2017 წლის ნოემბერში, წინა თვესთან (ოქტომბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 232 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 110 მლნ დოლარით გაიზარდა. ორივე ვალუტაში ერთად, პირველი დეკემბრის მდგომარეობით რეკორდული მაჩვენებელი 21.8 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული.
2017 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 0.4% პუნქტით შემცირდა და 20.9% შეადგინა. უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი ნოემბერში განაკვეთი 0.1% პუნქტით შემცირდა და 8.0% შეადგინა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.5 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 154 მლნ დოლარით. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 59.2%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 64.6% იყო.
ნოემბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 11 მლნ ლარით გაიზარდა და 465 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.1%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის პირველ დეკემბერს 2.4% იყო.
დატოვე კომენტარი