ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აზერბაიჯანის ნავთობის ექსპორტი 6%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აზერბაიჯანის ნავთობის ექსპორტი 6%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით აზერბაიჯანის ნავთობის ექსპორტი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა. განახლებულ მონაცემებს აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტი აქვეყნებს.

კომიტეტის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით, ნავთობის ექსპორტის საერთო მოცულობამ 17.6 მილიონ ტონას მიაღწია. აზერბაიჯანის ნავთობის მთლიანმა ექსპორტმა კი, ამავე პერიოდში, 23.1 მილიონი ტონა შეადგინა, რომლის 76.3% სწორედ ბთჯ-მილსადენზე მოდიოდა.

სხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა ყაზახეთი და თურქმენეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 2023 წლის ინვარ-ივლისში ტრანზიტული ნავთობის მოცულობა 2.9 მილიონ ტონამდე გაიზარდა – მაშინ, როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში 2.6 მილიონ ტონას უტოლდებოდა.

ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, BP-ის მიერ მართული აზერის, შირაგისა და გუნაშლის საბადოებიდან ნავთობის ექსპორტისთვის გამოიყენება.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლის სიგრძეც 1,768 კილომეტრია, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე გადის. ბთჯ-ის მშენებლობა 2005 წელს დასრულდა, სრულ ექსპლუატაციაში კი მილსადენი 2007 წლიდან იქნა გაშვებული.