დღეს Tesla-მ გერმანიაში საკუთარი პირველი ევროპული საწარმოო ჰაბი გახსნა. $5.5 მილიარდდოლარიანი ქარხნის გახსნას Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, დიდი სიხარულით შეხვდა და წარმატება ცეკვითაც აღნიშნა. ბერლინის გიგაქარხანაში წარმოებული Model Y-ების გადაცემის პროცესს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი თავად დაესწრო და პირველ ეგზემპლარზე საკუთარი ხელმოწერაც დატოვა.
30 მომხმარებელი საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად ხმამაღალი მუსიკის ფონზე უყურებდა ქარხნის გახსნით აჟიტირებული ილონ მასკის ცეკვასა და პუბლიკასთან ხუმრობას. „ეს უდიდესი დღეა საწარმოსათვის, კიდევ ერთი ნაბიჯი განვითარებადი მომავლის მიმართულებით.“
სფეროს ექსპერტების მოლოდინით, ბერლინში Tesla-ს საწარმოს გახსნა ინდუსტრიაში ბევრ რამეს შეცვლის. კომპანიას ქარხნის გასახსნელად ბრძოლა დიდხანს მოუწია. მარეგულირებელი ორგანოებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების გამო პროცესი დაახლოებით 8 თვით გაჭიანურდა.
დიდი ამბიციების მქონე Tesla ევროპულ ბაზარზე როგორც იქნა შევიდა. ახლა კი მისთვის რეგიონში ფეხის მოკიდება ბევრად უფრო მარტივი იქნება. კომპანიისათვის მნიშვნელოვნად გამარტივდება ლოგისტიკური საკითხებიც. აქამდე ევროპული შეკვეთებისათვის Tesla ავტომობილებს შანხაის საწარმოდან აგზავნიდა, რაც ტრანსპორტირების ხარჯებსაც ზრდიდა. ახლა კი ყველაფერი ერთ კონტინენტზე იქნება მობილიზებული. ეს საკითხი კონკურენტებისათვის საქმეს ართულებს. მოგეხსენებათ, Volkswagen-ი ევროპულ ბაზარზე ელექტრომობილების ინდუსტრიაში დომინაციას გეგმავს, Tesla-ს ადგილობრივი წარმოება კი ამ მიზნის მიღწევას გაართულებს.
ამჟამად, ევროპაში ელექტრომობილების ბაზრის 25%-ს სწორედ გერმანული ავტომწარმოებელი ფლობს. გაყიდული ელექტრომობილების 13% კი Tesla-ზე მოდის. JPMorgan-ის პროგნოზით, Tesla-ს გიგაქარხანა 2022 წელს 54 000 ავტომობილს აწარმოებს, 2023 წელს – 280 000-ს, ხოლო 2025 წლისათვის 500 000 ერთეული ელექტრომობილის წარმოებას შეძლებს.
საწარმო ახალ შეკვეთებს უკვე აპრილიდან მიიღებს. 12000 პოტენციური თანამშრომლიდან კი 3000 უკვე დაქირავებულია.
დატოვე კომენტარი