ბარბადოსი მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდა, რომელიც მეტავერსში საკუთარ საელჩოს გახსნის, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CoinDesk-ი ავრცელებს. ციფრულ სამყაროში საელჩოს მოსაწყობად, ბარბადოსის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრომ შესაბამისი ხელშეკრულება პლატფორმა Decentraland-თან გააფორმა, რომელიც ამ დროისთვის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეტავერსული პლატფორმაა. თუმცა ეს ყველაფერი როდია: როგორც CoinDesk-ისათვის მიწოდებული პრესრელიზიდან ირკვევა, ბარბადოსი ხელშეკრულების გაფორმებას Somnium Space-თან, SuperWorld-თან და სხვა მეტავერსულ პლატფორმებთან აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ციფრული საელჩოს შექმნის პირველ ეტაპზე ეს პლატფორმები ბარბადოსს ციფრული მიწის ნაკვეთის შერჩევაში, საელჩოსა და საკონსულოს ვირტუალური შენობების აგებაში, ელექტრონული ვიზების გაცემასა და ერთგვარი ტელეპორტის შექმნაში დაეხმარებიან, რომლითაც ავატარები სხვადასხვა ვირტუალურ სამყაროს შორის მიმოსვლას შეძლებენ.
გამოცემა CoinDesk-ი დაუკავშირდა ბარბადოსის ელჩს არაბთა გაერთიანებულ საამიროში, რომელმაც თქვა, რომ პირველ ეტაპზე ქვეყანა ციფრულ სამყაროში აგრესიულ ექსპანსიას აპირებს, რათა მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ვირტუალურ პლატფორმაზე შეიძინოს. „ერთი კონკრეტული პლატფორმის არჩევა ჯერჯერობით არ გვინდა – მეტავერსი ჯერ კიდევ ძალიან ახალია, ჩვენ კი გვსურს, რომ ჩვენი ქმნილების გადატანა სხვაგანაც შეგვეძლოს“, – აღნიშნა ელჩმა, გაბრიელ აბედმა.
„ამგვარი მიდგომით, დღეს არსებული თვრამეტი დიპლომატიური მისიის გაფართოება ბარბადოსს 190-მდე ქვეყანასთან შეუძლია. ტექნოლოგიური დიპლომატია კი გზას გაუხსნის კულტურულ დიპლომატიას – ხელოვნების, მუსიკისა და კულტურის ნიმუშებით ვაჭრობას“, – დასძინა გაბრიელ აბედმა. აღსანიშნავია, რომ ამ იდეას ბარბადოსის სხვადასხვა სამთავრობო უწყება თვეების მანძილზე განიხილავდა.
მეტავერსში საკუთარი საელჩოს გახსნას ბარბადოსი 2022 წლის იანვარში გეგმავს, რის მერეც ისტორიაში პირველი სახელმწიფო გახდება, რომელიც ციფრულ მიწის ნაკვეთს ლეგალურად დაისაკუთრებს. რაც შეეხება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბარბადოსი ვენის კონვენციის წევრი სახელმწიფოს სტატუსს შეინარჩუნებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს დაექვემდებარება.
თუმცა, როგორც ჩანს, საელჩოს გახსნა – მხოლოდ დასაწყისია. „ვიზის მისაღებად, ქვეყანაში შემოსასვლელად, ან სულაც უვიზო მიმოსვლისთვის – საელჩო პირველი ნაბიჯია. ეს ყველაფერი ვირტუალურად წარმოგიდგენიათ? და გიფიქრიათ, სადამდე შეიძლება ელექტრონულმა ვიზამ მიგვიყვანოს?“ – აღნიშნავს ელჩი გაბრიელ აბედი.
დატოვე კომენტარი