Covid-19–ის პანდემიის გამო უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway–ს, ისევე როგორც დანარჩენ კორპორაციებს ამერიკაში, საკმაოდ მძიმე 2020 წელი ჰქონდა, მაგრამ ეკონომიკისა და საფონდო ბირჟის გამოცოცხლების ფონზე Oracle of Omaha’s ქონებაც გაიზარდა.
Berkshire–მა შაბათს მეორე კვარტლის მოგება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, მეორე კვარტლის ერთობლივმა მოგებამ $28.1 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%–ით აჭარბებს. ამასთან, საინტერესოა, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში Berkshire–ის წმინდა შემოსავალი $39.8 მილიარდი იყო და ანაზღაურებდა გასული წლის პირველი ექვსი თვის ზარალს $23.5 მილიარდს.
მკვეთრად გაიზარდა საოპერაციო მოგებაც, რაც ბევრი ანალიტიკოსის აზრით, კორპორაციის ფინანსური სიჯანსაღის ყველაზე კარგი მაჩვენებელია. მიმდინარე პერიოდში წმინდა საოპერაციო მოგებამ $6.7 მილიარდი შეადგინა, რაც 21%–ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტის ქონება დაახლოებით $105 მილიარდია, ის სიფრთხილეს მაინც იჩენს და განაგრძობს ინვესტიციების დივერსიფიკაციას. აღსანიშნავია, რომ ივნისის ბოლოს კორპორაციის ბალანსზე $144.1 მილიარდი იყო, რაც თითქმის $6 მილიარდით აღემატება დეკემბრის მონაცემებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტი ცნობილია, როგორც ამერიკული blue chip კომპანიებში აქტიური ინვესტირებით, როგორიცაა Apple (AAPL), Coca-Cola (KO) და American Express (AXP), ბოლო პერიოდში Berkshire-ი საკუთარი აქციების შეძენითაა დაკავებული.
შაბათს კორპორაციაში განაცხადეს, რომ მათ შეიძინეს $6 მილიარდის ღირებულების საკუთარი აქციები და წლის ბოლომდე გეგმავენ კიდევ შეიძინონ $12. 6 მილიარდის აქციები.
საინტერესოა, რომ Berkshire ის B ტიპის აქციების ფასი, რომელიც შედარებით ხელმისაწვდომია და მისი ფასი $285–ის ფარგლებში მერყეობს, მიმდინარე წელს 23%–ით გაიზარდა. ხოლო კომპანიის A ტიპის აქციების ფასი საშუალოდ $430 ათასია.
წარმატებით ფუნქციონირებს და ზრდას განაგრძობს კორპორაციის სხვა კომპანიებიც, მათ შორის Berkshire–ის რკინიგზა, კომუნალური და ენერგეტიკული ბიზნესი. ამ კომპანიების საოპერაციო შემოსავალი მეორე კვარტალში 28%–ით გაიზარდა. Berkshire ფლობს Burlington Northern Santa Fe რკინიგზას და PacifiCorp და MidAmerican Energy კომუნალურ კომპანიებს.
იმის დასადასტურებლად, რომ ეს ბიზნესი Berkshire–სთვის მნიშვნელოვანია, კომპანიამ მაისში გრეგ აბელი, კომპანიის არასადაზღვეო ოპერაციების ხელმძღვანელი, კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტად გამოაცხადა. ვარაუდობენ, რომ ბაფეტის შემდეგ სწორედ ის იქნება Berkshire–ის სათავეში.
დატოვე კომენტარი