ბათუმის ახალი პერსპექტივა

ბათუმის ახალი პერსპექტივა

საქართველოს ბანკისა და ალიანს ჯგუფის $380-მილიონიანი კოლაბორაციის შედეგებს ბათუმში 2024 წელს ვიხილავთ. პროექტი საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, კაზინოს, ბიზნესცენტრებს, სავაჭრო და საგამოფენო სივრცეებს აერთიანებს.

საქართველოს საზღვაო ქალაქში, რომელიც უკვე წლებია, ქვეყნის ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი აქსელერატორია, “საქართველოს ბანკისა“ და დეველოპერული კომპანია “ალიანს ჯგუფის“ პარტნიორობით ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება, რომელიც მასშტაბითა და მნიშვნელობით უპრეცედენტო პროექტია. სამი თაუერიდან A და C ბლოკი 45-სართულიანი, B ბლოკი კი 50-სართულიანი იქნება. გარდა კომპლექსის A ბლოკში განთავსებული ცნობილი, საერთაშორისო ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ბრენდისა, რომელიც პირველად შემოდის რეგიონში და მაღალი სტანდარტის სასტუმრო აპარტამენტებისა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით, კომპლექსი სავაჭრო ცენტრს, კაზინოს, ბიზნესცენტრსა და, რაც მთავარია, “მსოფლიო სავაჭრო ცენტრის“ (World Trade Center) საგამოფენო სივრცეს აერთიანებს. “ალიანს ჯგუფის“ ახალ პროექტში ასევე გაიხსნება ქალაქის უდიდესი კაზინო, მთლიანად კომპლექსი კი 18,815 კვ/მ-ის მიწის ფართობზე იქნება განთავსებული. აქედან 37,000 კვ/მ-ს სავაჭრო მოლი დაიკავებს. 23,775 კვ/მ-ზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი აშენდება, რომლის პრეცედენტი ჯერ საქართველოში არ ყოფილა. 8,486 კვ/მ-ს ბიზნესცენტრი დაიკავებს, კომპლექსის სტუმრებს კი 40,997 კვ/მ-ზე გაშლილი 940-ადგილიანი ავტოსადგომი მოემსახურება.

ყოველივე ზემოთქმული ბათუმის MICE ტურიზმის მიმართულებით განვითარებისთვის საინტერესო და ხელსაყრელი პლატფორმა იქნება.

ბანკის მოტივაცია დეველოპერულ კომპანიასთან თანამშრომლობის დასაწყისშივე ეკონომიკურად გამართული პროექტის განხორციელების ხელშეწყობა იყო. ცხადია, თავის მხრივ, ცნობილი საერთაშორისო ბრენდებისა და ქსელების ერთ სივრცეში გაერთიანებაც პროექტის წარმატების საწინდარია. აღსანიშნავია, რომ “საქართველოს ბანკი“ მშენებლობის ყველა ეტაპზე ფინანსურად მხარს უჭერს ზემოხსენებული პროექტის განხორციელებას.

“მოგვხიბლა კომპანიის ამბიციურმა გეგმებმა და იმ გამოცდილებამ, რაც “ალიანს ჯგუფს“ სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში აქვს. აღსანიშნავია, რომ ასეთ მასშტაბურ პროექტში, მით უმეტეს კრიზისის პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური გაყიდვები, რაშიც ალიანსს უდიდესი გამოცდილება აქვს, – აცხადებს “საქართველოს ბანკის“ კორპორაციული მიმართულების სექტორის ხელმძღვანელი აჭარაში მიხეილ ნაკაშიძე. გარდა საინვესტიციო ეტაპზე კონტრიბუციისა, ბანკი გაყიდვების მხარდაჭერასაც აპირებს იპოთეკური სესხების ნაწილში. სწორედ ახლა მუშავდება ყველა შეთავაზების პაკეტი, რომელიც როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ მომხმარებლებზე, მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე იქნება მორგებული.

          

და მაინც, ყველაზე მეტად რით გააოცებს “ალიანს ჯგუფის“ ახალი პროექტი როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს? პასუხი ცალსახაა –“მსოფლიო სავაჭრო ცენტრის“ საგამოფენო სივრცით, რომელიც საქართველოში უპრეცედენტოა და ეს კომპონენტი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ეს პროექტი მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს. მოგეხსენებათ, დღეისათვის მსოფლიოში 300- ზე მეტი მსოფლიო სავაჭრო ცენტრია (WTC), რომელთაგან ერთ- ერთი უკვე “ალიანს ჯგუფის“ ახალი პროექტი შედის. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ასოციაციას ყოველწლიურად 6,000-მდე აქტივობა წინასწარ აქვს დაგეგმილი. მაშასადამე, სტანდარტულად ერთ საგამოფენო სივრცეზე კალენდარული წლის განმავლობაში დაახლოებით 20-25 აქტივობა მოდის, რომლებიც საშუალოდ 3-4 დღეს გრძელდება.

“ამ პროექტის მიმართ უკვე გამოხატული დიდი ინტერესის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “ალიანს ჯგუფის“ ახალ პროექტში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის საგამოფენო სივრცე სტანდარტულზე მეტად იქნება დატვირთული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველკვირეულად ერთი საერთაშორისო გამოფენა მაინც მოეწყობა ჩვენს პროექტში, რომ აღარაფერი ვთქვათ ლოკალურ ღონისძიებებზე ქვეყნის მასშტაბით. კომპლექსში განთავსებული საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი, Upscale-აპარტამენტები, კაზინო, სავაჭრო, ბიზნეს – თუ საერთაშორისო საგამოფენო სივრცეები, ქმნიან ერთგვარ მექანიზმს, აქტივობათა ჯაჭვს, რაც უზრუნველყოფს დატვირთულობას მთელი წლის განმავლობაში“, – განმარტავს “ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ ბიწაძე და იმასაც აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოთქმული დადებითად აისახება ბათუმის როგორც ტურისტულ, ასევე ბიზნესგარემოზეც.

იმ აზრს, რომ პროექტის წარმატებით განხორციელება როგორც ქვეყნის, და განსაკუთრებით აჭარის, ეკონომიკის განვითარებაში, ისე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს და გაზრდის აჭარის ტურისტულ პოტენციალს, იზიარებენ “საქართველოს ბანკშიც“. მეტიც, რეგიონი ამ პროექტით მიიღებს დამატებით სამუშაო ადგილებს და ალბათ დროთა განმავლობაში რეგიონული ჰაბის სტატუსსაც საერთაშორისო შეხვედრებისთვის, კონფერენციებისა და გამოფენებისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *