Bloomberg-ის ინფორმაციით, ქართველი მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს დამატებით $220 მილიონის მოცულობის კომპენსაციის გადახდას სთხოვს. აღნიშნული კომპენსაციის მისაღებად, ივანიშვილმა ბანკს ჟენევაში უჩივლა. ქართველი მილიარდერი თანხას ყოფილი პირადი ბანკირის მიერ თაღლითურად განხორციელებული ტრანზაქციების გამო ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სასარგებლოდ ბერმუდასა და სინგაპურის სასამართლოებმა Credit Suisse-ს $1.34 მილიარდის გადახდა დააკისრეს. კომპენსაციის მოთხოვნა კი აღნიშნული საქმეების გაგრძელებას წარმოადგენს. შვეიცარიულმა ბანკმა ბერმუდასა და სინგაპურის სასამართლოების გადაწყვეტილებები შესაბამის ინსტანციებში გაასაჩივრა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის სარჩელი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრის ლესკადრონის 2018 წელს თაღლითობის ბრალდებით გამოტანილი განაჩენის ნაწილია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლესკადრონი ივანიშვილის ანგარიშებიდან გარკვეული მოცულობის თანხას იღებდა, რათა სხვა კლიენტების პორტფელებში დანაკარგები გადაეფარა. ბიძინა ივანიშვილი კომპენსაციას სწორედ აღნიშნულ სქემაში მისი ქონების გამოყენებისთვის ითხოვს.
ივანიშვილმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ აღნიშნული სარჩელი ჟენევაში 2023 წლის იანვარში შეიტანა. შეგახსენებთ, რომ სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის $743 მილიონის გადახდა დააკისრა. მოგვიანებით კი ბერმუდას სასამართლომ კომპენსაციის სახით ივანიშვილისთვის $607 მილიონის გადახდის განკარგულება გასცა.