშორისო ინვესტორები იმდენად ენდობიან ამ ბანკს და ქვეყანას პირველ რიგში, რომ თავიანთი დანაზოგების მართვას საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას ანდობენ მის ადგილობრივ ვალუტაში. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ გასაუმჯობესებელია, მაგრამ წინსვლაც გვაქვს, და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ამაში ეროვნული ბანკის დიდი წვლილია და ეს მხოლოდ დასაწყისია. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *