ბათუმში „მსოფლიო ვაჭრობის ცენტრი“ (WTC) გაიხსნება. პროექტზე „ალიანს ჯგუფი“ მუშაობს. WTC, რომელიც ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონის, დუბაის, ჰონკონგის, ტოკიოს, სიდნეის და კიდევ ათზე მეტი მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქის შემდეგ საქართველოშიც დაიდებს ბინას, „ალიანს ცენტროპოლისში“ განთავსდება. „ალიანს ცენტროპოლისში“ მსოფლიო ვაჭრობის ცენტრის გარდა, ბიზნესცენტრი, სავაჭრო ცენტრი, აპარტამენტები, „ჰაიატის“ ბრენდის სასტუმრო და კაზინო გაიხსნება.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი სავაჭრო ცენტრი, სადაც სავაჭრო ობიექტებია განთავსებული. ეს იქნება World Trade Centers Association-ის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც მსოფლიოში ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი ასოციაციაა. იგი 300-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს და 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის ვიქნებით ჩვენც“, – განაცხადა Forbes Property-სთან საუბრისას „ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, თემურ ბიწაძემ.
მისი თქმით, „მსოფლიო ვაჭრობის ცენტრის“ საქართველოში შემოსვლა აქაური ბიზნესებისთვის ერთგვარი მედიატორის როლს შეასრულებს საერთაშორისო ბაზარზე, ვინაიდან აქ მოხდება ვაჭრობის მსოფლიო გამოცდილების გაზიარება, – „მაგალითად, ბიზნესს, რომელიც საქართველოში ოპერირებს და გლობალურ ბაზარზე გასვლა სურს, „მსოფლიო ვაჭრობის ცენტრი“ ამ პროცესში დაეხმარება. „მსოფლიო ვაჭრობის ცენტრში“, როგორც წესი, თავმოყრილი არიან პროფესიონალები, ექსპერტები, მათი ცოდნა და გამოცდილება გამოადგება როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე უცხოურ ბიზნესებს აქაური ბაზრის გაცნობაში“, – აცხადებს ბიწაძე.
„ალიანს ჯგუფს“ ამ პროექტით განზრახული აქვს, ბათუმი საქმიანი ტურიზმის ერთ-ერთ ლოკაციად აქციოს. კომპანიაში აცხადებენ, რომ როდესაც მსგავსი ასოციაცია შემოდის ქვეყანაში, უნდა ელოდო, რომ, თავისი კონტაქტების წყალობით, მარტივად მოიზიდავს საერთაშორისო კონფერენციებს, გამოფენებს, შეხვედრებს. „ჩვენ განზრახული გვაქვს, ბათუმი MICE-ტურიზმის რეგიონულ ჰაბად ვაქციოთ“, – ამბობს „ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
„ალიანს ცენტროპოლისის“ პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება $380 მლნ-ია, დასრულების ვადა კი 2024 წელი.
სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დატოვე კომენტარი