„ლოიდს ბანკის“ ფინანსური ფირმების ყოველწლიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ Brexit-ის გამო წარმოქმნილი გაურკვევლობის მიუხედავად, ფინანსური ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ ლონდონი წამყვანი გლობალური ფინანსური ცენტრის სტატუსს შეინარჩუნებს.
გასული წლის დეკემბერში დიდმა ბრიტანეთმა საბოლოოდ დატოვა ევროკავშირი, მისი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. შედეგად, ათასობით სამუშაო ადგილი და მილიარდობით ევრო ლონდონიდან კონტინენტურ ევროპაში გადავიდა, ამ ყველაფერმა კი გლობალურ ფინანსურ ბაზარზე გარკვეული კითხვები გააჩინა ლონდონის, როგორც წამყვანი ფინანსური ცენტრის სტატუსის შენარჩუნების შესახებ.
მიუხედავად ამისა, „ლოიდს ბანკის“ კვლევამ ცხადყო, რომ ფინანსური მენეჯერები იმედის თვალით უყურებენ ლონდონის, როგორც ფინანსური ცენტრის მომავალს. 100-ზე მეტი ბანკის, აქტივების მენეჯერებისა და სადაზღვევო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ორ მესამედზე მეტს მიაჩნია, რომ ლონდონი მთავარ ფინანსურ ცენტრად დარჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის სტატუსმა Brexit-ის გამო საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღო, ის დარჩება მსოფლიოს ერთ–ერთ წამყვან ფინანსურ ცენტრად“, – აღნიშნულია „ლოიდს ბანკის“ კვლევაში.
Brexit-ის შედეგად დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ფინანსურ სექტორს შორის კავშირი გაწყდა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ ურთიერობა 2023 წლამდე არ აღდგება, ხოლო მესამედის აზრით, ეს არასდროს მოხდება.
ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ რეფორმების ნაწილი წარადგინა, რომელშიც განხილულია ევროკავშირის ფინანსურ ორგანიზაციებთან წვდომის პერსპექტივები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეფორმები ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია.
საინტერესოა, რომ გამოკითხულთა ნაწილი კონკურენტუნარიანობის ზრდაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წესებთან არსებული განსხვავების გამო კონკურენტუნარიანობა გაიზარდა, ნაწილი კი პირიქით, კონკურენტუნარიანობის გაუარესებაზე ამახვილებს ყურადღებას.
დატოვე კომენტარი