ბათუმი საქართველოს იმ მცირერიცხოვან დასახლებებს მიეკუთვნება, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წელი) შემდგომ პერიოდში მოახერხა არა მარტო მოსახლეობის შენარჩუნება, არამედ გარკვეულწილად გაზრდაც კი. საბჭოთა პერიოდის მიწურულს, საქართველოს სიდიდით (მოსახლეობის რაოდენობით) მეხუთე ქალაქი (თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და სოხუმის შემდეგ) დღეს ქვეყნის მეორე ურბანული ცენტრი, უდიდესი დასახლებაა (166 ათასი მცხოვრები 2019 წლის მონაცემებით) დასავლეთ საქართველოში და საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონის ცენტრია.
სამართლიანობისათვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმის ასეთი ზრდა დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესების დამსახურება ნაკლებადაა, ის დიდწილად ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას – ტერიტორიის გაფართოებას – უკავშირდება, მაგრამ, ასეთ შემთხვევაშიც კი, ქალაქში მიმდინარე დინამიკური სოციალურ–ეკონომიკური და სივრცითი პროცესები მისი მართვის მიმართ განსაკუთრებით გულისხმიერ, გონივრულ და ეფექტიან მიდგომებს მოითხოვს. სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს ბათუმის განვითარების გენერალური გეგმა, რომელზე მუშაობაც „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ უკვე დაიწყო.
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ექსპერტის, პროფესორ იოსებ სალუქვაძის მოსაზრებით: „1990-იანი წლების დრამატულმა მოვლენებმა, კერძოდ ეთნოპოლიტიკურმა კონფლიქტმა აფხაზეთში და ამ რეგიონზე საქართველოს მიერ დე ფაქტო კონტროლის დაკარგვამ, ერთი მხრივ, და დასავლეთისკენ სწრაფვამ, თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებამ (მაგ., თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა) და მასთან საზღვრების სრულმა გახსნამ, მეორე მხრივ, კარდინალურად შეცვალა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური კონფიგურაცია. რუსეთთან მტრული ურთიერთობების პირობებში, მანამდე აქტიური ჩრდილო–დასავლეთის „ზრდის ღერძი“ ზუგდიდი–სოხუმის მიმართულებით, რითაც საქართველო რუსეთს უკავშირდებოდა, სრულიად ჩაკეტა და გააქტიურა სამხრეთ–დასავლეთის „ზრდის ღერძი“, რომლის ცენტრალურ ადგილს სწორედ ქალაქი ბათუმი წარმოადგენს“.
ამ ახალი ვითარების გამოყენების მიზნით, ბოლო 15 წლის განმავლობაში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და აჭარის ადგილობრივი მმართველობა აქტიურ ზომებს მიმართავს ქალაქის გარდაქმნა–განვითარების, მისი „მოდერნიზაციისა“ და მიმზიდველობის ამაღლების მიზნით. არაერთმა მსხვილდა საშუალომასშტაბიანმა პროექტმა და პროგრამამ დიდი კორექტივები შეიტანა ქალაქის ურბანულ და სოციალურ სივრცეში და მისი თვალსაჩინო ტრანსფორმაცია გამოიწვია.
ეს ცვლილებები, ერთი მხრივ, უდავოდ განაპირობებს ბათუმის ცნობადობისა და მიმზიდველობის ზრდას საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ, მეორე მხრივ, არცთუ იშვიათად იწვევს კამათსა და გულისწყრომას (ზოგჯერ სამართლიანს) ქალაქის ტრადიციული იერსახის/იმიჯის შელახვისა და ცხოვრების წესის შეცვლის (გაუარესების), საქალაქო ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის, სოციალური მომსახურებისა და ეკოლოგიის სფეროებში წარმოქმნილი მძიმე პრობლემების გამო.
ქალაქის გენგეგმისა და რეგიონის სივრცის დაგეგმარების დოკუმენტის მიზანს სწორედ ბათუმისა და მასთან დაკავშირებული ტერიტორიის დაბალანსებული სივრცითი განვითარება წარმოადგენს. ის მოიაზრებს ახალმშენებლობებისა და სივრცითი გაფართოების ჰარმონიულ შეთანაწყობას არსებული, ისტორიულად ღირებული უბნების შენარჩუნებასთან; დეგრადირებული არეალების რეაბილიტაცია–რეგენერაციას, ქალაქის იერსახეზე ზრუნვასა და ქალაქის ცალკეული ნაწილების მოხერხებულ ურთიერთშეკავშირებულობას. ბუნებრივია, ასეთმა გადაწყვეტებმა კეთილმყოფელი როლი უნდა ითამაშოს ქალაქის მოსახლეობის ცხოვრების წესსა და ცხოვრების დონეზე, მათ ჯანმრთელობაზე, სოციალურ კმაყოფილებასა და ქალაქში ცხოვრების გაგრძელების სურვილზე, ისევე როგორც უნდა გამოიწვიოს მოსახლეობის ახალი კონტინგენტისა და დროებითი ვიზიტორების კიდევ უფრო ფართო მოზიდვა. ეს მოსაზრება თანხვდენილია ბათუმის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმასთან (2018–2021 წლებისათვის), სადაც ბათუმი მოიაზრება თვითმმართველ ქალაქად, რომელიც ატარებს მოსახლეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას.
ბათუმის მდგრადი ურბანული განვითარების ერთ–ერთ მთავარ წინაპირობას მისი ეკონომიკური სტაბილურობა და სიმტკიცე წარმოადგენს. ტრადიციულად, საბჭოთა პერიოდში, ქალაქს სოლიდური საწარმოო/ინდუსტრიული სფერო ჰქონდა, რაც მოიცავდა მანქანათმშენებლობას, ნავთობგადამუშავებას, ფარმაცევტულ, მსუბუქ და კვების მრეწველობებს. დღეს მათი უდიდესი ნაწილი აღარ არსებობს ან საგრძნობლადაა შემცირებული და ქალაქის ეკონომიკა ძირითადად ეკონომიკის მესამეულ სექტორს (ვაჭრობა, მომსახურება, ტურიზმი) ეფუძნება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა გვამცნობს: „ყოველწლიურად ბათუმის ეკონომიკის დამოკიდებულება ტურიზმზე იზრდება. არსებობს საშიშროება, რომ ბათუმი გახდეს მონოფუნქციური – ერთ სექტორზდამოკიდებული ქალაქი. ამასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე, მათ შორის – სტრუქტურული უმუშევრობა, ტურიზმის სექტორში შემოსავლების სეზონურობა და ა.შ. ქმნის ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებისა და ახალი სექტორების მოზიდვის საჭიროებას“.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტში – „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020-2023 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები“ – აღნიშნულია, რომ მთლიანი დამატებული ღირებულებისა და დასაქმების მიხედვით, ადგილობრივი ეკონომიკის სხვა წამყვანი სექტორებიც – მშენებლობა, ვაჭრობა, ისევე როგორც ადგილობრივი ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი პირდაპირპროპორციულადაა მიბმული ტურიზმის სექტორზე. ბათუმის ეკონომიკის მზარდი მონოფუნქციური, ტურიზმზე დამოკიდებული ხასიათი, ბუნებრივია, ამცირებს ქალაქის მედეგობასა და მოქნილობას, განსაკუთრებით ისეთი საფრთხეების მიმართ, როგორიცაა პოლიტიკური არასტაბილურობა (მაგ., მეზობელი რუსეთის არაპროგნოზირებადი ქმედებები), საერთაშორისო ფინანსური/ეკონომიკური კრიზისი ან ამჟამად არსებული COVID-19-ის პანდემია.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის (2018–2021 წლებისათვის) მიხედვით, ტურიზმი, თვალსაწიერ მომავალში, უდავოდ კვლავაც დარჩება ქალაქის ეკონომიკური პროფილის ერთ–ერთ წამყვან ფუნქციად, მაგრამ ამ თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია ბათუმის ფუნქციური პროფილის გაძლიერება და დივერსიფიკაცია, მისი ქალაქწარმომქმნელი დარგების გამრავალფეროვნება და მათში უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა. ერთი მხრივ, ეს ნიშნავს ახალი ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნას, რაც არის მიზანმიმართული პოლიტიკა ქალაქწარმომქმნელი ახალი დარგების (მაგ., მსუბუქი მრეწველობა) სტიმულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, აქცენტი უნდა გაკეთდეს ქალაქწარმომქმნელ დარგებში უმოქმედო და არამდგრადი საწარმოების რევიტალიზაციასა და რეორიენტაციაზე (ე.წ. საწარმოებისათვის მეორე სიცოცხლის მიცემის პროექტი). ბუნებრივია, ამ პროცესს სერიოზული გეგმარებითი მხარდაჭერა დასჭირდება, ახალი საწარმოო სივრცეების ალოკაციით დაწყებული და ბრაუნფილდების რეგენერაცია–რესტრუქტურიზაციით დამთავრებული.
პროფესორ იოსებ სალუქვაძის აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმი ჩვენი ქვეყნის საზღვაო კარიბჭეა, მისი ფუნქციების ბმა საზღვაო მდებარეობაზე მნიშვნელოვან გადახედვასა და გაძლიერებას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით ტურიზმს კვლავაც წამყვანი როლი დაეკისრება, თუმცა ტრანსპორტირების, ვაჭრობის, მომსახურებისა და მრეწველობის სფეროების, ე.წ. „ცისფერი ეკონომიკის“ სფეროს განვითარება და მისი სივრცითი რეალიზაცია მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს ქალაქის მდგრადი განვითარებისათვის. ზოგადად, ქალაქისა და ზღვის ურთიერთობის თემა, ნაპირდაცვისა და ბუნებრივი რისკების პრევენციის, ქალაქის ეკოლოგიისა და ბუნებრივი გარემოს, რეკრეაციისა ტურისტული სერვისების, წარმოებისა და ტრანსპორტირების კუთხით ერთ–ერთ ცენტრალურ ადგილს დაიკავებს ბათუმისა და მისი რეგიონის ურბანული დაგეგმარების პროცესში.
ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე გუნდი მიიჩნევს, რომ ქალაქის მზარდი (მოსახლეობისა და ფართობის კუთხით) ტენდენციების პირობებში მონოცენტრული განვითარება ზოგჯერ კულტურულ და ეკონომიკურ ფუნქციებს შორის კონფლიქტს წარმოშობს. ის აზიანებს პირველს, რაც გრძელვადიან ჭრილში უარყოფითად აისახება მეორეზეც, კერძოდ, ამცირებს კულტურულ თვითმყოფადობას და ურბანული კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელ ქალაქის უნიკალურობას. ჯამში, სავარაუდოდ, მცირდება ქალაქის მიერ ინვესტიციების მოზიდვის უნარი. შესაბამისად, ქალაქის პოლიცენტრულობის გაძლიერების მიზნით, უნდა მოხდეს შესაძლო კონფლიქტური ფუნქციების გამიჯვნა საკვანძო ტერიტორიებზე და ისეთი ადგილების იდენტიფიცირება, რომელთაც, არსებული მოცემულობით განვითარების ან ახალი ფუნქციური დატვირთვის შემთხვევაში, აქვთ პოტენციალი, იქცნენ ბათუმის (სუბ–)ცენტრებად როგორც ეკონომიკური, ისე სოციალურ–კულტურული განვითარების თვალსაზრისით. ეს შიდასაქალაქო პროექტირების ერთ–ერთ უმთავრეს საკითხად გვევლინება.
ბათუმის ინკლუზიურ ქალაქად გარდაქმნის გზაზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ხელმისაწვდომი სტაბილური/ ადეკვატური საცხოვრისით, საზოგადოებრივი სივრცეებით, ჯანსაღი ურბანული გარემოთი და ხარისხიანი სოციალური სერვისებით (მაგ., ჯანდაცვა, განათლება) უზრუნველყოფის საკითხს. ქალაქში საცხოვრისის საკითხი განსაკუთრებით მწვავეა, რადგან, ერთი მხრივ, იკვეთება ახალი ბინების ჭარბწარმოება (ბოლო წლებში აშენებულია ასიათასობით კვ/მ საბინაო ფართი) და მისი არასათანადო საცხოვრებელი დატვირთვა (მიუხედავად მათი კერძო საკუთრების სტატუსისა), ხოლო მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობის მხრიდან სასურველ საბინაო ფონდზე ფინანსური ხელმისაწვდომობის არქონა, და, ზოგიერთ შემთხვევაში, დეგრადირებულ და არაადეკვატურ საცხოვრისში ცხოვრება (მაგ., დევნილების).
ქალაქის ზოგიერთ არეალში არსებობს სერიოზული კონფლიქტიც ტრადიციულ საცხოვრებელ განაშენიანების ტიპებსა და ახალმშენებლობებს შორის, ასევე, ნათლად იკვეთება, რომ სავარაუდოდ, გაუმართლებლად ჭარბია მშენებლობები სანაპირო ზოლში და სხვა სახიფათო მონაკვეთებზე, რაც ერთ-ერთი უპირველესი რიგის დასარეგულირებელი საკითხია.
ბათუმისათვის უმთავრეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს მოსახლეობის სხვადასხვა ფენასა და ჯგუფს შორის შემდგომი სოციალური სტრატიფიკაციისა და სეგრეგაციის თავიდან აცილება, რის გარეშეც ქალაქი ვერასდროს გახდება საყოველთაოდ მიმზიდველი და წარმატებული. ეს თემები საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენდა „სითი ინსტიტუტი საქართველოსთვის“ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მუშაობისას და ბათუმის შემთხვევაშიც, ისინი, გენგეგმის სხვა, უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტათა შორის იქნება განხილული.
დატოვე კომენტარი