ამერიკელმა მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა საკუთარი კომპანიის, Amazon-ის კიდევ 14 მილიონი, $2.4 მილიარდის ღირებულების აქცია გაყიდა. კომპანიის აქციების გასხვისების უკანასკნელი გადაწყვეტილების შედეგად ბოლო 9 სავაჭრო დღის განმავლობაში ბეზოსმა Amazon-ის 50 მილიონი აქცია გაყიდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც $8.5 მილიარდი შეადგინა.
ელექტრონული კომერციის ამერიკული გიგანტის, Amazon-ის მიერ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანიის დამფუძნებელი 50 მილიონ აქციას 2025 წლის იანვრამდე გაყიდდა. თუმცა, როგორც ჩანს, ჯეფ ბეზოსმა აქციების გასხვისება დააჩქარა.
აქციების აღნიშნულ რამდენიმერაუნდიანი გასხვისების გეგმამდე, ბოლოს ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის აქციები 2021 წელს გაყიდა. 2022 წელს კი აქციები ფილანთროპიული მიზნებით გაასხვისა. ფინანსური ანალიტიკოსები ბეზოსის უკანასკნელ გადაწყვეტილებას გასული წლის განმავლობაში კომპანიის გაზრდილი ღირებულებით ხსნიან. ცნობისთვის, 2023 წელს Amazon-ის აქციათა ღირებულება საფონდო ბირჟაზე 76%-ით გაიზარდა.
საინტერესოა ისიც, რომ გასულ წელს ამერიკელი მილიარდერი საცხოვრებლად სიეტლიდან მაიამიში გადავიდა. შედეგად კი, მის მიერ გაყიდულ $8.5 მილიარდის ღირებულების აქციებზე გადასახადების სახით $600 მილიონზე მეტს დაზოგავს. მიზეზი ამერიკის შტატებს შორის განსხვავებული საგადასახადო სისტემაა.
სიეტლში, შტატ ვაშინგტონში, აქციების ან სხვა სახის გრძელვადიანი ინვესტიციების გაყიდვიდან $250,000-ზე მაღალი მოგება 7%-ით იბეგრება. ფლორიდას კი კაპიტალის მოგებაზე ან შემოსავალზე დაწესებული ამგვარი გადასახადი არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, ჯეფ ბეზოსს აქციების გაყიდვის გამო ფედერალური გადასახადები მაინც დაეკისრება.
შარშან ამერიკელი მილიარდერის მიერ საცხოვრებლის შეცვლას საზოგადოების ნაწილი სწორედ გადასახადებისაგან თავის არიდების სურვილს უკავშირებდა. თავად ჯეფ ბეზოსის განმარტებით, გადაწყვეტილება აღნიშნულთან კავშირში არ არის.
Forbes-ის თანახმად, ამჟამად Amazon-ის დამფუძნებლის ქონება $188.4 მილიარდს შეადგენს.