სალიცენზიო ჩარჩოს არარსებობის გამო ბაზრის დატოვებიდან ოთხი წლის შემდეგ, მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟა, Binance-ი იაპონიაში ბრუნდება, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, აზიური სახელმწიფოს შერბილებული პოლიტიკა და ზრდის დიდი პერსპექტივა ის ორი მიზეზია, რომელთა გამო Binance-ი სიდიდით მსოფლიოს რიგით მესამე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში შესვლითაა დაინტერესებული.
კრიპტოაქტივებისა და სხვადასხვა სახის ინოვაციური ტექნოლოგიის მიმართ იაპონიაში ინტერესი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას ახალი ეკონომიკური პოლიტიკის – „ახალი კაპიტალიზმის“ შექმნასთან ერთად გაჩნდა, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, Web3-ინდუსტრიაში არსებული კომპანიების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ თვეს, იაპონიის ფინანსური მარეგულირებელი კრიპტოაქტივებისთვის საკორპორაციო საგადასახადო პოლიტიკის შერბილების ინიციატივით გამოვიდა. ამგვარ ცვლილებას ლობისტები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან მათი თქმით, მკაცრი პოლიტიკა კომპანიებს სინგაპურში და სხვა მსგავს სახელმწიფოებში გადინებისკენ უბიძგებდა.
შეგახსენებთ, რომ Binance-ი რეგიონული ოფისის გახსნას საქართველოშიც განიხილავს, მაგრამ ამისთვის შესაბამისი სალიცენზიო-საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ელოდება, რომელზეც მუშაობა საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა, უკვე დაიწყეს.
დატოვე კომენტარი