ბეზოსის უსაზღვროება

ბეზოსის უსაზღვროება

ამერიკის ყველაზე ინოვაციური – და შიშის აღმძვრელი – ბიზნესლიდერი წარმატებით ასრულებს სამწლიან რბოლას, რომელმაც ის ყველა დროის ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცია. თუმცა, FORBES-ს ეუბნება, ახლაღა ვიწყებ ზრდასო. კორპორაციული ამერიკის საყურადღებოდ: ჩვენ გაგაფრთხილეთ.

ამერიკის სხვა ტექნოლოგიური გიგანტებისაგან განსხვავებით, Amazon-ს არა აქვს ტრადიციული კამპუსი. მსოფლიოში არსებული 575,000 პერსონალიდან სიეტლში მოღვაწე სადღაც 45,000 თანამშრომელი და აღმასრულებელი არაერთ ცათამბჯენში მიმოფანტულან – ქალაქის ცენტრსა თუ საუთ-ლეიკ-იუნიონის უბანში. Amazon-ის “სათავო ოფისი” იქაა ავტომატურად, სადაც არის ხოლმე კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი. ამწუთას ეს ადგილი Day 1 Tower-ია. ადგილის სახელწოდება ბეზოსის მარადიულ კრედოში უნდა ვეძიოთ: გარკვეული აზრით, ჩვენ კვლავ ინტერნეტის “დღე პირველი” გვიდგას და, ამავე ლოგიკით, Amazon-ი, ეს-ესაა, იწყებს მოღვაწეობას.

თუმცა ამ ფრაზის თქმა სერიოზული სახით სულ უფრო რთული ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიის გაყიდვები, მოგებები და აქციების ფასი მაღლა და მაღლა იწევს; ეს უკანასკნელი, მაგალითად, სამ თვეში 270%-ით ავარდა, ბოლო 12 თვეში კი 103%-ით. Amazon-ი Apple-ს უახლოვდება და მსოფლიოს ყველაზე ღირებული კომპანიის სტატუსისკენ მიიჩქარის, ხოლო ბეზოსი, რომლის პირადი ქონება $160 მილიარდთან არის ახლო, ამ პროცესში პლანეტის უმდიდრეს ადამიანად გვევლინება.

მიუხედავად ამისა, ბეზოსი Amazon-ზე ისე ლაპარაკობს, თითქოს რაღაც არასტაბილური სტარტაპი იყოსო, რომელმაც ახლახან გაიარა Series A რაუნდი. “ყოველგვარი პრაქტიკული მიზნებისთვის, ბაზრის ზომა შეუზღუდავია”, – ამბობს 54 წლის ბეზოსი და ზემოთ აწეული სახელოებიდან ანიმაციური გმირის, პოპაის მსგავსი მკლავები მოუჩანს; ეს შუახნის ასაკში დაწყებული აქტიური ვარჯიშის შედეგია, რომელიც დიდი მითქმა-მოთქმის საგნადაც კი იქცა. მისი ზრდის საფუძველს “სუპერიღბლიანი” კომბინაცია წარმოადგენს: საცალო ვაჭრობის ბაზარი – Amazon-ის თავდაპირველი საბადო – მისი თქმით, “არაერთ ტრილიონს” ნიშნავს, ისევე როგორც cloud-ის ბაზარი, რომელიც პირველად Amazon Web Services-მა (AWS) წამოიწყო. “არსებობს სხვა ბიზნესები, სადაც ბაზარი შეზღუდულია, – დასძენს კაცი, რომლის კომპანიის შემოსავლები წელს, წესით, $210 მილიარდამდე ავა. – მაგრამ ჩვენთვის ეს საკითხი უბრალოდ არ დგას”.

თუ ჯეფ ბეზოსი უკვე მსოფლიოში ყველაზე შიშის მომგვრელი ბიზნესპერსონაა, მაშინ მისი “შეუზღუდველობის”პერსპექტივამ ყველა კორპორაციული ლიდერი უნდა გამოაფხიზლოს. ჰო, ის შეუპოვარია და გრძელვადიანი თამაშის ოსტატი, მაგრამ მისი მთავარი სიძლიერე, ბოლო რამდენიმე წელიწადში რომ გამოიმუშავა, გახლავთ უნარი, Amazon-ი მსხვილ მასშტაბებთან მომიჯნავე ბიზნესებად გარდაქმნას (რომლის ზოგიერთი ნაწილი მომიჯნავე მხოლოდ რეტროსპექტულად იყო). ამის გაზომვა შესაძლებელია: Forbes-ი რვა წელია, ინოვაციური კომპანიების რეიტინგებს ადგენს, ხოლო ამას წინათ მენეჯმენტის პროფესორთა ტრიოსთან ვიმუშავეთ, რათა გვეცადა და ქვეყნის ყველაზე ინოვაციური ბიზნესლიდერები გამოგვევლინა. ოთხკომპონენტიანი მეთოდოლოგია – რომელიც აერთიანებს საჯარო რეპუტაციასა და გავლენას, ღირებულების შექმნასა და ინვესტორების მიერ აღმასრულებელი დირექტორისთვის მინიჭებულ პრემიუმს – ბეზოსს უპირობო ლიდერად აქცევს.

“რასაც ჯეფ ბეზოსი აკეთებს და გააკეთებს, სავარაუდოდ, ყველაზე ღირსშესანიშნავი მიღწევაა, რაც კი მინახავს”, – მითხრა გასულ წელს უორენ ბაფეტმა, როცა ღია კითხვა დავუსვი და ვთხოვე, ბაზარზე დაკვირვების ლამის ოთხმოცწლიანი გამოცდილების საფუძველზე ყველაზე შთამბეჭდავი ბიზნესგონება დაესახელებინა. “იმიტომ რომ ორ ძალიან მსხვილ ინდუსტრიას დაეპატრონა, თანაც – ერთდროულად, და, პრინციპში, მეტოქეთა ცხვირწინ, რის შედეგადაც ლიდერად იქცა, ამ ინდუსტრიებს სახეს უცვლის და ძალიან დიდ ბიზნესებში ძალიან წარმატებულია”.

მართალია, ბეზოსსაც და ბაფეტსაც მხედველობაში ვაჭრობა და cloud-ი ჰქონდათ, ბეზოსი, სინამდვილეში, გაცილებით მრავალმხრივ შეუზღუდავია. პირველი: AWS-ის წყალობით – კომპანია, რომლისთვისაც ზრდა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე მოგებიანობა, როგორც იქნა, მილიარდებს აკეთებს, ბეზოსი კი ბაზარზე იმგვარი საიმედოობით სარგებლობს, რომ ამ მილიარდების დაბანდება, ფაქტობრივად, ყველგან შეუძლია, სადაც მოისურვებს. მეორე: მასშტაბი, რომელიც Amazon-ს ზრდისთვის სჭირდება, პრაქტიკულად, აგრესიულობას მოითხოვს. დაბოლოს: სავაჭრო და ციფრულ ბიზნესსერვისებში დომინირებით, – ამ ორივე სფეროს კი თითქმის ყველა სხვა ინდუსტრიასთან აქვს შემხებლობა, – ის ახლა იმგვარადაა პოზიციონირებული, რომ ნებისმიერ მომიჯნავე ბიზნესში შეუძლია გადანაცვლება, სადაც დამატებით ღირებულებას იპოვის. ის მულტიმილიარდებით, სულ მცირე, ოთხ ბაზარში თამაშობს, – ჯანდაცვაში, შოუბიზნესში, სამომხმარებლო ტექნიკასა და რეკლამაში – ხოლო ეს ბაზრები მრავალ ისეთ კომპანიას მოიცავს, რომლებიც ჯერ არ არიან Amazon-ით დამფრთხალნი. შემთხვევითი როდია, რომ ამ ოთხიდან ყოველი ბაზარი ურტყამს ან უახლოვდება იმ “ტრილიონების” პოტენციალს, ბეზოსმა რომ ახსენა.

თუ მისი კოლეგა-პიონერები პირველი დოტ-კომ ეპოქიდან ხელგაშლილად მიეგებნენ ე.წ. “ღია კარის” პრინციპს და მის პოპულარიზებასაც შეუდგნენ, ბეზოსი მალულ ქმედებებს მუდამ აქტივად აღიქვამდა: ახალ ინიციატივებს უფრო დიდ დანახარჯებში ნიღბავდა და თავს ისე აჩვენებდა, თითქოს სწრაფად მზარდი რჩეული მარგალიტები არ აინტერესებსო. ბეზოსის საჯარო პროფილის გაფართოებასთან ერთად, საჯარო კომენტარებმა და ინტერვიუებმა მკვეთრად იკლო (მიუხედავად იმისა, რომ Washington Post-ის მფლობელია). ბეზოსი დონალდ ტრამპის შესახებ საუბარზე უარს ამბობს, რომელმაც მასა და Post-ს Twitter-ზე შეუტია, მაგრამ აშკარად ესმის, რომ ერთგვარად მიზანშია ამოღებული. კითხვაზე, Facebook-ის შარშანდელი პრობლემები თუ იყო მისთვის, როგორც ამომავალი სარეკლამო კომპანიის მეთაურისთვის, რაიმე სახის გაკვეთილი, ლაკონიურ, პოლიტიკურ და დაუჯერებელ პასუხს იძლევა. “არა” – აცხადებს ეს კორპორაციული სწავლების პროპონენტი და რამდენიმეწამიან პაუზას აკეთებს, რომ კიდევ უფრო გაუსვას ხაზი სათქმელს. და მონაცემთა კომპანიად ქცევაზე რას ფიქრობს? “Amazon-ზე ამ ჭრილში არასდროს მიფიქრია”, – ამბობს კაცი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, მონაცემებით მართულ კომპანიას თაოსნობს, მერე კი თავის პოლიტიკოსის რიტორიკას უბრუნდება. როცა ვეუბნებით, რომ Amazon-ი, სხვა თუ არაფერი, ამის ინსტრუმენტი მაინც არის, ის სიტყვას სწრაფად გვაწყვეტინებს: “მრავალი ინსტრუმენტიდან – ერთ-ერთი”.

ასე იყო თუ ისე, იმ დილას, რომელიც ბეზოსმა Forbes-თან გაატარა და მოკლედ გაგვანდო, როგორ აქვს ინოვაციისკენ აღებული გეზი და როგორ ირჩევს, სად გაფართოვდეს, Amazon-ის მომავლის სქემა მაინც მოიხაზა. კომპანიის ზომის გათვალისწინებით, ის ვერტიკალურადაც მოძრაობს და ჰორიზონტალურადაც, ყოველი მიმართულება კი კიდევ უფრო მეტ ძირგამომთხრელ ქმედებას მოასწავებს. ხუთი წლის წინაც კი, ბეზოსი იმითაც ჩანდა კმაყოფილი, რომ ცდილობდა, ყველასათვის ყველაფერი მიეყიდა, რითაც, მეტწილად, საცალო და საბითუმო მოვაჭრეების წყევლად იქცა. მაგრამ ინოვაციის ამ დაოსტატებულ მხატვარს დღეს ხელთ ფერთა უნივერსალური პალიტრა უპყრია: ნებისმიერი ინდუსტრია, რასაც კი ხელს დაადებს.

 

ამ შეუზღუდავ ეპოქაში, ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა Amazon-ში არის “კი.” ბეზოსი სწორად გვიხსნის ტრადიციული კორპორაციული იერარქიის არსს: “დავუშვათ, უმცროს აღმასრულებელს რაღაც იდეა მოსდის თავში და უნდა, მისი განხორციელება სცადოს. მან უნდა დაარწმუნოს თავისი ბოსი, თავისი ბოსის ბოსი, თავისი ბოსის ბოსის ბოსი და ა.შ., ხოლო ნებისმიერი “არა” ამ ჯაჭვში მთელ იდეას ჩაკლავს”. ამიტომაცაა, რომ სხარტი და მოქნილი სტარტაპები ასე ადვილად ანადგურებენ კონსერვატიულ დინოზავრებს: ცხრამეტმა ვენჩურ-კაპიტალისტმა რომც თქვას “არა,” საკმარისია გამოჩნდეს მეოცე, “კი”-ს ვინც იტყვის, და ძირგამომთხრელი იდეა ბიზნესად იქცევა.

შესაბამისად, ბეზოსმა Amazon-ის სტრუქტურა იმის გარშემო ააგო, რასაც თავად “კი-მდე მიმავალ მრავალ გზას” უწოდებს და ეს განსაკუთრებით “ორმხრივ კარებს” ეხება – გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხშირად პატარ-პატარა გაუმჯობესებებს ეფუძნება და რომლებიც შეიძლება, შეიცვალოს, არაგონივრული თუ გამოდგა. ასობით აღმასრულებელს შეუძლია, მწვანე შუქი აუნთოს იდეას, რომელსაც თანამშრომლები შიგნითვე აფასებენ და აწონ-დაწონიან. “მან იცის და ჩვენც ვიცით, რომ გამოგონებები და ექსპერიმენტები გარკვეული წარუმატებლობის გარეშე არ გამოდის, – ამბობს ბეზოსის სტაჟიანი ლეიტენანტი ჯეფ ვილკი, რომელიც Amazon-ის სამომხმარებლო და სავაჭრო ოპერაციებს უდგას სათავეში. – ამ იდეებს ჩვენ მივესალმებით. მეტიც, გვინდა, რომ სულ ყველგან აღმოცენდეს. ჯეფს ასეთი იდეების განხილვა არც სჭირდება. არც მე”.

მაგრამ როცა საქმე უფრო მსხვილ იდეებსა და ვერტიკალებზე მიდგება, რომლებიც “ცალმხრივი კარების” სახელითაც არიან ცნობილნი და რომლებიც კომპანიას მიმართულებას უცვლიან, ბეზოსი თავს უკვე “შემნელებელი დირექტორის” როლით იწონებს. სამ რამეს აქცევს ყურადღებას. პირველი ორიგინალურობაა. “დიფერენცირებული იდეა უნდა გვქონდეს. მოდი, მეც ამას ვიზამ”-ტიპის წინადადება არ უნდა იყოს”. მეორე მასშტაბია. “რამდენიმე ძალიან მსხვილი ბიზნესით ვართ დაჯილდოებულნი, დროის მანძილზე რომ შევქმენით, და არ გვაქვს იმის ფუფუნება, ენერგია რაღაც ისეთში ჩავდოთ, რამაც შეიძლება, იმუშაოს, მაგრამ პატარა აღმოჩნდეს”. დაბოლოს: სილიკონის ხეობის სადარი ინვესტიციების ანაზღაურებადობის კოეფიციენტი (ROI). “რაოდენ დიდ მასშტაბებზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, საინვესტიციო კაპიტალიდან კარგი მოგებები უნდა გვქონდეს”.

საბოლოო ჯამში, იდეები, რომლებიც ამ სამეულს ერგება, ბეზოსის თქმით, ორიდან რომელიმე მოდელიდან აღმოცენდება. ან რეტროსპექტულად უყურებ მომხმარებლის საჭიროებებს – მაგალითად, შეამჩნიე, რომ ხალხი ქცევის კონკრეტულ მანერას ავლენს და გადაწყვიტე, რაიმე შესაბამისი პროდუქტი შესთავაზო, – ან, პირიქით, წინ იყურები – იცი, როგორ შექმნა რაიმე ღირებული და მომხმარებელთა ძებნას იწყებ.

Amazon-ის გიგანტურობა, პრინციპში, მეორე მოდელიდან გამომდინარეობს. თავდაპირველად ნიშის მოთამაშეს, ბეზოსს, ადვილად შეეძლო, მხოლოდ იმაზე კონცენტრირებულიყო, რომ მსოფლიოს ციფრულ წიგნის მაღაზიად ქცეულიყო, როგორც, ვთქვათ, Etsy-ია – ხელნაკეთი ნივთების მაღაზია და Zappos-ი – ფეხსაცმლის (ორივე მათგანს დღეს, ცხადია, Amazon-ი ფლობს). მაგრამ წიგნების გაყიდვაში დაოსტატებულმა, დაინახა, რომ ამ ინსტრუმენტების – ინვენტარის მენეჯმენტით დაწყებული, სარეკომენდაციო სისტემებით დამთავრებული – გამოყენებით, მომიჯნავედ შეეძლო ემოძრავა: ჯერ – მუსიკასა და DVD-ებში, მერე – სათამაშოებსა და ტექნიკაში და მერე – ლამის ყველაფერში, რაც კი შეიძლება საცალოდ გაყიდო. ეს ცოდნა კვლავ ბერკეტად გამოიყენა: გაბედულად (და წარმატებით) Amazon-ი უწინდელი მეტოქეების – დამოუკიდებელი გამყიდველების პლატფორმად აქცია და, ამ გზით რეფორმატორი მოვაჭრის სახელიც დაიმკვიდრა პანთეონში, სადაც ისეთ პერსონებს წააწყდებით, როგორებიც სემ უოლტონი, აარონ მონტგომერი ვარდი და Sears Roebuck-ის ჯულიუს როზენვალდი არიან.

სწორედ აქ უნდა დამთავრებულიყო ისტორია. მაგრამ დასავლური სამყაროს დომინანტი ონლაინმოვაჭრის რანგში, Amazon-ი სერიოზულ ტექნოლოგიურ და ლოგისტიკურ პრობლემებსაც აგვარებდა და, ნაცვლად იმისა, ბეზოსს ეს უნარები უბრალოდ თავისი მთავარი ბიზნესის ზრდისთვის საჭირო იარაღად მიეჩნია, მან ისინი საკუთრივ ბიზნესებად დაინახა. შიდა მოთხოვნამ ნახევარ განაკვეთზე მომუშავე დეველოპერებზე შედეგად Mechanical Turk-ი გამოიღო – ქრაუდსორსინგზე დაფუძნებული ერთ-ერთი პირველი ბაზრობა მსოფლიოში დროებითი სამუშაოებისთვის. ადგილზე მიტანის გასაოცრად ეფექტიანი ინფრასტუქტურის შექმნას სერვისი, Fulfillment by Amazon-ი მოჰყვა, ხოლო ყოველ შენაძენზე ფულის აღებაში გაწაფულობამ Amazon Pay დაბადა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: როცა Amazon-მა თავისი მონაცემების cloud-ში შესანახად უშველებელი შესაძლებლობების შექმნა დაიწყო, ბეზოსი მიხვდა, რომ, შესაძლოა, სხვა ბიზნესებსაც მონდომებოდათ იქ თავიანთი მონაცემების შენახვა. 2017-ში AWS-ის შემოსავალმა $17.5 მილიარდი შეადგინა.

თვით ასეთი, მომხმარებელზე ორიენტირებული, კონცეფციებიც კი იძლევიან უნარებზე დაფუძნებულ დივიდენდებს. აიღეთ, მაგალითად, ელ-მკითხველი Kindle-ი – Amazon-ის პირველი შეჭრა კომპიუტერული აპარატების სამყაროში 2007 წელს. ვილკი, რომელიც კომპანიაში AlliedSignal-იდან მივიდა, იხსენებს, როგორ შეეწინააღმდეგა საბჭოს. “ავდექი და ვეუბნები: “არ გეთანხმებით. ვფიქრობ, დიდი შანსია, ვერ დავემთხვიოთ ადგილზე მიტანის დათქმულ თარიღს. ძალიან დაბალი მოგება გვექნება. არ ვიქნებით წარმოების მხრივ ეფექტიანები. მომხმარებლებს გავაწბილებთ. კომპიუტერული აპარატები რთული რამეა. ჩვენ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია ვართ”.

“ჯეფი კი ამბობს: “მზად ვარ, ვაღიარო, რომ ეს ყველაფერი მოხდება და მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი კომპანიისთვის სწორი ხედვა ისაა, მართლა კარგად თუ შევძლებთ კომპიუტერული აპარატის შექმნას, ჰოდა, უნდა დავიწყოთ სწავლა”. ჰოდა, დაიწყეს. Kindle-ი Amazon-ში რომანტიზებული პროდუქტია – იმიტომ, რომ კომპიუტერულ აპარატებში გარღვევას წარმოადგენს და იმიტომაც, რომ კომპანიის ფესვებს – წიგნებს – ეხმიანება. თუმცა მას კომპანია არ გარდაუქმნია და თანაც წარუმატებული აპარატები მოჰყვა, მაგალითად, კატასტროფული ჭკვიანი ტელეფონი Fire-ი. მაგრამ ბეზოსის გადაწყვეტილებამ, რაღაც მომენტში, შედეგად ჭკვიანი დინამიკები, Amazon Echo-ც გამოიღო – თამაშის წესების ჭეშმარიტი შემცვლელი.

“დღეს უკვე კომპიუტერულ აპარატებში დიდი გამოცდილება დავაგროვეთ, თუმცა მაშინ მსგავსი უნარები არ გვქონდა, – ამბობს ბეზოსი და იცინის. – მომთმენი უნდა იყო. უნარის ასათვისებლად მხოლოდ დრო არ კმარა. დრო იმისთვისაც გჭირდება, რომ პროდუქტი რეალურად ააყვავო”. სხვა სიტყვებით, თუ დაეუფლებით უნარებს, რომელთაც ამჟამად Amazon-ი ეუფლება, მშვენიერი წარმოდგენა გექნებათ იმაზე, თუ რას გაყიდის ის ახლო მომავალში.

ამჟამად კი ბეზოსი ჯანდაცვას სწავლობს. ეს ამერიკის უდიდესი ინდუსტრიაა, რომელზეც მშპ-ის 18% მოდის, და ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტიანიც. გასულ წელს ბეზოსმა, ბაფეტმა და JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა განაცხადეს, რომ მათი კომპანიები ძალისხმევას გააერთიანებდნენ და მაღალპროფილიან აღმასრულებელ დირექტორს, ატულ გავანდის დაიქირავებდნენ არაკომერციული ორგანიზაციის სამართავად, რომლითაც საკუთარი თანამშრომლებისთვის უფრო იაფ, უფრო ხარისხიან ჯანდაცვას უზრუნველყოფდნენ, – ორგანიზაციისა, რომლის ძირითადი იდეა მოქნილი, მზარდ მასშტაბებთან ადაპტირებადი და კლონირებადი მოდელის შექმნაში მდგომარეობდა. ეს პატარა ამბავი როდია: ამ სამ კომპანიაში 1.2 მილიონი ადამიანია დასაქმებული. დაამატეთ ამას მათზე დამოკიდებული პირები და ინიციატივა საპილოტე პროექტს დაემსგავსება ყველასათვის ორეგონსა თუ კონექტიკუტში.

Amazon-ის ამ განზრახვებს ბეზოსი თავდაჯერებით ეკიდება. “როგორც მოგეხსენებათ, ეს არაკომერციული ინიციატივაა. ეს სრულიად განსხვავებული რამაა”, – გვაწყვეტინებს სიტყვას, ვიდრე კითხვას სრულყოფილად დავსვამდეთ. ამ დამოკიდებულებას ბაფეტიც იზიარებს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ამიხსნა: “განცხადების გაკეთების შემდეგ ხალხი ზღვასავით მოგვაწყდა, ჩვენც ჩაგვრთეთ საქმეშიო, ჩვენ კი ვუთხარით, რომ ეს არ იყო საჭირო – მოგვპარეთ ყველაფერი, თუ რამე გამოგვივა-მეთქი”. საკვანძო სწორედ ეს “თუ რამე გამოგვივა” არის. “ზღვაში გასული კოლუმბის არ იყოს, ჩვენც არ ვიცით ზუსტად, სად ჯანდაბაში მივდივართ, – დაამატა ბაფეტმა. – თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ახალი კონტინენტი დაგვხვდება და რაღაც მომენტში არ გავქრებით”.

მაგრამ დედამიწის მიღმა რომც გაცურონ, ბეზოსი გაიმარჯვებს იმის გათვალისწინებით, რომ Amazon-ი საკუთარ უნარებს სულ უფრო ხვეწს – უნარებს, რომლებიც შიდა ეკონომიკის დაახლოებით მეხუთედზეა პასუხისმგებელი. მაშინ, როცა ბაფეტსა და დაიმონთან ერთად შექმნილი ნებისმიერი ინოვაცია “მაინც ამ არაკომერციული ორგანიზაციის ნაწილი იქნება, – ამბობს ბეზოსი, – თითოეულ კომპანიას შეუძლია, საკუთარ ინიციატივებს მისდიოს”. ბეზოსი საქმეს უკვე შეუდგა. ივნისში Amazon-ი თითქმის $1 მილიარდის გადახდას დასთანხმდა PillPack-ში – სტარტაპში, რომელსაც ადგილზე მიაქვს რეცეპტიანი წამლების წინასწარ დაფასოებული დღიური დოზა. Amazon-ს აქ ხომ ბადალი არ ჰყავს: ვგულისხმობთ შეკვეთათა მიღებას, პროდუქტის შეფუთვასა და ადგილზე მიტანას, მომხმარებელზე მორგებას და საიმედოობას. ესეც კიდევ ერთი ჩაყოფილი თითი ჯანდაცვის ცხელ წყალში.

ბეზოსი სარეკლამო სკოლაშიც დადის. Amazon-ის უახლესმა კვარტალურმა მაჩვენებლებმა ერთ გასაოცარ ციფრს ახადეს ფარდა: კომპანია, სარეკლამო შემოსავლების სახით, $8 მილიარდის გადაჭარბების გზას ადგას, რაც, უხეში გამოანგარიშებით, წინა წლის ჯამური მაჩვენებლის გაორმაგებას ნიშნავს. და რატომაც არა? Google-მა შესაძლოა, იცოდეს, რისი ყიდვით ხართ დაინტერესებული, Facebook-ს, შესაძლოა, ჰქონდეს საშუალება, დაასკვნას, რისი ყიდვისკენ ხართ მიდრეკილი, მაგრამ Amazon-მა იცის, რა იყიდეთ რეალურად და ისიც კი იცის, გქონდათ თუ არა ყიდვის განზრახვა.

ეს ათასგვარ საკითხს წამოჭრის. ბეზოსი მგზნებარედ ლაპარაკობს სამომხმარებლო ჟინზე, მაგრამ ცოტაა ისეთი მომხმარებელი, ვისაც კიდევ უფრო მეტი რეკლამა სჭირდება. ბეზოსის თქმით, ნდობა, რომელიც Amazon-მა თავისი მომხმარებლების თვალში მოიპოვა, იმის გარანტია იქნება, რომ კომპანია წითელ ხაზს არ გადაკვეთს, ხოლო მომხმარებლები, თავის მხრივ, ეჭვს მის სასარგებლოდ გადახრიან. “ეს [ნდობა] ძალიან ღირებულია და არაფერს გაგაკეთებინებს ისეთს, მას საფრთხე რომ შეუქმნა, – ამბობს ბეზოსი. – სწორედ ეს გაძლევს ბიზნესის გაფართოების საშუალებას”. თუ ბეზოსი შეძლებს ამ ბეწვის ხიდზე სიარულს, მაშინ იოლი წარმოსადგენია, როგორ შეემატება მესამე მსხვილი მოთამაშე Facebook-Google-ის “დუოპოლიას”. 

როცა სიეტლის ცათამბჯენებსშორის დადიხარ, ყველაზე საინტერესო შენობა Amazon-ის კარმიდამოში (და აქ ბოდიში უნდა მოვუხადოთ იმ არაჩვეულებრივ ახალ ბიოსფეროს, რომელიც ერთგვარად თანამშრომელთა განტვირთვისთვის შეიქმნა) საჭმლის მაღაზიაა, Day 1 Tower-ის ქვედა სართულიდან რომ იზნიქება. Amazon-მა Whole Foods-ი შარშან $13 მილიარდად შეისყიდა, თუმცა ეს მისი მეორე შთამბეჭდავი სასურსათო ინიციატივაა; პირველი Amazon Go გახლავთ – 1,800 კვადრატული ფუტის ექსპერიმენტი შეუფერხებლად შეძენილ ფიზიკურ ქონებას შორის, რომელიც იანვარში გაიხსნა.

საკვების მაღაზია Go, შესაძლოა, ყველაზე Amazon-ური რამ იყოს Amazon-ში. ბეზოსი სულ ხაზს უსვამს დამზოგველობის მნიშვნელობას, ჰოდა, აქ მისი თანამშრომლები (და სიეტლის ცოტაოდენი მცხოვრებელი და ტურისტი) ლანჩს ყიდულობენ – Amazon-ისგან, რითაც, ამავე დროს, კომპანიას უამრავი მონაცემით ამარაგებენ, რომ მერე ამ უკანასკნელმა კიდევ უფრო დახვეწოს თავისი უნარები. რაც უფრო მნიშვნელოვანია, Go წარმოადგენს ნიმუშს იმისა, თუ რა არის შესაძლებელი, როცა Amazon-ის ურიცხვი ოპერაცია ერთად იყრის თავს. Go სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ცოდნას აერთიანებს: Whole Foods-ში გაკეთებული შესყიდვებიდან; Amazon-ის მზარდად კომპლექსური ალგორითმული და აპარატული შესაძლებლობებიდან, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი, კამერა თუ სენსორული ტექნოლოგიები, რომელთაც, ერთობლივად, შეუძლიათ, დაასკვნან, ვინ და რა პროდუქტს იღებს თაროდან (ან აბრუნებს უკან); და Amazon Pay-დან, რომელიც – საკმარისია, კომპანიის აპლიკაციამ შეტანილი ინფორმაცია დაარეგისტრიროს – უხარვეზოდ ართმევს თავს ტრანზაქციას. შოკოლადის რძის ყიდვა აქ ლამის მის მოპარვას ჰგავს – არავითარი რიგები, არავითარი პროდუქტის სკანირება თუ ბარათის გატარება. თუ ჯანდაცვა და სარეკლამო სფერო სერიოზული ექსპანსიური ვერტიკალებია Amazon-ის დე ფაქტო ვერტიკალურ კამპუსში, Go თავს უყრის იმას, რაც ჰორიზონტალურადაა შესაძლებელი იმ პირობებში, როცა Amazon-ი ყველა ერთეულის კომბინირებას ახდენს.

ამ ყველაფრის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის Prime-ი. თავისი არსით, ის მარკეტინგული ინსტრუმენტია – გზა, წაახალისო ყიდვა (და გამოწერებიდან სტაბილური შემოსავალი მიიღო, მაგალითად, $10 მილიარდი 2017 წელს) ისევე, როგორც ამას Costco-სა და BJ’s Wholesale-ის მსგავსი მაღაზია-საწყობები აკეთებენ. მაგრამ ზრდის კვალდაკვალ, ის 100 მილიონზე მეტ გამომწერს ბონუსებითა და პრივილეგიებით ათამამებს. ეს ბონუსები კი, თავის მხრივ, უთვალავ ახალ მომიჯნავე და ბიზნესხაზებს ქმნიან. Prime-ი გასაგებს ხდის, რატომაც დაიწყო Amazon-მა Netflix-ის ტერიტორიაზე შეჭრა და რატომ აპირებს წელს $5 მილიარდის დახარჯვას პროგრამებზე, მათ შორის, ერთობ რეკლამირებულ “საოცარ მისის მეიზელზე”. სულ რაღაც სამ წელიწადში “Prime Day” – საგანგებო შეთავაზებებით დახუნძლული ყოველწლიური 36 საათი მხოლოდ წევრებისათვის (ამ ივლისს მონაწილეებმა 100 მილიონზე მეტ პროდუქტში მილიარდები დახარჯეს) – შოპინგ-არდადეგებად იქცა, თანაც იმგვარი ციებ-ცხელება ახლავს, მხოლოდ შავი პარასკევი და ე.წ. კიბერ-ორშაბათი თუ გაეჯიბრება. სწორედ Prime-თან წვდომაა მიზეზი, რის გამოც Amazon-ი თავის გარე მოვაჭრეებს “აიძულებს”, მეტი გადაიხადონ Fulfillment by Amazon-ისთვის.

Prime-ი Amazon-ის ფიზიკურ საკუთრებათა სტრატეგიასაც უმყარებს ზურგს. Prime-ის ადგილზე იმავე დღეს მიტანისა და საქონლის იმავე დღეს მოგროვების პრაქტიკა მეტ ფიზიკურ ფრონტის ხაზს საჭიროებს, რაც, თავის მხრივ, ერთგვარ გარანტიას იძლევა, ფინანსური მხარდამჭერი იყოს გაფართოებისა იმ ათასი ჯურის სფეროში, Amazon-ი რომ ისე ვერასდროს მოუძებნიდა რაციონალურ ახსნას, მაგალითად, საკვების სფეროში – მალფუჭებად პროდუქტში, რომელიც Amazon-ის კლასიკურ მოდელში ვერ ეწერება. წიგნის მაღაზიათა მკვლელის როლში გატარებული წლების შემდეგ, კომპანიას დღეს Amazon Books-ის 16 მუდმივი ობიექტი აქვს 11 შტატში, ამას წინათ კი მეორე Go გახსნა სიეტლში. “მათ რაღაც ისეთი უნდა ჰქონდეთ, რაც განსაკუთრებულია და ახალი, – ამბობს ბეზოსი,–- და თუ ყურადღებით აკვირდებით ჩვენს ფიზიკური მაღაზიების სტრატეგიას, მიხვდებით, რომ სწორედ ასეთ რამესთან გვაქვს საქმე”.

მოკლედ, Prime-ი Amazon-ის ცენტრალურ ნერვულ სისტემად იქცა, რომელიც კომპანიაში ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს და Amazon-ს ახალ ბაზრებში გაფართოებისკენ მიმავალ გზას უკაფავს ისე, რომ მის მთავარ სავაჭრო ბიზნესსაც ასტიმულირებს, პარალელურად კი მთლად ცალკე მდგომი რამ არ არის. “ბოლომდე დამოუკიდებელი ბიზნესი ვერ გახდება, იმიტომ რომ მთლიანად ჩვენს სამომხმარებლო შეთავაზებებზეა მიბმული”, – ამბობს ბეზოსი.

მსგავსადვე, როგორც Go-ს შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მზარდად დააკავშირებს იმ ერთეულებს, რაც აქამდე პროდუქტთა ცალკეულ ხაზებად აღიქმებოდა, cloud-ით დაწყებული, ვაჭრობით დამთავრებული. ავიღოთ, მაგალითად, სუპერწარმატებული Echo, რომელმაც ჯეფ ვილკის ეგზისტენციური შეკითხვა – Amazon-ი კომპიუტერული აპარატების კომპანიია თუ პროგრამული უზრუნველყოფისო – საკამათოდ აქცია. Echo ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ეფექტიანი კომპიუტერული აპარატია, რომელიც Amazon-ის სავაჭრო გაყიდვებს ასტიმულირებს, მაქსიმალურ გამოყენებას უძებნის მის კონტენტს და ა.შ. “ყველაზე საინტერესო რამ მანქანურ სწავლებასთან დაკავშირებით, რომელიც მას უამრავი სხვა ტექნოლოგიისაგან განასხვავებს, ისაა, რომ საოცრად ჰორიზონტალური ხდება, – ამბობს ბეზოსი. – ვერ ნახავთ ბიზნესის, ან მთავრობის, ან ნებისმიერი რამის ვერც ერთ ცალკეულ კატეგორიას, საკუთარი თავის გაუმჯობესება რომ არ შეეძლოს”.

თვით უაღრესად გასაჯაროებული და ნაქები “HQ2” – მეორე სათავო ოფისი, რომელიც, Amazon-ის შიდა სამზარეულოში ჩახედულთა თანახმად, წლის ბოლოსთვის მზად იქნება – Amazon-ის ჰორიზონტალურ პერსპექტივებზე მეტყველებს (Forbes-ი ფსონს ვაშინგტონზე დებს, სადაც ბეზოსს უკვე აქვს ბაზა და სადაც უხვადაა ტალანტი, ლოგისტიკა და წვდომა გავლენიან პირებთან; ვირჯინიისა და მერილენდის გარეუბნის და კოლუმბიის ოლქის რჩეულთა სიაში შეტანით, ბეზოსს ისიც შეუძლია, ერთ მეტროპოლიტურ რეგიონში სამი მთავრობა ერთმანეთს შეაჯიბროს და საუკეთესო შეთანხმებასაც მიაღწიოს). გეოგრაფია, ბეზოსის თქმით, სულ უფრო არააქტუალური ხდება Amazon-ში. როცა ცალკეულ გუნდებს ერთად მუშაობა უწევთ, “გინდა, რომ ეს ორი ჯგუფი იშვიათად შეხვდნენ ერთმანეთს და მომავლის მონახაზი დადონ”. ამასთან, “თუ სწორ ორგანიზებას გაუკეთებ, – ამბობს ბეზოსი, – არ იქნება აუცილებელი, ადამიანები ერთსა და იმავე შენობაში, ან ერთსა და იმავე ქალაქში, ან, სულაც, ერთსა და იმავე დროის სარტყელში იყვნენ, რადგან სტრატეგიული გეგმის შედგენა სავსებით შესაძლებელია”.

და ჰო, სტრატეგიული გეგმა “ლამის ყველაფერია”, რაზეც ბეზოსი მუშაობს მაშინ, როცა ყოველდღიურ ბიზნესოპერაციებს დელეგირებას უკეთებს. გრძელვადიანი აზროვნება Amazon-ის საფირმო ნიშანია, ხოლო AWS-იდან წამოსული ფულადი ნაკადი ბეზოსს აძლევს იმის ფუფუნებას, სავაჭრო გიგანტი თითქმის ნულოვანი მარჟებითა და უძლეველი ეფექტიანობით მართოს და, პარალელურად, შორეულ სფეროებში აბანდოს კაპიტალი. “ძალიან იშვიათად ხდება, რომ დღევანდელმა დღემ ჩამითრიოს, – ამბობს ბეზოსი. – როგორც წესი, ორი ან სამი წლით წინ ვიყურები მუშაობისას და ჩემი მმართველი გუნდის უმეტესობაც ამგვარად მუშაობს”.

“როცა კვარტალური შემოსავლების შესახებ განცხადებები კეთდება, მეგობრები მილოცავენ, მეუბნებიან, რა კარგად გიმუშავიათ, რა მაგარი კვარტალიაო, მე კი ვპასუხობ, გმადლობთ, მაგრამ ეს კვარტალი სამი წლის წინ არის გამომცხვარი-მეთქი. ამწუთას 2021-ის კვარტალზე ვმუშაობ”.

სწორედ ეს აზროვნების მანერა აფრთხობს ათობით ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებს. “იდეები სულ მომდის. შესაძლოა, ვისხდეთ აქ რაიმე ერთი იდეით, მე კი შემიძლია, დაფა ერთ საათში 100 იდეით ავაჭრელო, – ამბობს ბეზოსი. – თუ კვირა ბრეინსტორმინგის გარეშე ჩაივლის, თანამშრომლებს ვსაყვედურობ, მოდით, დამეხმარეთ-მეთქი”. კორპორაციულო ამერიკავ, ყურადღებით იყავი: ან მიჰყავი ინოვაციას ხელი, ან არა და შენ მაგივრად ამას ჯეფ ბეზოსი გააკეთებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *