Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეიტსი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში პეკინში პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო წლებში ჩინეთის პრეზიდენტის უცხოელ კერძო მეწარმესთან პირისპირ შეხვედრის პირველი შემთხვევაა.
სი ძინპინმა გეიტსს უთხრა, რომ ის არის პირველი „ამერიკელი მეგობარი“, რომელიც წელს მას პეკინში შეხვდა. პრეზიდენტმა ისიც დასძინა, რომ „ადამიანებმა მეტი უნდა იმოძრაონ… და ერთმანეთის უკეთესად გაგებაზე იზრუნონ“.
ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აზიური ქვეყანა ყოველთვის „ამყარებს იმედებს ამერიკელ ხალხზე“ და აქვს სურვილი, მომავალში ორი ქვეყნის ხალხს შორის „ურყევი მეგობრობა“ გაგრძელდეს. სი ძინპინის ეს განცხადება პეკინსა და ვაშინგტონს შორის გეოპოლიტიკურ დაძაბულობას ეხმიანება.
პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის „ტექნოლოგიური ინოვაციური თანამშრომლობისთვის“ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, Covid-19 და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა.
ბილ გეიტსის განცხადებებისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. თუმცა, ცნობილია, რომ მილიარდერი პეკინში დაფუძნებულ Global Health Drug Discovery Institute-ს ეწვია და დედაქალაქის მერს შეხვდა.
გეიტსმა ინსტიტუტის მიერ შესრულებული კვლევითი სამუშაოები შეაქო და განაცხადა, რომ დაწესებულება მისი ფონდიდან მომავალი ხუთი წლის განმავლობაში 50 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ცნობისთვის, Global Health Drug Discovery Institute-ი 2016 წელს ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის, პეკინის მუნიციპალური მთავრობისა და ცინჰუის უნივერსიტეტის თანამშრომლობით დაარსდა.