თფილისში – ქალაქში, სადაც ვაჭრობა ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური აქტივობა იყო და თფილისურ ბაზრებში, რომელთა სიჭრელის ქება შორს გაისმოდა, სადაც ყოველდღიურად ათასობით ადგილობრივი თუ სხვა ქვეყნის „ქვეშევრდომი“ ირეოდა, ვაჭრობის სფეროში გამეფებული „უწესოება“ ჩვეულებრივ ამბად იყო ქცეული.
დღე არ გავიდოდა, ძველი თბილისის ამა თუ იმ გაზეთს ქალაქის ბაზრებში არსებულ უკანონობაზე, ჩარჩ-ვაჭრების „შაითანობაზე“, კინტოების თავგასულობაზე და, რაც მთავარია, სიძვირესა და ვაჭრების მხრიდან გულუბრყვილო ხალხის გაბრიყვებაზე არ დაეწერა.
საგულისხმოა, რომ, როგორც წესი, ქალაქის საბჭო თუ გამგეობა არ ცდილობდა ამ განუკითხაობის უარყოფას და ხშირად თფილისურ ბაზრებსა თუ ზოგადად, ვაჭრობის სფეროში არსებულ ვითარებაზე ქალაქის საბჭოს სხდომებზეც კი მსჯელობდნენ. მეტიც, ზოგჯერ ისე მოხდებოდა, რომ თვით ქალაქის თავი „დაიარებოდა“ ბაზრებში არსებული ვითარების საკუთარი თვალით სანახავად.
თუმცა არსებულ არასახარბიელო ვითარებასა და განუკითხაობაში, მოსახლეობა, როგორც წესი, ქალაქის მესვეურებს ადანაშაულებდა, რადგან მიაჩნდათ, რომ ბაზარს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, ხოლო პასუხისმგებელი პირები, ვისაც თფილისურ ბაზრებში წესრიგის დაცვა ევალებოდა, დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად არ და ვერ ასრულებდნენ.
სწორედ ამის გამო იყო, რომ ქალაქის ბაზრებში ათასი „უწესოება“ ხდებოდა: „სოფლის ხალხის წეწვა-გლეჯა“, „ისეთი სიძვირე, ისეთი მოტყუება ხალხისა თუ წონაში და თუ ზომაში, რომ არც ერთი მყიდველი კმაყოფილი არ მიდიოდა ვაჭრისაგან“, „ვაჭრებს ყურის-მგდებელი არავინა ჰყავდა, ჩარჩები ჰყიდულობდნენ ხორაგს და აძვირებდნენ“.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხშირად, ყველაზე მეტი სავაჭრო პოლიციის წარმომადგენლებს, ე.წ. ბაზარნიკებს „ხვდებოდათ“. როგორც ძველი პრესიდან ვიგებთ, სავაჭრო პოლიციის მოხელეები, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, პასუხისმგებლები იყვნენ, რომ ვაჭრებს პროდუქტი დაწესებულ ნიხრზე ძვირად არ გაეყიდათ, გლეხების საქონელი ჩარჩ-ვაჭრებს არ ჩავარდნოდათ ხელში, კინტოების თავნებობა არ დაეშვათ, კლიენტები წონაში არ მოეტყუებინათ და ა.შ. ანუ, საერთო ჯამში, მინიმალურად მაინც ყოფილიყო დაცული ის წესი და რიგი, რაც ქალაქის ბაზრებისთვის დამახასიათებელ ქაოსში გარკვეულ წესრიგს მაინც შეიტანდა.
მაგრამ რატომღაც ისე ხდებოდა, რომ „ბაზარნიკების“ გულგრილობაზე, კორუმპირებულობასა და არაპროფესიონალიზმზე წლების განმავლობაში არა მხოლოდ მოსახლეობა, არამედ ქალაქის ხმოსნებიც კი საუბრობდნენ:
„გვატყობინებენ, რომ ჩვენს ბაზრებში და მაედნებზე ძალიან უწესოდ იქცევიან ბაზარნიკები და საზოგადოთ ის პირნი, რომელთაც ვაჭრობის ზედამხედველობა აქვთ მინდობილიო. საწყალი ვინმე ხამი გლეხი თუ დაინახეს, კინტოები ცალკე ატყუებენ, სტაცებენ იმათ სავაჭროსაო და ბაზარნიკები კიდევ ცალკე ისეთს და იმდენ გადასახადს ახდევიებენ, რომელიც სრულებით კანონით არ ერგებათო“;
„ყოველის მხრით უკმაყოფილებას აცხადებენ ქალაქის გამგეობის პოლიციაზე, ანუ ესრედ წოდებულ ბაზარნიკებზე; გვეუბნებიან და გვწერენ, რომ ქალაქის ტაქსას ვაჭრები სრულიად არ უყურებენო, როგორც შეხვდებათ, როგორც მოახერხებენ ისე ატყვილებენ ხალხს და ბაზარკინებს კი ამ დროს დაუღიათ პირი და შესჩერებიან ვაჭრებს, ხმასაც არ იღებენო…“
ამას გარდა, „ბაზარნიკების“ მისამართით არა ერთხელ და ორჯერ გაჟღერებულა, ჩარჩებისგან და ვაჭრებისგან ქრთამს იღებენო. ამ საკითზე თვით „თფილისის ქალაქის რჩევაშიც“ კი საუბრობდნენ:
„გასულ ორშაბათს თფილისის ქალაქის რჩევაში თითქმის მთელი სხდომა სავაჭრო პოლიციის თაობაზედ იყო სჯა.
საზოგადოთ ხმოვანებისაგან ის აზრი იყო გამოთქმული, რომ ახლანდელს სავაჭრო პოლიციას, ე.ი. ბაზარნიკებსა და ნაცვლებს, სარგებლობის მაგიერ უფრო მომეტებული ვნება მოაქვთ ქალაქისათვის, იმათა და ვაჭრებს პირი აქვთ ერთმანეთში შეკრული, ტაქსას არ უყურებენო, ქრთამსაც იღებენო და სხვ.
ბოლოს, დიდი ხნის მოლაპარაკების შემდეგ, რჩევამ გადაწყვიტა, რომ სავაჭრო პოლიციის გასამართავად ქალაქის გამგეობას მიეცეს წელიწადში 8040 მანეთი“, – წერდა გაზეთი „დროება“ 1879 წელს.
თუმცა ამგვარი გადაწყვეტილებები და ინიციატივები საერთო სურათს ვერ ცვლიდა…
ყველა სიკეთესთან ერთად, სავაჭრო პოლიციის უპასუხისმგებლობა, უყურადღებობა და ლამის ჩვეულებრივ ამბად ქცეული ქრთამის აღების ფაქტები, გარკვეულწილად, ბაზრებში პროდუქტზე ხელოვნურად გაზრდილი ფასის ერთერთი მთავარი წინაპირობაც იყო:
„ერთ-ერთი საშუალება სიძვირის წინააღმდეგ: ხეირიანი, პატიოსანი ყურისმგდებლები, ბაზარნიკებია, რომელნიც ერთს გირვანქა ყველში ანუ წვანილში არა ჰყიდიან თავიანთ სინიდისს და არ აძლევდნენ ვაჭრებს ნებასა, რომ როგორც ჰსურსთ და რა ფასათაც ესიამოვნებათ, იმ ფასად გაჰყიდონ ხორაგეული საქონელი“.
ასეთი, იოლად მოსასყიდი „ბაზარნიკების“ პირობებში თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა აზრი ჰქონდა სავაჭრო პოლიციის ჯიხურებში სავალდებულოდ შემოღებული საჩივრების სპეციალური წიგნების არსებობას, რომელშიც მოსახლეობას წესების დამრღვევი ვაჭრების შესახებ შეეძლო საჩივრის დაფიქსირება. წერა-კითხვის გავრცელების დონისა და ზოგადად, სავაჭრო პოლიციის მიმართ არსებული ნიჰილისტური განწყობების გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია, თფილისელებს ამ წიგნის ფურცლები აეჭრელებინათ.
ანალოგიურად, ნაკლებად შედეგიანი უნდა ყოფილიყო, ქალაქის გამგეობის ზემოხსენებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, სავაჭრო პოლიციის მოხელეთა ფარდულებში სპეციალური ყუთების განთავსების ინიციატივა, სადაც უკმაყოფილო მოქალაქეს ანონიმურად შეეძლო ამა თუ იმ ვაჭრის უკანონო ქმედებების შესახებ საჩივრის დატოვება.
„ყველსა და წვანილში“ სინდისის გამყიდველი „ბაზარნიკები“ ამგვარ საჩივრებსაც, დიდი ალბათობით, ვაჭრების დაშანტაჟებისა და დამატებით, „ერთიორი კაპიკის“ შოვნის საშუალებად გაიხდიდნენ.
დღე ერთი იყო და საჩივარი ათასი, მით უფრო, რომ როგორც სავაჭრო პოლიციის მოხელეებზე ჰყვებოდნენ, უკანონო გადასახადის დაწესება მათ დამატებითი შემოსავლის წყაროდ ჰქონდათ ქცეული.
მაგალითად, გაზეთ „კავკაზისთვის“ ტფილისის ერთ მოქალაქეს მიუმართავს „ბაზარნიკების“ უკანონო ქმედებაზე საჩივრით. ამგვარი ტექსტები იმდროინდელ გაზეთებში ხშირად ქვეყნდებოდა. ტფილისის ეს მოქალაქე „კავკაზს“ სწერდა:
„ავლაბარში ვიყავი და ერთს ჩემს ნაცნობს გლეხს, რომელსაც ურმით ღვინო ჩამოეტანა გასასყიდლად, ველაპარაკებოდი. ამ დროს მოვიდა ამასთან ბაზრის ზედამხედველი და რაღაც ხარჯი ორი მანეთი მოსთხოვა. გლეხმა უჩვენა ქაღალდის ნაკუწი და უთხრა, კვიტანცია მაქვსო, გარდავიხადეო. ამის შემდეგ ბაზარნიკი მოშორდა ამას და სხვებთან მივიდა.
როცა ამ გლეხს ვკითხე რა ხარჯი გთხოვა მეთქი, ამიხსნა, რომ კვირაში ორ მანეთს გვახდევინებს ყველა გლეხებს ურემზედაო, უამისოთ არ გვიშვებს ღვინო გავყიდოთო.
იმ ჟამად 17 ურემი ღვინო იდგა იქ, თითოეულს თუ კვირაში ორ მანეთს ახდევინებს, თვეში 136 მანეთი შედგება. ნეტა სად მიდის ეს ფული? რამდენათაც ვიცით, სოფლიდამ შემოტანილ ხორაგზე არაფერი გადასახადი არ არის დადებული. მაშ ვის ჯიბეში მიდის ეს ფული?“
ეს და სხვა მისთანა ბრალდებები და შენიშვნები, როგორც წესი, რჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, მაგრამ ზოგჯერ, მოსახლეობის თუ ქალაქის მესვეურთა საჩივრების საპასუხოდ, სავაჭრო პოლიციის წარმომადგენლებიც აიმაღლებდნენ ხმას და საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მთელ რიგ არგუმენტებსაც მოიხმობდნენ.
ერთი ამგვარი წერილით სავაჭრო პოლიციის ზედამხედველ ფ. წითლიევს მიუმართავს გაზეთ „დროების“ რედაქტორისთვის. აი, რას წერდა წითლიევი:
„დროების“ სხვადასხვა ნომრებში დაბეჭდილია შესახებ ტორგოვის [სავაჭრო] პოლიციის მოსამსახურე პირებისა; სწერია ასე: ვითომც ბაყლები და მიკიტნები დესეტნიკებს არაყს ასმევდნენ და ქრთამს აძლევდნენ, ესენი სოფლის ხალხს წეწვა-გლეჯით იარმუკიდგან ერეკებოდნენ და სხვ.
ამნაირი მოქმედება არც იარმუკაში და არც თუ სხვა ბაზარში ტორგოვის პოლიციის მხრიდან სრულიად არ ყოფილა და არც თუ როდისმე მოხდება!
მხოლოდ წარსულს აპრილის თვეში, ათამდისინ რძეულის გამსყიდავთ დედა-კაცებმა კი იჩივლეს ქალაქის ახალ თავთანა პოლიციის აფიცრებზედ და დესეტნიკებზედა, რომელთაც ამ მოჩივრებთათვის აეკრძალათ რძეულის გასყიდვა სემინარიის წინ ქუჩაზედა; ამის გამოც მე ვიყავი სწრაფლის ბრძანებით გაგზავნილი უფალ ქალაქის თავის ა.ს. მატინოვისაგან შესატყობლათ და დასაკმაყოფილებლათ მოჩივრებისა; ამათ მე იმავე დღეს უჩვენე სემინარიის პირ-და-პირ ადგილი, სადაც იმ დღიდგან იგინი დღესაც ყიდიან თავისუფლათ ყოველს რძეულსა.
შემდეგ ამ ამბებისა, მესამეს დღეს, იყო კიდევ ერთი შემთხვევა: რამდენიმე საპალნე წალკის ოკრუღიდან მოტანილი კვერცხები გავყავი შუაზედა; ეს კვერცხები უნდა გაეყიდნათ ზოგთ თათრის მოედანზედ და ზოგთ კი სემინარიის მახლობლათა. ამათგანი ერთი კაცი სემინარიის წინ დაემწყვდია საპყრობილეში მესამე ნაწილის პოლიციის პრისტავსა იმისათვის, რომ სახედრები აქ რათ გიდგათო.
ამაზედ მაცნობეს თუ არა, მაშინათვე წავედი აღნიშნულის პრისტავის კანცელარიაში, ვნახე პრისტავის თანაშემწე უფალი შიუკოვი, რომელმაც ჩემის თხოვნის შემდეგ განათავისუფლა საპყრობილიდგან კვერცხის გამყიდავი დატუსაღებული პირი.
აგრეთვე დაბეჭდილია, რომ ქალაქის რჩევაში მრთელს სხდომას ჰქონია სჯა ტორგოვის პოლიციაზედა; საზოგადოთ ყოფილა იმათგან გამოთქმული, რომ ნაცვლებს და ბაზარნიკებს სარგებლობის სამაგიეროთ ქალაქისთვის ვნება მოაქვთო, ამათა და ვაჭრებს ერთმანეთში პირობები აქვსთ შეკრულიო, ქრთამებს იღებენო და სხვ.
ამის პასუხათ მე განვაცხადებ: თუ რომ მართლა რჩევაში რომელსამე პირს გამოუთქვამს ზემოთ-მოყვანილი სიტყვები ტორგოვის პოლიციის მოსამსახურე პირებზედა, იმას ამ საგანზედა სრულებით არა სცოდნია გარემოება;
ჩვენ ვაჭრებთან ვისთანმე არავითარი კავშირი და პირობები არა გვაქვს-რა შეკრული, არც თუ ქრთამი აგვიღია. ამ სიტყვებს ვამბობ დამტკიცებით მომატებულათ უფრო ჩემზედა და თუ რომ სხვებთაგან ვინმე როდისმე ყოფილან ცუდს საქმეში შენიშნულები, მაშინათვე ქალაქის თავის მხრიდგან ყოფილან სამსახურიდგან დათხოვნილები.
აი ზოგნი ბაზარნიკები რაზედ დაითხოვეს: ერთს აეღო ორიოდე აბაზი მეფურნეებისგანა; მეორეს აეღო ერთი აბაზი ბაყლისგანა; მესამეს აეღო ნისიათ ათი შაურის პური მეფურნისგანა, მეოთხეს ორ მანეთს დაპირებოდნენ და არ მიეღო კი, მეხუთეს ორი მანეთი აეღო, მეექვსეს თათრის მოედანში ტომრებიდგან დაფანტული ხორბალი და ქერი ხელსახოცით ეგროვებინა და საღამოთი ქათმებისთვის შინ მიქონებოდა ხოლმე და სხვ. და სხვ.
თუ რომ ამისთანა მცირედზედ არიან ხოლმე სამსახურიდგან დათხოვნილები, იფიქრეთ, თუ კი ამაზედ მომატებული დანაშაული ვისიმე გვეცოდინება, განაღა შეიძლება იმ პირის სამსახურში დარჩენა?
თუ რჩევამ ნამდვილად იცოდა თავიანთ გამოთქმულს აზრზედა, ნუ თუ ამისთანა საქმეზედ გაჩუმება ემართათ, შეეძლოთ ერთბაშათ სუყველანი დაეთხოვნათ სამსახურიდგან შერცხვენილები, და იმისთანა პირები დაენიშნათ იმათ ადგილას, რომელთაც ქალაქისთვის სარგებლობის მოტანა შესძლებიყოთ; ან თუ გარეშე პირისგან ვისგანმე იყვნენ ამაზედ დარწმუნებულები, ესეც გასაკვირველია, გაუგებლათ როგორ ერწმუნებოდნენ ვისმეს; ბრალიანს და უბრალოს ღორ-ხბოსაებრ ერთმანეთში რად გვირევდენ?
კარგი იქნებოდა, რომ ეს ჩვენზედ მოლაპარაკე პირი დაეპირდაპირებინა ვისმეს ჩემთვისა და სახელდობრ ეჩვენებინა – რომელს ვაჭრებთან რა ნაირი პირობები გვაქვს შეკრული და ან ქრთამი რა საგანზედ და ან ვისგან აგვიღია; დაქადებით ვიტყვით, უთუოთ თავის გავიმართლებდი.
ნურა ყურმა ნუ გაიგონოს, რაც ეს ხალხი, ბაზარნიკები, უბედურათ ემსახურებიან, მაგრამ სიღარიბის გამო ყველას უსიამოვნებისთვის თავი მიუშვერიათ; ყოველს კვირა დღით და ბედნიერ დღეებშიაც ფეხზედ დგანან და ქალაქს უვლიან, რაც კი შეუძლიანთ.
არ არის იმისთანა ბაზარნიკი, რომ სამჯერ და ორჯელ მაინც არ იყვნენ დაბალი ვაჭარი ხალხისაგან გალანძღულები; ზოგს ნიშანზედ [ზნაკზედ] ხელს კიდებენ და ამ სიტყვებს ეუბნებიან: „ეს ზნაკი ძაღლისა არის, ვინ მოგცათო!“ ზოგს პალტოს ახევენ, ზოგს ყელში უჭერენ დასახრჩობათა და სხვ.
მეც კი ვარ რამდენიმე პირისაგან სამსახურის აღსრულების დროს გაუპატიურებული. თუმცა ზოგიერთს საგანზედ აქტებიც არის შედგენილი და სუდის წესით საქმეები წარმოებს, მაგრამ ჯერ ერთს საქმესაც ბოლო არ მოღებია, რომ აღსრულებაში იყოს მოყვანილი და ხალხს სამაგალითოთ მაინც ქონოდეს სახეში.
ეს ხომ ყველამ ვიცით, სუდებში დაწყობილ საქმეებზედ, თუნდ მცირედზედ იყოს თუნდ დიდ რაზედმე, ერთნაირი წარმოება, მოცდენა და სიარული უნდა; ბაზარნიკებს ამ აქტების საქმეებზედ ხშირად უხდებათ სუდებში მისვლა-მოსვლა და კიდეც ამტკიცებენ ხოლმე.
ამისთანა წინააღმდეგი ხალხისაგან კეთილი წესიერება საიდგან შესდგება? წინააღმდეგ პირთან საქმე რომ გვინდოდეს შევასრულოთ, ათზედ მეტი კაცი გაუჩნდებიან ქომაგათა.
იმისთანა ვაჭრის დუქანს იშვიათად იპოვნით, თუ რომ ყველასფერს გაუშინჯავთ, სამ-სამი და ორი მაინც კანონის წინააღმდეგი ნაკლოვნობა არ უპოვნოთ – რომელ ერთზედ გნებამთ შეადგინოთ აქტი, ან სად არის იმოტელი დროება და ძალა, რომ ყველა ნაკლულს საგანზედ აქტები დაიწეროს? მაშინ მრთელი კანცელარიაც ვერ აუვა აქტების წერასა.
რომ კიდეც შეიძლებოდეს აქტების მოსწრება, უსარგებლო არის, ამისთვის რომ მაგალითად ვსთქვათ:
ტორგოვის პოლიცია შეხვდა ჩარჩების [პერეკუპსჩიკის] აღკრძალულს ნასყიდს რამდენსამე ქალაქში შემოტანილს სხვა და სხვა ხორაგეულით დატვირთვილს ურმებსა; აქ ტორგოვის პოლიციას ამის მეტი რა ნება აქვს, უნდა აქტი შეადგინოს და წარუდგინოს ქალქის გამგეობას; გამგეობაც რამდენიმე დღის შემდეგ უგზავნის სასამართლოს გამომძიებელს, გამომძიებელი გამოძიების შემდეგ უგზავნის უმაღლეს ადგილსა და უკმაყოფილო პირიც გადადის აპელაციითა მაღალს ადგილებში!
ნახეთ აქ რა ხდება ჩარჩების მხრიდანა: ვიდრემდისინ ეს დაწყობილი პროცესი თავდება და საქმე აღსრულებაში მოჰყავთ, ამ ჩარჩს ეს ნასყიდი დატვირთული ურმები სადაც სურს იქ მიაქვს, სცლიან და თავიანთ ნებაზედ ჰყიდიან! რამდენ ამისთანა უწესოებას შეხვდება კაცი, აქ ტორგის პოლიცია რის დამნაშავე არის, ის არის ხელებ-შეკრული.
აქტის შედგენის დროსაც აი რა ხდება: ჩარჩი თავის გვარს, სახელს და საცხოვრებელ ალაგს არ გეუბნება და თუ როგორმე კიდეც გამოათქმევინე და აქტი შეადგინე, ამ აქტზედ მოწმეები არავინ გიწერს ხელსა, სუდებში მოგვინდება თრევაო.
მაგრამ ცოდო გამჟღავნებული სჯობიან: დღეს თუ სრულდება რამე ჩვენის მხრიდგანა და მოჩივრებს ვაკმაყოფილებთ, კიდეც იმითი, რომ ზოგჯერ კანონს გარეთ გავდივართ, ისრე ვასრულებთ საქმეებსა. ამასაც ვიტყვი, თუ რომ ტორგოვის პოლიციას უკეთესი უფლებანი არ მიეცემა რაც დღეს აქვს მინიჭებული, მაშინ თუნდ ორი ტორგოვის სმოტრიტლის მაგიერათ ოთხი ნაცვალიც რომ დაინიშნოს და თორმეტი ბაზარნიკის ნაცვლად კიდევ თორმეტიც სხვა მოუმატონ, ჯამაგირებიც ბლომათ დაენიშნოს, მაშინაც დაბალი ვაჭრებისაგან უწესოება არ მოიშლება და თუ შესაფერი უფლება მიენიჭება ტორგოვის პოლიციას, მაშინ შესაძლო არის ყველამაც შეიძლოს ხალხის წესზედ დაყენება და სინიდისიანათ ვაჭრობის წაყვანა, ისიც ერთბაშათ კი არა, ცოტ-ცოტაობითა…
თუ უნდა ვისმე, რომ ხორაგეული ცოტაც არის გაიაფდეს, მოგვცეს ნება და ძალა, სადაც სკლადებში, ქარვასლებში, წისქვილებში და სხვაგან პატრონებს უწყვიათ ყოველი ხორაგეული, ესენი მოედნებში გამოგვატანინონ, იქ გაიყიდოს და ნახავთ, თუ რომ მაშინ უმეტესი იაფობა არ ჩამოვარდეს!..
ჩემს მოქმედებაზედ ამას ვიტყვი: აგერ მესამე წელიწადი არის, რაც მე საკუთრივ ტორგოვის სმოტრიტლის თანამდებობას განვაგებ; ყველა ღონისძიება მოვიხმარე, ბევრჯელ მწარეთაც მოვეკიდე და ტკბილათაც ხალხსა, ასე გაშინჯეთ, როგორც ზემოთ ვსთქვი, ბევრჯელ კანონს გარეთაც მოვიქეც და ვცდილობდი, რომ ქალაქის საზოგადოება ხორაგეულის ვაჭრობაზედ დამეკმაყოფილებინა. მაგრამ კიდევაც არ ასრულდა სურვილი საზოგადოებისა, იმისთვის, რომ ბევრი რამ არის მიზეზი, რომელსაც აქ აღარ ვაცხადებ…
თუ რომ ამაზე გამკიცხავს ვინმე, რასაც ზემოთ ვაცხადებ, ვინც ჩემზედ უკეთესი აღმოჩნდება, მე იმას ადვილად დაუთმობ ამ ჩემს თანამდებობასა, ახლა იმაც სცადოს ის სიტკბოება, რაც მე ამ ოთხის წლის განმავლობაში გარდამხედია ვაჭრებისგანა და რაც საზოგადოებას ჩემზედ ცუდი აზრი აქვს – ეს კიდევ მეტი დასტალუღია ჩემთვისა“.
ასე და ამგვარად, როგორც ჩანს, ამ გაკიცხული ინსტიტუტის წარმომადგენლებსაც ჰქონიათ საკუთარი სიმართლე და სავაჭრო პოლიციის ზედამხედველ ფ. წითლიევის მოყვანილი არგუმენტები, XIX საუკუნის 70-80-იან წლებში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნაწილობრივ მაინც უნდა ასახავდეს რეალობას.
ამიტომაც ბუნებრივია, „ბაზარნიკები“ არც ისეთი დემონები იყვნენ, როგორადაც მათ თფილისის მოსახლეობა ხედავდა, მაგრამ, როგორც ამბობდნენ, „ბაზარი ქალაქის კუჭია, აქ მოაქვთ და გროვდება ყველაფერი, რაც კი ადამიანის საკვებს, სასმელს და აუცილებელ საჭიროებას შეადგენსო. თუკი ეს ბაზარი უხეიროა, თუკი იქ უწესობა და უთავბოლობა სუფევს, მთელი ქალაქი შეწუხებულია ამითო“, შესაბამისად, ერთ-ერთი პირველი ქვა სწორედ სავაჭრო პოლიციას ხვდებოდა, რადგან „უწესოება და უთავბოლობა“ თფილისური ბაზრების ყოველდღიურობა იყო…
დატოვე კომენტარი