ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმწარმოებლის, Occidental Petroleum-ის $529 მილიონის ღირებულების 9.6 მილიონი აქცია დამატებით შეიძინა, რითაც კომპანიაში საკუთარი წილი თითქმის 16%-მდე გაზარდა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ფედერალური სავაჭრო კომისიის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
ბაფეტის Berkshire Hathaway-ი Occidental Petroleum-ის უმსხვილესი აქციონერია. კომპანიამ აქციების ყიდვა თებერვლის ბოლოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაფეტმა განაცხადა, რომ Occidental-ის საინვესტიციო პრეზენტაციას დაესწრო და კომპანიის მმართველის, ვიკი ჰოლუბის გეგმებით აღფრთოვანდა. ცოტა ხანში, Occidental-ის თებერვლის ფინანსური ანგარიშგების გამოცხადების შემდეგ, Berkhsire Hathaway-იმ კომპანიის აქციების შესყიდვა დაიწყო და ორი კვირის თავზე, კომპანიის 14%-იანი წილი შეიძინა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში, Occidental Petroleum-ის აქციების ფასი 92%-ით გაიზარდა, რაც საგრძნობლად აღემატება S&P 500-ის ინდექსის მიერ დაფიქსირებულ მაჩვენებელს, რომელიც ამავე პერიოდში, 21%-ით შემცირდა. თავისთავად ცხადია, რომ Occidental-ის აქციების ფასების ასეთი მკვეთრი მატება ნავთობის ფასის ზრდამ განაპირობა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაიწყო.
„ბედნიერნი უნდა ვიყოთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეში დაახლოებით 11 მილიონი ბარელი ნავთობის წარმოების შესაძლებლობა გვაქვს და არ გვიწევს, რომ ამერიკული სამეწარმეო მანქანის მუშაობისთვის ყოველდღიურად საჭირო 11 მილიონი ბარელი სხვაგან შევიძინოთ“, – განაცხადა უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის ყოველწლიურ ყრილობაზე.
დატოვე კომენტარი