გრეტა გერვინგის რეჟისორობით გადაღებული „ბარბის“ შემოსავალმა, გლობალური მასშტაბით, $1 მილიარდს გადააჭარბა. შედეგად, პრემიერიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, „ბარბი“ წლის რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა.
Box Office Mojo-ს მონაცემებით, „ბარბის“ შემოსავალმა საშინაო სალაროებში, ანუ ჩრდილოეთ ამერიკაში $459 მილიონს, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით – $572 მილიონს მიაღწია. შეგახსენებთ, მხოლოდ პრემიერის დღეს, 21 ივლისს, კინოსურათმა $70.5 მილიონი გამოიმუშავა და მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერა გახდა.
შესაბამისად, Warner Bros. Pictures-ის ფილმი მიმდინარე წლის მეორე ყველაზე შემოსავლიანი კინოსურათი გახდა და ამჟამად, მხოლოდ Nintendo-ს თამაშის ადაპტაციას, The Super Mario Bros-ს ჩამორჩება. The Super Mario Bros-ს შემოსავალმა აპრილში პრემიერის შემდეგ, საერთაშორისო მასშტაბით, $1.35 მილიარდი გამოიმუშავა.
„ბარბის“ პარალელურად სალაროებში პოპულარობით სარგებლობს კრიტოფერ ნოლანის ახალი ბიოგრაფიული დრამა „ოპენჰაიმერი“. ფილმის შემოსავალმა, სადაც მთავარ როლს კილიან მერფი თამაშობს, ამ დრომდე გლობალურად – $553 მილიონი, საშინაო კინოთეატრების სალაროებში კი $228 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
აღსანიშნავია, რომ „ბარბის“ წყალობით, გრეტა გერვინგი, პირველი რეჟისორი ქალი გახდა, რომლის ნამუშევარმაც სალაროებში $1 მილიარდს გადააჭარბა. სადებიუტო უიკენდზე 40 წლის რეჟისორის ფილმის შემოსავალმა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმების რეკორდიც მოხსნა.
ცნობისთვის, „ბარბის“ ბიუჯეტი $145 მილიონია, დამატებით კი, $100 მილიონი, რომელიც ფილმის მარკეტინგზე დაიხარჯა.