ბენქსი — უცნობი ნაცნობი მხატვარი ბრისტოლიდან

ბენქსი — უცნობი ნაცნობი მხატვარი ბრისტოლიდან

ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმული ნახატი, ერთი შეხედვით, პრიმიტიულია. მასზე გოგოა გამოსახული, შავ-თეთრად, რომელსაც ხელში წითელი ბუშტი უჭირავს. ნახატი ანონიმურმა კოლექციონერმა 1,1 მილიონ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგად სოტბის აუქციონზე შეიძინა. გაისმა თუ არა დარბაზში ჩაქუჩის ხმა, მოულოდნელად, სურათი ჩარჩოს ქვემოდან ნახევრად ჩამოიწია და შიგნით წინასწარ დამონტაჟებული შრედერით დაქუცმაცდა. “ხელოვნებაა თუ მასხარაობა” — მთელი მსოფლიო მსჯელობდა მაშინ ამაზე. თუმცა, როგორც უნდა შეეფასებინათ ეს პერფორმანსი, ფაქტია, რომ, ზოლებად დაჭრილიც კი, ეს ნახატი სულაც არ გაუფასურებულა, მეტიც, იგი მოგვიანებით რამდენიმე მილიონი ფუნტით უფრო ძვირად გაიყიდა, თანაც სხვა სახელით — “სიყვარული ურნაშია”.

ნახატი ანონიმურ ინგლისელ მხატვარს, ბენქსის ეკუთვნის. ზუსტად არავინ იცის, ვინ არის იგი, მაგრამ მის ნამუშევრებს ყველგან ელიან, ცნობენ და განიხილავენ.

ბიჭი ბრისტოლიდან

მისი სტენსილები ერთდროულად თვალშისაცემი, მახვილგონივრული და ამაფორიაქებელია. მაიმუნები მასობრივი განადგურების იარაღებით, რაკეტებზე ჩახუტებული გოგოები, წარწერები, რომლებიც ზოგჯერ სულაც არაა დამაიმედებელი — ბენქსის ხელოვნება გაჟღენთილია ირონიით და მისტიკით. არ ჩანს ტელევიზორში, არც სოციალურ ქსელებში აჩვენებს სახეს, თითქმის არასდროს იძლევა ინტერვიუებს, თუ არ ჩავთვლით ერთ გამონაკლისს, 2003 წელს The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც იგი თეთრკანიან, 28 წლის ახალგაზრდადაა მოხსენიებული — ჯინსსა და მაისურში გამოწყობილი, ვერცხლის კბილით, ჯაჭვითა და საყურით.

ბენქსის, როგორც მხატვრის ისტორია გვიანი 90-იანი წლებიდან იწყება. მაშინ ბრისტოლის ქუჩებში მოულოდნელად ჩნდებოდა ბევრისთვის თავზარდამცემი ნახატები, “მკბენარი” ტექსტებით. განსაკუთრებულ ყურადღებას მისი სტილი იქცევდა. ტექნიკა, რომელსაც იგი დღემდე იყენებს, სწრაფად და ჩუმად ხატვის შესაძლებლობას აძლევდა, რაც ასეთი “პარტიზანული” მხატვრობისთვის იდეალური იყო და არის.

ხელოვნება პოლიტიკური კონტექსტით

ბენქსის ხელოვნება სოციალური და პოლიტიკური კომენტარების თვალსაზრისით შთამაგონებელია. ნამუშევრებით იგი სხვადასხვა საკითხს ეხმაურება — ომებს, კონსუმერიზმს, გარემოსდაცვით პრობლემებს, ძალაუფლების თემებს. გამოჩნდება რა რომელიმე შემთხვევით კედელზე, მაშინვე ხდება განხილვის საგანი მისი ნახატები, ტექსტები თუ ქვეტექსტები და მნახველებს არაკომფორტულ თემებზე აფიქრებს.

ასე გამოჩნდა 2022 წლის ნოემბერში ბენქსი უკრაინაშიც. კიევში, ირპინსა და ბოროდიანკაში მან 7 სტენსილი შექმნა: ტანმოვარჯიშე გოგო, რომელიც ჭურვით დაშლილი სახლის ნანგრევებზე ხელებით დგას, ბავშვი, რომელიც ძიუდოში ამარცხებს შავქამრიან “ათლეტს”, ქალი აირწინაღით და სხვა. თითოეული ამ ნახატის გზავნილი მკაფიოა, სპეკულაციები კი — ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ისინი ბენქსის — მხატვარმა საკუთარ ინსტაგრამზევე დაადასტურა. მისი სტენსილის, ძიუდოს მოთამაშეების რეპროდუქცია, მოგვიანებით უკრაინის ფოსტამ სპეციალურ საფოსტო მარკაზეც გამოსახა.

ცხადია, ეს ომი არაა პირველი, რომელსაც ბენქსი გამოეხმაურა. არ აქვს მნიშვნელობა, რას გამოსახავს ის — ბავშვს, რომელიც სვასტიკას ღებავს თუ დემონსტრანტს, რომელიც მოლოტოვის კოქტეილის ნაცვლად თაიგულს ისვრის, მისი ხელოვნება არის ანტიძალადობრივი, პაციფისტური და ხშირად ღირებულებებისა და პრიორიტეტების გადაფასებას ემსახურება.

ბენქსის, როგორც აქტივისტის საქმიანობა მხოლოდ გამოსახულებებში არ ირეკლება. მან არაერთხელ დაუჭირა მხარი მოწყვლად ჯგუფებს მასშტაბური დონაციებით. სხვადასხვა დროს დაეხმარა პანდემიით დაზარალებულებს, ბეთლემის არაბული საზოგადოების ბავშვთა ჰოსპიტალს, იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ კამპანიას, მიგრანტებს და სხვა.

გავლენა

ბენქსიმ უდიდესი როლი ითამაშა იმაში, რომ ქუჩის მხატვრობა სუბკულტურიდან მეინსტრიმ ხელოვნების სცენამდე მისულიყო. მისი ნახატები, რომელსაც ადრე ვანდალიზმად მიიჩნევდნენ, ახლა მილიონებადაა შეფასებული და მათ პრესტიჟულ გალერეებსა და საკოლექციო სახლებში გამოფენენ. ამ ტრანსფორმაციამ უამრავ ქუჩის მხატვარს გაუხსნა გზა ახალი შესაძლებლობებისკენ და აღიარება მოაპოვებინა.

მისმა საქმიანობამ ბევრი მხატვარი შთააგონა, რომ მათი საქმიანობა სოციალურ თუ პოლიტიკურ პრიზმაში გაეტარებინათ. მხატვრობის სტილმა და მკაფიო განცხადებებმა კი დიდი კვალი დაამჩნია თანამედროვე ხელოვნებას.

მისმა ხედვებმა პოპკულტურაშიც დაიმკვიდრა საკუთარი ნიშა. ნახატებმა და მესიჯებმა განიცადა ადაპტაცია და ხელახალი სახით მოგვევლინა მუსიკალურ ვიდეოებში, მოდაში, და ხშირად – ტატუ არტშიც.

ბენქსის მემკვიდრეობა გასცდა ხელოვნების საზღვრებს. მან შეძლო, შეერწყა ხელოვნება აქტივიზმთან, ყოფილიყო ტრანსფორმაციული მოვლენების სათავე და ქუჩის მხატვრობა დაფასებულ სახელოვნებო მედიუმად ექცია. ბენქსიმ აჩვენა, რომ ხელოვნება არ მოიცავს მხოლოდ არსებულის ასახვას, არამედ, ეს არის სამყაროს ხელახალი გადააზრება. ექსცენტრიკულმა მხატვარმა ამით მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა 21-ე საუკუნის ხელოვნების ლანდშაფტში.

ბენქსი: ლეგენდის დაბადება

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გახსნიდან 5 წლის აღსანიშნავად, SOLO X-სა და Visa-ს მხარდაჭერით, 18 ოქტომბრიდან გაიმართება გამოფენა — BANKSY: Birth of an icon – curated by Steve Lazarides.

“ეს კონკრეტული მოგზაურობა ბენქსისთან ერთად მუშაობის 11 წელიწადს ეხება, როცა მე მისი ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი, მძღოლი, აგენტი, მენეჯერი და ყველაფერი ვიყავი. ბენქსის პირველად 1997 წელს შევხვდი, როდესაც ის იწყებდა მუშაობას, როგორც ახალგაზრდა უცნობი გრაფიტის არტისტი ბრისტოლიდან.

ამ გამოფენაზე ნახავთ ბენქსის მიერ განვლილ სრულ გზას. დაათვალიერებთ მის ხელოვნებას ორი პერსპექტივიდან — ჩემ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფოტოებს, რომლებიც შეგიქმნით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ საიდან მოვიდა ის, როგორ დაიწყო ყველაფერი და ასევე, ნახავთ ორიგინალებს, რომ გაჩვენოთ, რამდენად გასცდა ბენქსი საზღვრებს და რამდენად უსწრებდა დროს. ნელ-ნელა, დათვალიერებისას, თავად მიხვდებით, თუ რატომ გააღმერთა იგი ხელოვნების სამყარომ და როგორ იქცა ვანდალი არტისტი საკულტო ფიგურად“, — ამბობს გამოფენის კურატორი, სტივ ლაზარიდისი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება მუზეუმის სალაროში, სადაც SOLO Visa ბარათის მფლობელები 15%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

თუ გსურთ, გაიგოთ მეტი ბენქსისა და სტივ ლაზარიდისის შესახებ, ეწვიეთ ვებგვერდს.

S