მილიარდერი ჯეფ ბეზოსის გარემოსდაცვით ფონდს, გაეროს კლიმატის წლევანდელი სამიტის ფარგლებში, ევროპისა და აფრიკის სახელმწიფოებთან კოალიციის შექმნა სურს. მიზანი აფრიკის მიწის აღსადგენად ძალისხმევის გაძლიერებაა.
ფილანთროპიული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მაშინ როდესაც ეგვიპტის COP27-ის სამიტამდე სულ რაღაც ერთი თვე რჩება, Bezos Earth Fund-ი 2030 წლისთვის აფრიკაში 100 მილიონ ჰექტარზე ტყის გაჩეხისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ იბრძვის. სტიერის თქმით, კლიმატურ ცვლილებას აფრიკელი ფერმერებისთვის მძიმე შედეგები მოაქვს, ორგანიზაციის გეგმით კი აღდგენის მიზანი ატმოსფეროში ნახშირბადის შემცირება და „ფერმერებისთვის უკეთესი შემოსავლის, საკვები უსაფრთხოებისა და გამძლე ნიადაგის“ უზრუნველყოფა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ღარიბი ქვეყნები უკვე წლებია, მსოფლიოს მდიდარი ნაწილისგან მათ მიერ გამოყოფილი ემისიებით გამოწვეული კლიმატური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნა ეგვიპტეში მომავალ თვეში გასამართ COP27-ის სამიტზე შესაძლოა, კვლავ ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცეს. სტიერმა Bezos Earth Fund-ის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა რეპარაციის თემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მდიდარ ქვეყნებს ბევრად დიდი როლის შესრულება მოუწევთ ღარიბი ქვეყნებისა და მათი მოსახლეობისთვის კლიმატთან ადაპტაციაში დასახმარებლად.
ბეზოსის საქველმოქმედო ორგანიზაციამ მისი $10-მილიარდიანი ფონდიდან 30%-ის გაღების პირობა დადო. თანხა ძირითადად ბუნების დაცვის, აღდგენისა და კვების სისტემების ტრანსფორმაციის საკითხებს მოხმარდება.
დატოვე კომენტარი